შრომის რეფორმის მოლოდინში | ინტერვიუ დიმიტრი ცქიტიშვილთან

საქართველოს პარლამენტი პირველი მოსმენით შრომის კანონმდებლობასთან დაკავშირებულ საკანონმდებლო პაკეტს განიხილავს.

კანონპროექტი დამოუკიდებელი დეპუტატის, დიმიტრი ცქიტიშვილის ავტორობითაა მომზადებული. მასთან ერთად ინიციატორები არიან – სოფიო კილაძე, დავით მათიკაშვილი, თამარ ჩუგოშვილი, ირაკლი კობახიძე, რატი იონათამიშვილი და თამარ ხულორდავა.

საკანონმდებლო პაკეტი მოიცავს ცვლილებებს შრომის კოდექსში და ასევე, იქმნება კანონი შრომის ინსპექციის შესახებ.

კანონპროექტის თავდაპირველი ვერსიის შემდეგ მასში რამდენიმე პრინციპული ცვლილება შევიდა, რასაც შრომის კანონმდებლობაზე მომუშავე ორგანიზაციები, პროფკავშირები უარყოფითად აფასებენ. თუმცა, მიუხედავად შენიშვნებისა, ისინი აღნიშნავენ, რომ პროექტში მშრომელებისთვის ხელშესახები გარანტიები არსებობს. საკითხის ირგვლივ აქტიურად პოზიციონირებს ბიზნესასოციაცია. პროექტით ისინი ხედავენ რისკებს ბიზნესინტერესებისთვის და მიაჩნიათ, რომ რიგი საკითხები შესწავლასა და გათვლებს საჭიროებს.

გარკვეულ საკითხებთან დაკავშირებით კომპრომისზე წასვლა რომ მოუწია, ამას ღიად ამბობს პროექტის ავტორი დიმიტრი ცქიტიშვილი. მას მიაჩნია, რომ აღნიშნული კომპრომისები არსებითად არ აუარესებს დასაქმებულთა მდგომარეობას, და ეს პოზიციების დაახლოებისა და პარლამენტში პროექტის მხარდაჭერისთვის გადადგმული ნაბიჯი იყო.

„პუბლიკა“ მასთან საუბარს საკანონმდებლო პაკეტის ძირითად პრინციპებზე იწყებს. ინტერვიუს დროს ვისაუბრეთ ქვეყანაში შრომით უფლებებთან დაკავშირებულ პრობლემებზე, კომპრომისებზე, შენიშვნებსა და რაც მთავარია, მოლოდინებზე – აქვს თუ არა შანსი შრომის რეფორმას, რომ ასახვა ჰპოვოს კანონმდებლობაში.

ერთ-ერთ ინტერვიუში თქვენ ამბობთ, რომ ეს არის აუცილებელი რეფორმების წყება, რომლებიც შედგება 4 სვეტისგან. მოგვიყევით ამ სვეტების შესახებ.

4 ძირითადი სვეტია, მაგრამ არის კიდევ საკითხები, რომლებიც ამ სვეტებში არ ერთიანდება, მაგრამ თავისი მნიშვნელობით ძალიან საინტერესოა.

I- ანტიდისკრიმინაციული კანონმდებლობა – შრომის კოდექსში შემოდის სპეციალური თავი, ფართოვდება დისკრიმინაციის ნიშნების ჩამონათვალი, ხდება რეფერირება ანტიდისკრიმინაციულ კანონზე, სადაც კიდევ უფრო სრულია ჩამონათვალი. პლუს, შემოდის ირიბი და პირდაპირი დისკრიმინაციის ცნება, ასევე პოზიტიური დისკრიმინაცია მოწყვლადი ჯგუფების შემთხვევაში. შემოდის გონივრული მისადაგების პრინციპი შშმ პირებისთვის, თანაბარი ანაზღაურების პრინციპი და ა.შ. ეს ერთი საკმაოდ მნიშვნელოვან სიახლეთა ჯგუფია.

II – სამუშაო დროის რეგულირება – ჩვენ დღეს ასეთი მოცემულობა გვაქვს, რომ 40-საათიანი სამუშაო კვირა ახლაც მოქმედი ნორმაა, მაგრამ ასევე არსებობს სპეციფიკური სამუშაოების ჩამონათვალი, სადაც სამუშაო კვირა 48 საათია. თუმცა, იმდენად ფართოა ეს სია, რომ ფიქცია ხდება 40-საათიანი კვირა და პრაქტიკაში 48-საათიანი სამუშაო კვირა ხდება ნორმირებული. ამიტომ, ვიწყებთ ამ საკითხის რეგულირებას – 40 საათზე ზემოთ უნდა იყოს ზეგანაკვეთური სამუშაო, რაც იქნება ანაზღაურებადი, და ეს უნდა ხდებოდეს ადამიანის გაცნობიერებული თანხმობით და დამსაქმებელმა ვერ უნდა შეძლოს დასაქმებული აიძულოს და დადგენილზე მეტი ამუშაოს. ხოლო ზეგანაკვეთური უნდა აუნაზღაუროს რეალურად მომატებული ანაზღაურებით. ჩვენი პროექტით გათვალისწნებულია ზეგანაკვეთურის ანაზღაურება ნორმირებულის 125%-ით. ასევე, სამუშაო დროსთან დაკავშირებით შემოდის რეგულაცია, რომ კვირაში 1 დღე გარანტირებული დასვენების უფლება ექნება დასაქმებულს და ასევე, 6 საათის მუშაობის შემდეგ, შეეძლება მოითხოვოს შესვენება და ა.შ.

III – მესამე ნაწილს მე დავარქვი შრომითი ურთიერთობის ახალი კულტურის ჩამოყალიბების წინაპირობა. ეს არის მასობრივი დათხოვნის, საწარმოს გადაცემისა თუ ყველა სხვა შემთხვევაში, დამსაქმებელსა და დასაქმებულებს შორის კონსულტაციებისა და ინფორმაციის გაცვლის ვალდებულებები და ამის რეგლამენტირება. როგორ უნდა ესაუბროს დამსაქმებელი დასაქმებულებს, როგორ უნდა მოხდეს დასაქმებულთა წარმომადგენლობის არჩევა; რა ინფორმაციის გაცვლა უნდა მოხდეს, მედიაციის გადაწყვეტილება რომ აღსრულებადი უნდა იყოს – პროექტით ეს არის გათვალისწინებული. ანუ ეს რეგულაციები დაეხმარება ორივე მხარეს – დამსაქმებელსა და დასაქმებულს, რომ იყვნენ ორიენტირებული თანამშრომლობაზე და თავიდან აიცილონ გაფიცვები, ლოკაუტები და ა.შ.

IV – აღსრულების მექანიზმები – აღსრულების მექანიზმები მაქსიმალურად გვაქვს გათვალისწინებული კანონის ცალკეულ მუხლში. მაგ. ხელშეკრულების დადებისა და მასში გასაწერი საკითხების ჩამონათვალი, სამუშაო დროისა და ზეგანაკვეთური შრომის აღრიცხვის წარმოება, პლუს სანქციების მექანიზმები და შრომის ინსპექციის ფორმირება. დარღვევებზე სანქციების ოდენობა არის 200-დან 1 000-ლარამდე, გამომდინარე კომპანიის სიდიდიდან და დარღვევის შინაარსიდან, ზოგ შემთხვევაში ეს არის ორმაგი ან სამმაგი ოდენობით და სხვა.

არის კიდევ ერთი საკითხი, რომელიც არცერთ სვეტში არ გადის, თუმცა არის ძალიან მნიშვნელოვანი. ეს არის სტაჟირების საკითხი. შრომის კოდექსში გავაჩინეთ სტაჟიორის ცნება. შევზღუდეთ ვადები, რომ ადამიანი განუსაზღვრელი ვადით არ იყოს სტაჟიორი. მათთვის ხელშეკრულებაც უნდა გაიწეროს, ფუნქციები წინასწარ უნდა იცოდეს. რომ შემოგვეტანა ანაზღაურებადი სტაჟირება, შესაძლოა, განახევრებულიყო კიდეც სტაჟირების შესაძლებლობები, ამიტომაც ამ ეტაპზე ამაზე ვამბობთ უარს, მაგრამ თუ ადამიანი უხელფასოდ მუშაობს, მას იმის განცდა მაინც უნდა ჰქონდეს, რომ 6 თვის ვადაში ის მიიღებს კომპეტენციას, გამოცდილებასა და დამატებით ცოდნას. თუ ამას ვერ იღებს, მაშინ ეს უკვე ექსპლუატაციაა და ეს უკვე არ არის ნორმალური.

ასევე, შრომის ინსპექცია, რომელიც უნდა იყოს დამოუკიდებელი, ძლიერი ინსტიტუტი, რომელიც იქნება ჯანდაცვის სამინისტროს დაქვემდებარების ქვეშ, როგორც სსიპ-ი, მაგრამ მას ექნება ძალიან დიდი ავტონომიური საქმიანობის შესაძლებლობა – გამოკითხვის, დაბარების, ინფორმაციის/მტკიცებულებების შეგროვების, სხვა უწყებებთან კოორდინაციისა და თანამშრომლობის სისტემები.

შრომის ინსპექციას დაშვება ექნება ნებისმიერ საწარმოში ( საჯარო იქნება ეს თუ კერძო), სამუშაო სივრცეში – ყველგან, სადაც შრომითი ურთიერთობებია, დღისა და ღამის ნებისმიერ მონაკვეთში. კერძო სივრცეში (მაგალითად, სახლი, რომელიც არ არის ტიპური სამუშაო ადგილი) შესვლის უფლებაც ექნებათ, მაგრამ ამ შემთხვევაში სასამართლოს ნებართვის საფუძველზე, როდესაც არსებობს გონივრული საფუძველი იძულებითი შრომისა და შრომითი ექსპლუატაციის შესახებ.

პროექტი ასევე ითვალისწინებს იმას, რომ შრომის ინსპექციის მანდატს ემატება შრომის უფლებების მონიტორინგიც, რაც წლების განმავლობაში იყო კიდეც სამოქალაქო საზოგადოების მოთხოვნა. იქნებ განგვიმარტოთ, ამ ცვლილებების ამოქმედების შემთხვევაში დასაქმებული რა დამატებით ბერკეტს მიიღებს?

ეს არის ერთ-ერთი ფუნდამენტური საკითხი. ვინაიდან შრომის ინსპექცია ვერასდროს ვერ გახდება იმხელა, რომ ყველა და ყველაფერი შეამოწმოს, ის თავისი არსით უნდა იყოს მთავარი პრევენციული მექანიზმი. რას ნიშნავს ეს – შრომის ინსპექციას, თუ მას აქვს ნებისმიერ დროს გაუფრთხილებად, სხვა სტრუქტურებისგან წინასწარი თანხმობის გარეშე, უფლება, შევიდეს ნებისმიერ საწარმოში, ეს ქმნის სინდრომს, რომ თითოეული საწარმო ყოველთვის უნდა იყოს მზად ინსპექციის შესვლისთვის, ეს არის პრევენციის მთავარი მექანიზმი.

მეორე მექანიზმი კი არის ის, რომ თითოეულ დასაქმებულს უნდა ჰქონდეს იმედი, რომ თუ მისი უფლება დაირღვევა, მხოლოდ სასამართლოს მეშვეობით არ მოუწევს თავისი უფლებების დაცვა, რაც არის ძალიან გრძელი და რთული გზა, და თითქმის არცერთი შემთხვევა არ არსებობს, როცა მოქმედი თანამშრომელი, მოქმედ დამსაქმებელს უჩივის სასამართლოში. დასაქმებულს კი შეეძლება აიღოს ყურმილი და ინსპექცია გამოიძახოს. ამის გამო შიში გაუჩნდება დამსაქმელებს, ან რიდი მაინც, რომ არ დაარღვიოს შრომის უფლებები, ვინაიდან იარსებებს სახელმწიფო ინსტიტუცია, რომელიც დაუყონებლივ მოვა და ექნება უფლება, იქვე დაადგინოს დარღვევა, დააჯარიმოს დამსაქმებელი, მოსთხოვოს გამოსწორება, და თუ არ გამოასწორებს, კიდევ დააჯარიმოს განმეორების შემთხვევაში და საბოლოო ჯამში, შეუჩეროს კიდეც საქმიანობის უფლება გარკვეული ვადით.

იქნებ მკითხველისთვის განვმარტოთ, რა იგულისხმება შრომის უფლებებში და რა შემთხვევაში შეეძლებათ მათ, ჰქონდეთ შრომის ინსპექციის იმედი?

ეს იქნება დისკრიმინაცია, შევიწროება, შრომის ნორმების დარღვევა, შრომითი ხელშეკრულების დარღვევა, სამუშაო საათებისა თუ ა.შ. ანუ ყველაფერი ის, რასაც ითვალისწინებს შრომის კოდექსი. ამ ყველაფრის გამო დასაქმებულს შეუძლია, რომ მიმართოს შრომის ინსპექციას. როცა ამბობენ, რომ ჩვენი შრომის უფლებები ირღვევა, მოგვხედეთო, სახელმწიფოს დღეს არ აქვს არანაირი ბერკეტი/ შემოწმების შესაძლებლობა, თუ არ ხდება სისხლის სამართლის დანაშაული.

დღევანდელი პარადოქსული ვითარებაა ის, რომ, შრომის ინსპექცია რომ მივიდეს რომელიღაც საწარმოში და იქ შეამოწმოს შრომის უსაფრთხოება – აღჭურვილობა, დანადგარები და ა.შ. და დაინახოს, რომ იქ ასევე ირღვევა შრომის უფლებები, უნდა გამოვიდეს გარეთ. პარადოქსულია. შრომის ინსპექცია ვერ ამოწმებს და ვერ ეხმარება ადამიანს, რომელსაც შეუძლია, რომ მარტივად გადაუწყვიტოს პრობლემა.

ერთადერთი, რასაც ინსპექცია ვერ შემოაწმებს, ეს არის სამსახურიდან გათავისუფლების კანონიერების საკითხი. გათავისუფლება არის თუ არა კანონიერი, ამას ადგენს უკვე სასამართლო. ეს სპეციფიკური საკითხია, და კანონიერების შესახებ მხოლოდ სასამართლომ უნდა იმსჯელოს.

გათავისუფლების საკითხი ახსენეთ – ეს პროექტი კრიტიკისა და შენიშვნის ადრესატი გახდა იმის გამოც, რომ სამსახურიდან გათავისუფლების ერთ-ერთ საფუძვლად პროექტი ითვალისწინებს „სხვა ობიექტურ გარემოებებს“, რაც არასამთავრობო ორგანიზაციების თქმით, შესაძლოა გახდეს დამსაქმებლების მხრიდან ფართო ინტერპრეტაციის საგანი. რა პასუხი გაქვთ ამ შენიშვნაზე?

ამაზე გვქონდა ჩვენ კონსულტაციები პრაქტიკოს მოსამართლეებთან. მათი თქმით, თუ დამსაქმებელს უნდა დასაქმებულის გათავისუფლება, რომელიმე სხვა მიზეზითაც მოახერხებს ამას. მაგალითად, გამოაცხადებს რეოგრანიზაციას; იტყვის, რომ ეკონომიკური მდგომარეობა აღარ უწყობს ხელს და შემცირებას იწყებს ან სხვა რამეს. ეს ნაწილი ცოტათი დაზღვეული კი გვაქვს, მაგრამ მაინც შეუძლია, რომ უკანონო გათავისუფლების აქტი გამოსცეს, რასაც სასამართლო ძალიან მარტივად გააბათილებს.

თუმცა ჩვენ ჩავწერეთ პროექტში, რომ სხვა ობიექტური გარემოებებიც უნდა განიმარტოს, დამსაქმებელს მოუწევს, რომ გათავისუფლებისას იფიქროს ამაზე და არა მხოლოდ სასამართლოში, ანუ ყველა შემთხვევაში განმარტებები უნდა გააკეთოს და დაასაბუთოს.

შესაბამისად, „სხვა ობიექტური გარემოებების“ ამოღება ან დატოვება დიდად არ ცვლიდა დასაქმებულების მდგომარეობას, ვინაიდან ყველა შემთხვევაში უკანონო გათავისუფლების აქტი, თუ ასეთი რამ მოხდება, სასამართლომდე მივა და მის ობიექტურობას სასამართლო დაადგენს. ამიტომაც ჩავთვალეთ, რომ ეს კომპრომისიც დასაშვები იყო. და ვიფიქრეთ, რომ შეიძლებოდა არ დაზიანებულიყო დასაქმებულთა ინტერესები.

აქვე უნდა გკითხოთ მინიმალურ ხელფასზე. ინიცირებული ვარიანტში გეწერათ, რომ  შრომის ანაზღაურების ოდენობა არ შეიძლება იყოს მინიმალურ ხელფასზე ნაკლები და იქვე ჩნდებოდა ვალდებულება, რომ მთავრობას უნდა შეემუშავებინა შესაბამისი საკანონმდებლო აქტები და პროექტით პარლამენტისთვის მიემართა. საკომიტეტო განხილვაზე როგორც ახსენეთ, მინიმალურ ხელფასთან დაკავშირებით ჩანაწერიც აღარ იქნება პროექტში. რატომ?

რატომ და მე სიმართლე გითხრათ, არგუმენტი ბოლომდე ვერ გავიგე. მთავრობის მოთხოვნა იყო, რომ იმისთვის, რომ ჩვენ მხარი დავუჭიროთ, ეს საკითხი არ უნდა იყოს, ეს იქნება მძიმე ტვირთიო. არგუმენტი არ მესმის, ჩვენი პროექტის მიხედვით განსაკუთრებული ისედაც არაფერი დგინდებოდა.

ბიზნესის ძირითადი ნაწილისთვის,  ეს პრობლემა არ იყო, ვინაიდან არცერთ სოლიდურ ბიზნესს არ აქვს პრობლემა, რადგან ყველას აქვს შესაძლებლობა, შესაძლო მინიმალურ ხელფასზე მაღალი ხელფასები ჰქონდეს. ანუ მინიმალურ ხელფასს როცა ვამბობთ, საუკეთესო შემთხვევაში შეიძლება 350-500 ლარი დაგვედგინა. ანუ ქვეყანაში საშუალო ხელფასის 35-50%-ის ოდენობით, 500 ლარი პრინციპში მაინც დაბალი ხელფასია.

ანუ რეალურად ადამიანებს, რომლებსაც დღეს უჭირთ, მინიმალური ხელფასის ის ჩანაწერი, რომელიც გვქონდა, შვებას ბევრად არ აძლევს. ანუ ფუნდამენტურ ცვლილებებს ეს ჩანაწერი ისედაც არ იწვევდა.

თუმცა მთავრობა მაინც წინააღმდეგია.

მთავრობის ნაწილი ალბათ უფრო საჯარო სექტორში – თვითმართველობებში [დასაქმებულების გამო აცხადებს ამას]. ბოლომდე დათვლილი არ არის, რამდენი იქნება, მაგრამ ალბათ მაგ ნაწილიდან გამომდინარე [იყვნენ წინააღმდეგნი]. ვერ გეტყვით.

მაგრამ მე ვფიქრობ, რომ მინიმალური ხელფასი მნიშვნელოვანია ცალსახად, მაგრამ უფრო მნიშვნელოვანია, რამდენად გავაძლიერებთ ჩვენ შრომით კოლექტივებს სამუშაო ადგილებზე. მე ვფიქრობ, რომ დარგების, პროფკავშირების ან ასოციაციების გაძლიერება უფრო მნიშვნელოვანია, იმიტომ, რომ კოლექტიური მოლაპარაკების შესაძლებლობები უფრო მეტ ძალას ჰმატებს დასაქმებულებს, ვიდრე ინდივიდუალური. რაც უფრო გავაძლიერებთ კონსულტაციისა და თანამშრომლობის კომპონენტს, მით მეტი ხელფასის მოპოვებას შეძლებენ ისინი დროთა განმავლობაში. ანუ თუ ჩვენ გავაძლიერებთ მაგ მხარეს, ყოველთვის შეგვეძლება, რომ კარგ ხელფასზე მოლაპარაკების შესაძლებლობა ჰქონდეთ. მინიმალური ხელფასი მაინც ყოველთვის დაბალი იქნება ღირსეულ ხელფასთან შედარებით.

თქვენი პოზიცია როგორია სოლიდარულ გაფიცვასთან დაკავშირებით – ამ პროექტით, დასაქმებულებს კვლავ არ ენიჭებათ სოლიდარული გაფიცვის უფლება, რასაც მშრომელთა გაძლიერებისა და უფლებებისთვის ბრძოლის კუთხით მნიშვნელოვან  ინსტრუმენტად აფასებენ.

სოლიდარული გაფიცვის საკითხზე ყველაზე ცხარე კამათი იყო მრგვალი მაგიდის პირობებში. ერთი მხრივ, ჩვენ გვესმის, რომ სოლიდარული გაფიცვა ეს არის ერთ-ერთი ყველაზე საინტერესო პრეცედენტი, თუმცა, მეორე მხრივ, ბიზნესასოციაციის მხრიდან ჩაითვალა, რომ ეს შეიძლება იყოს გაფიცვების ხელოვნური სტიმულირება. საქართველოში ისედაც არის გაფიცვების ტენდენცია – გასაგები მიზეზების გამო – შრომის სტანდარტები არ არის. სოლიდარული გაფიცვის მთავარი პრინციპი რა არის – როდესაც ვიღაც სოლიდარულად იფიცება, ის არ არის უკანონოდ გაფიცული. ეს არის მძიმე სოციალური აფეთქება და ხელისუფლებამ კიდევ უფრო მძიმე შედეგები შეიძლება მიიღოს.

ჩავთვალეთ, რომ ამ ეტაპისთვის შეიძლება არ იყოს აუცილებლობა კანონში ამის გაწერის, რადგან, თუ სოციალური აფეთქება მოხდა და სოლიდარული გაფიცვა იწყება, ამაზე ვერც დასაქმებულები და ვერც მთავრობა ხისტ რეაგირებას ვერ მოახდენს და მოუწევს დათმობებზე წასვლა, ისე როგორც ეს ცოტა ხნის წინ მოხდა ჭიათურაში. ჩავთვალე, რომ ეს იყო ისეთი კომპრომისი, რომელსაც შეიძლებოდა დიდად არ დაეზიანებინა მშრომელთა ინტერესები. ვინაიდან გარკვეულწილად ვამარტივებთ პროფესიული კავშირების შექმნის პროცედურებს, მინიმალური ზღვარი იყო 50 და 25-მდე დავწიეთ. ამით შესაძლებელი ხდება გარკვეული პროფკავშირული ერთეულების შექმნის, მათ მანდატებს ვაძლიერებთ, არჩევის უფლების გარანტიებს ვაძლევთ, ვდებთ მედიაციის აღსრულების გარანტიებს და ბევრი ისეთი ნაბიჯი იდგმება, რომ წესით, თუ დამსაქმებელს ჭკუა აქვს, აქამდე არ უნდა მიიყვანოს საქმე.

მინდოდა მეკითხა ადმინისტრაციული სახდელის შესახებაც. შენიშვნა ამ კუთხითაც გამოითქვა, რომ არ არის მითითებული, ვთქვათ, რა შემთხვევებში რომელი ადმინისტრაციული სახდელი უნდა იყოს გამოყენებული, რა შემთხვევაში შეიძლება ინსპექტორმა გამოიყენოს ჯარიმა და არა, გაფრთხილება. უფრო მეტი სიცხადე რომ ყოფილიყო ადმინისტრაციული სახდელების გამოყენების კუთხით, ამაზე რას იტყვით?

მე მგონია, რომ ეს უფრო ადმინისტრირების ნაწილია და ამ შემთხვევაში ეს თვითონ შიდა სტრატეგიებით უნდა დადგინდეს, რადგან ჩვენ შრომის უსაფრთხოების შესახებ კანონში გვაქვს ჯერ გაფრთხილება და შემდეგ ჯარიმა და ძალიან ბევრმა კომპანიამ რა ქნა, იცით? სანამ არ მოვლენ და გაფრთხილებას არ მეტყვიან, სტანდარტებს არ დავნერგავო. პირველ ჯერზე გაგვაფრთხილონ და შემდეგ რაზეც გაგვაფრთხილებენ, იმის მიხედვით დავნერგავთ წესებსო. ეს არის კანონის არასწორი ინტერპრეტაცია. შესაბამისად, აქაც ეს რომ არ მოხდეს – რომ დავარღვევ, სანამ არ გაგვაფრთხილებენ – გამოდის, რომ  არავინ არ დაიცავს, სანამ პირველ გაფრთხილებას არ მიიღებს.

ამიტომ, თუ ინსპექტორი ჩათვლის, რომ არის მასობრივი დარღვევა, დააჯარიმებს, თუ არადა, თუ იქნება შემთხვევითი დარღვევა ან გადაცდომა, გაფრთხილებით შემოიფარგლება და გამოასწორებენ.

ანუ დისკრეციას ვუტოვებთ შრომის ინსპექციას, კონკრეტული სიტუაციიდან გამომდინარე განსაზღვროს ადეკვატური სახდელი. ამასთან, შრომის უფლებების დაცვაში სანქციების მოცულობა იმდენად მნიშვნელოვანი არ არის, რამდენადაც მისვლა, შემოწმება, მითითება და გამოსწორება.

ის, რომ ზეგანაკვეთური სამუშაოს ზედა ზღვარიც არ არის განსაზღვრული პროექტში, ამ კომპრომისზე რა არგუმენტით წახვედით?

დავინახე, რომ არც დასაქმებულებს მოსწონთ ეს გარკვეულწილად,  და არც დამსაქმებლებს. იმიტომ, რომ დასაქმებულები გაჭირვებული მდგომარეობის გამო ცდილობენ, რომ რამდენიმე სამსახურში იმუშაონ და მხოლოდ გადაჭარბებული სამუშაოს საფუძველზე აგროვებენ ხელფასს და თუ ამას შევუზღუდავდით, შეიძლებოდა ავტომატურად შემცირებულიყო მათი შემოსავალი, რაც ძალიან მძიმე იქნებოდა მათთვის. და, მეორე მხრივ, ვიცოდი, რომ ბიზნესიდანაც ასეთი წინააღმდეგობა მოდის და დავინახე, რომ აქ შესაძლებელია, გადაიკვეთოს ორივე ჯგუფის ინტერესი.

იდეაში, მინდა ოდესმე ის სტანდარტი დადგინდეს, რომ 48 საათში ადამიანი აიღებს ღირსეულ ხელფასს და პირად ცხოვრებასა და სამსახურს შორის ბალანსი ექნება დაცული.

ეს არის ჩემთვის იდეალური მიდგომა. დღეს, სამწუხაროდ, თვითონ დასაქმებულებიც კი მზად არიან, რომ უფრო მეტი იმუშაონ საკუთარი პირადი ცხოვრების ხარჯზე, იმისთვის, რომ ოდნავ გაიუმჯობესონ ცხოვრების პირობები. ეს მძიმე ეკონომიკური მდგომარეობის ბრალია.

ვიღაცებმა დაწერეს , რომ „დიდი ბიზნესის ლობი ვარ“; ვიღაცებმა კი თქვეს, რომ ძალიან მემარცხენე და რევოლუციური ცვლილებებია. არანაირად. ეს არის ის, რაც დღეს მაქსიმალურად შეიძლებოდა გაკეთებულიყო, ის რაც შეიძლებოდა მიღებული ყოფილიყო და რისი დანერგვაც შესაძლებელია. თუმცა მე ვფიქრობ, რომ დროთა განმავლობაში ჩვენ უფრო მაღალი სტანდარტების დანერგვა დაგვჭირდება, თუმცა ამისთვის უნდა მოვემზადოთ. ეს საბაზისო თუ არ შევქმენით, ამაზე მაღალი სტანდარტების ადმინისტრირებას ვერ მოვახერხებთ. ამას თუ შევქმნით, მერე წავალთ წინ.

მიგაჩნიათ, რომ ეს არის საბაზისო ცვლილებები?

ეს არის აუცილებელი მინიმუმი, იმიტომ, რომ 21-ე საუკუნეში იმაზე ვსაუბრობდეთ, რომ 48 საათზე მეტი იმუშაოს ადამიანმა?! მე-20 საუკუნის დასაწყისში ჩამოყალიბდა კონსენსუსი, რომ 40 საათი არის ადამიანის ჯანმრთელობისთვის და ადამიანის მდგომარეობისთვის ნორმალური, 48 საათი კი არის მაქსიმუმი და ჩვენ დღეს ვსაუბრობთ უფრო მეტზე. მაგრამ დღეს ჩვენი ეკონომიკური განვითარების გათვალისწინებით, სამწუხაროდ, ასეთი კომპრომისების გაკეთება გვიწევს, როგორც ეკონომიკური ინტერესებიდან, ასევე დასაქმებულის ინტერესებიდან გამომდინარე და ეს მოცემულობა, რა თქმა უნდა, არ მომწონს და მინდა, რომ სხვა ეკონომიკური პოლიტიკა იყოს დასაქმებასთან დაკავშირებით.

გადავიდეთ უშუალოდ თქვენს მოლოდინებზე და ინიცირებამდე გატარებულ ღონისძიებებზე. მაშინ თქვენ უმრავლესობის წევრი იყავით, ახლა კი დამოუკიდებელი დეპუტატი ხართ. როგორი იყო და არის თქვენი კომუნიკაცია გადაწყვეტილების მიმღებ პირებთან?

ქვეყანაში შრომის კანონმდებლობის ცვლილება ასე მარტივი არ არის. მით უმეტესს პარლამენტში, სადაც განსხვავებული პოზიციებია. მე უნდა ვილაპარაკო უმრავლესობასთან, იმ პოლიტიკურ ჯგუფებთან, რომლებსაც აქვთ გადაწყვეტილების მიღების შესაძლებლობა. ამ შემთხვევაში ეს არის საპარლამენტო უმრავლესობა და მთავრობა. მთავრობაშიც არაერთგვაროვანია მოსაზრებები. იქაც არის განსხვავებები, რაც ბუნებრივიცაა. ამიტომ დავჯექით და ვიმსჯელეთ – ჯანდაცვის სამინისტროსთან, ეკონომიკის სამინისტროსთან, პრემიერ-მინისტრის ოფისთან, პარლამენტის უმრავლესობის წარმომადგენლებთან. ასე გროვდება ხმები. ამ შემთხვევაში გარანტირებული 76 ხმა შესაძლებელია კონსულტაციებისა და პოზიციათა შეჯერების გზით. ეს არის პოლიტიკური პროცესი, რაც საკანონმდებლო პროცესის ნაწილია. ამაში ფარული არაფერია. ამას ღიად ვამბობ კიდეც, სანამ განხილვები დაიწყებოდა, ვისაუბრეთ, 4-5 საათი გაგრძელდა შეხვედრა, ბევრი დეტალი განვიხილეთ. ყველა დეტალს არ ვყვები, მაგრამ რაზეც შევთანხმდით, აი, ეს არის – მინიმალური ხელფასის [ამოღება] და მეორე –  სპეციფიკური სამუშაოების ჩამონათვალის ძალიან შევიწროება. უფრო სწორად, არსებულის გაუქმება და ისეთის დადგენა, რომელიც მართლაც ობიექტური საჭიროებებიდან იქნება გამომდინარე.

როგორ შეაფასებთ კანონპროექტის შანსებს ახლა?  მით უმეტეს, რომ რიგ კომპრომისებზე წახვედით და გაითვალისწინეთ როგორც მთავრობის, ასევე ბიზესასოციაციის მოსაზრებები.

მე მაქსიმალურად შევეცადე და ვიმუშავე პოლიტკორექტულად. მაშინ, როდესაც ეს საკითხი წამოვიწყე, ვიყავი უმრავლესობის წევრი, გამოსვლის შემდეგაც მაქსიმალურად ვეცადე, რომ ეს საკითხი არ დამეზიანებინა და მაქსიმალური კომუნიკაცია ვიქონიე შესაბამის მხარეებთან. ახლა მეტ-ნაკლებად ისეთი დოკუმენტია წარმოდგენილი, რომელიც შეიძლება ნაკლებად მოსწონდეს პროფკავშირებს და მეტი შენიშვნა ჰქონდეთ პირველად ვერსიასთან შედარებით, რაღაც კომპრომისებზე შეიძლება ჩათვალონ კიდეც, რომ მათ საზიანოდ მოხდა. მაგრამ მე ვფიქრობ, რომ კანონპროექტში დღეს პოლიტიკურ ველში არსებულ პოზიციათა ბალანსია წარმოდგენილი. არის განსხვავებული პოზიციები და ვფიქრობ, რომ ეს დაბალანსებული ვერსიაა და მხარდაჭერა ექნება, მით უმეტეს, რომ ინიციატორებს შორის არიან პარლამენტის ყოფილი თავმჯდომარე – ირაკლი კობახიძე, სოფო კილაძე კომიტეტის თავმჯდომარე, რატი იონათამიშვილი – ფრაქცია „ქართული ოცნების” თავმჯდომარე და დავით მათიკაშვილი, ასევე არიან ჩემი კოლეგები თამარ ჩუგოშვილი, თამარ ხულორდავა. პრინციპში, მინდოდა მეჩვენებინა, რომ ეს არ არის რომელიმე ერთი პოლიტიკური ჯგუფის ან პირადად მხოლოდ ჩემი კუთვნილება.

როგორ აღიქვით გიორგი გახარიას კომენტარი ამ საკითხზე? – „ჩვენ ყველამ უნდა ვიმუშაოთ ბიზნესთან ერთად იმისთვის, რომ შრომის ახალი კანონმდებლობა კი არ ურთულებდეს ბიზნესს ცხოვრებას, არამედ უმარტივებდეს და ჩვენს სოციალურ გარემოს და ბიზნესის სოციალურ პასუხისმგებლობას ხდიდეს უფრო მდგრადს. ყველაფერს გავაკეთებთ, რომ ეს იყოს დაბალანსებული კანონმდებლობა. რაც პარლამენტშია, იმის შეცვლა შესაძლებელია და იმაზე კიდევ ვმსჯელობთ“.

მე აღვიქვი, რომ, მისი აზრით, ორივე მხარის, დასაქმებულისა და დამსაქმებლის ინტერესები უნდა იყოს დაბალანსებული. ბიზნესს უნდა ჰქონდეს თავისუფალი განვითარების საშუალება, მაგრამ მას უნდა ჰქონდეს ვალდებულებები სოციალური პასუხისგებლობის კუთხით. პრინციპში, ვფიქრობ, რომ ეს დაბალანსებული განცხადება იყო. ყველას შეუძლია, რომ სათავისოდ გაიგოს ის. მაგრამ მე ვფიქრობ, რომ პრემიერის განცხადება ეხებოდა იმას, რომ ის პროცესს მხარს უჭერს. მე იმედი მაქვს, რომ ის პირადადაც უჭერს მხარს. მე მქონდა მასთან საუბარი და ვიცი, რომ უნდა იყოს მნიშვნელოვანი პროგრესი ამ მიმართულებით – ინსპექციის შექმნისა და შრომის კოდექსის კუთხით. მგონია, რომ ამ აზრზე არის და მე მის განცხადებაში ეს წავიკითხე, რომ უნდა, ოღონდ, რა თქმა უნდა, შეთანხმებული, პოზიციების დაბალანსებით, იმ პოზიციების დაახლოებით,  რომლებიც შესაძლებელი იყო და მე ვფიქრობ, რომ ეს შევძელით კიდეც.