15 ივნისს უკრაინა და მოლდოვა ევროკავშირში გაწევრების მოლაპარაკების პირველ კლასტერს გახსნიან.
განცხადება ევროკომისიის პრეზიდენტმა ურსულა ფონ დერ ლაიენმა და ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა ანტონიო კოშტამ ერთობლივად გაავრცელეს.
„ეს არის იმ მონდომების, სიმამაცისა და თავდაუზოგავი შრომის აღიარება, რომელიც ორივე ქვეყანამ გამოიჩინა რეფორმების გატარების გზაზე, უდიდესი გამოწვევების ფონზეც კი.
ეს ასევე არის სიგნალი იმისა, რომ მშვიდობის, სტაბილურობისა და შესაძლებლობების შესახებ ევროკავშირის შეთავაზება შეუდარებელია.
გაფართოება სტრატეგიული არჩევანია.
ჩვენი ერების დაახლოებით ჩვენ ვაძლიერებთ მშვიდობას, უსაფრთხოებასა და კეთილდღეობას მთელ კონტინენტზე.
მზარდი გაურკვევლობით მოცულ სამყაროში უფრო დიდ ევროკავშირს ჩვენს საერთო ინტერესებში შედის. გაფართოება რჩება ევროკავშირის ერთ-ერთ უდიდეს წარმატებულ ისტორიად და საუკეთესო ინვესტიციად ჩვენს საერთო მომავალში“, – წერია ფონ დერ ლაიენის და კოშტას ერთობლივ განცხადებაში.
უკრაინის და მოლდოვის ევროკავშირში გაწევრებას უნგრეთის ყოფილი ლიდერი ვიქტორ ორბანი ბლოკავდა. 12 აპრილის არჩევნების შემდეგ უნგრეთში ხელისუფლება შეიცვალა. ახალმა პრემიერ-მინისტრმა პეტერ მადიარმა ვეტო მოხსნა, რამაც პროცესის დაწყება შესაძლებელი გახადა.
ევროკავშირში გაწევრების მოლაპარაკებები დაყოფილია ექვს სხვადასხვა ე.წ. კლასტერად, რომლებიც ევროკავშირის კანონმდებლობის სფეროებს ან „თავებს“ ფართო თემატურ პოლიტიკურ მიმართულებებად აჯგუფებს.
მოლაპარაკებებში პირველი ასეთი „კლასტერი“ ეხება ევროკავშირის ფუნდამენტურ დემოკრატიულ, ეკონომიკურ და ინსტიტუციურ საფუძვლებს. მიუხედავად იმისა, რომ ის პირველი იხსნება, ბოლოა, რომელიც იხურება.
კრაინასა და მოლდოვას ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსი 2022 წლის ივნისში მიენიჭათ, რის შედეგადაც ამ ორი ქვეყნის განაცხადები ერთმანეთთან „დაწყვილდა“. 2025 წლის იანვარში ევროკომისიამ გასცა რეკომენდაცია გაწევრებაზე ოფიციალური მოლაპარაკებების დაწყების შესახებ, რათა ორივე ქვეყანას ეროვნული კანონმდებლობა ევროკავშირის სტანდარტებთან შესაბამისობაში მოსულიყო, თუმცა ეს ნაბიჯი უნგრეთის მაშინდელმა პრემიერ მინისტრმა ვიქტორ ორბანმა დაბლოკა.
მიუხედავად იმისა, რომ გაწევრებაზე მოლაპარაკებები ოფიციალურად ამ დრომდე არ იხსნებოდა, უკვე მრავალი თვეა, უკრაინა და მოლდოვა დგამენ ნაბიჯებს მოლაპარაკებების კლასტერებით გათვალისწინებული რეფორმების გასატარებლად.
წლების განმავლობაში საქართველო იყო ასოცირების ტრიოს წევრი უკრაინასა და მოლდოვასთან ერთად, და ლიდერი სამ ქვეყანას შორის. თუმცა, „ქართული ოცნების“ ხელისუფლების პირობებში დასავლეთთან ურთიერთობები გაუარესდა.
საქართველომ ევროკავშირის წევრი ქვეყნის კანდიდატის სტატუსი 2023 წლის დეკემბერში მიიღო.
2024 წლის 28 ნოემბერს ირაკლი კობახიძემ „ქართული ოცნების“ სახელით განაცხადა, რომ აჩერებს ევროკავშირში გაწევრებაზე მოლაპარაკების პროცესს. მის ამ განცხადებას მასობრივი საპროტესტო აქციები მოჰყვა, რომელსაც „ოცნების“ ხელისუფლებამ ძალადობით უპასუხა.
საქართველოში საპროტესტო გამოსვლები მცირე მასშტაბით, მაგრამ ამ დრომდე გრძელდება.
„ქართული ოცნება“ ყოველდღიურად ესხმის თავს ევროკავშირს, მის ლიდერებს, ასევე წევრი ქვეყნების ლიდერებს და მათ ელჩებს საქართველოში.