როგორც ჩანს, პარლამენტი ვერ უძლებს ბიზნესლობის ზეწოლას, შრომის რეფორმა საფრთხეშია – NGO-ები

პუბლიკა

შრომის რეფორმა საფრთხის წინაშეა. როგორც ჩანს, პარლამენტი ვერ უძლებს იმ ზეწოლას, რომელიც მოდის ბიზნესლობისგან… განსაკუთრებით ეს ეხება შრომის ინსპექციის მანდატის გაზრდის საკითხს, რაც დღეს დადგა საფრთხის წინაშე. დღეს არის საფრთხე, რომ ეს ფუნდამენტურად მნიშვნელოვანი საკითხი ამოიღონ კანონპროექტიდან. ეს საბოლოოდ დაუკარგავს ძალას  ამ რეფორმას და მას გახდის ფიქტიურს, – განაცხადა EMC-ის წარმომადგენელმა, კოტე ერისთავმა შრომის რეფორმასთან დაკავშირებით გამართულ პრესკონფერენციაზე .

„ეს იქნება სამარცხვინო დათმობა, კიდევ ერთი სამარცხვინო კომპრომისი ბიზნესის სასარგებლოდ და ეს იქნება კიდევ ერთი ღალატი დასაქმებულების, რომლებიც ელოდებიან ამ ცვლილებას“, – განაცხადა მან.

მისი თქმით, ერთი წელია, მიმდინარეობს რეფორმაზე მუშაობა და ბიზნესლობის აქტიური ჩარევის შედეგად, დაიჩეხა, შეთხელდა კანონპროექტი, თუმცა, მისივე თქმით, კანონპროექტში მაინც რჩება ფუნდამენტურად მნიშვნელოვანი საკითხები. განსაკუთრებით ეს ეხება შრომის ინსპექციის საკითხს და ისიც შესაძლოა ამოიღონ პროექტიდან.

„მოვუწოდებთ პარლამენტს, მთავრობას, არ დაუშვას ამ მნიშვნელოვანი რეფორმის ჩაგდება. მივმართავთ საერთაშორისო ორგანიზაციებს, მივმართავთ ევროკავშირის წარმომადგენლობას საქართველოში, აშშ-ის ელჩს, ევროსაბჭოს, შრომის საერთაშორისო ორგანიზაციის წარმომადგენლებს, რომ მოუწოდონ პარლამენტს, მიიღოს ის ცვლილებები, რომელიც გვევალება ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულებით და რომელიც მინიმალურად მაინც გააუმჯობესებს  დასაქმებულების მდგომარეობას საქართველოში“, – აღნიშნა კოტე ერისთავმა.

მისი თქმით, პირველი მოსმენით წამყვანი კომიტეტის [ჯანდაცვის კომიტეტი] სხდომა რამდენიმე დღის წინ უნდა დასრულებულიყო, თუმცა, სამწუხაროდ, კომიტეტის თავმჯდომარემ განაცხადა, რომ ვერ თანხმდებიან მნიშვნელოვან საკითხებზე და გადადო კომიტეტის სხდომა. ეს მნიშვნელოვანი საკითხი ერთმნიშვნელოვნად არის – შრომის ინსპექციის მანდატი და ასევე, ზეგანაკვეთურის გაზრდილი ტარიფით ანაზღაურების საკითხი, „რომელზეც ბიზნესის ლობისგან მოდიოდა განსაკუთრებული წინააღმდეგობა და ზეწოლა“.

„როგორც ჩანს, პარლამენტმა ვერ გაუძლო ამ ზეწოლას, და აპირებს, წავიდეს საპარცხვინო კომპრომისზე დასაქმებულების, მშრომელი ადამიანების ხარჯზე“, – აცხადებს ერისთავი.


კანონპროექტის ინიცირებული ვარიანტის მიხედვით, შრომის ინსპექციის მანდატს ემატება შრომის უფლებების მონიტორინგიც. დღეს მოქმედი ნორმებით, შრომის ინსპექცია ამოწმებს მხოლოდ შრომის უსაფრთხოებასთან დაკავშირებულ საკითხებს.

შრომის უფლებებზე მანდატის გავრცელების შემთხვევაში კი, შრომის ინსპექცია შეამოწმებს შრომის კოდექსით გათვალისწინებულ საკითხებს – ეს იქნება დისკრიმინაცია, შევიწროება, შრომითი ხელშეკრულების დარღვევა, სამუშაო საათებისა თუ სხვა.

რაც შეეხება ზეგანაკვეთურის შესახებ ჩანაწერს, პროექტით გათვალისწინებულია ზეგანაკვეთურის ანაზღაურება ნორმირებულის 125%-ით.


ორგანიზაციები – EMC, საია, საქართველოს ღია საზოგადოების ფონდი (OSGF) და მწვანე ალტერნატივა აღნიშნავენ, რომ გაზაფხულის სესიის დასრულებამდე – რომელიც ამ მოწვევის პარლამენტისთვის უკანასკნელი იქნება – სულ რამდენიმე სხდომა რჩება და თანდათან იზრდება კანონპროექტის დაყოვნების ან მისი ჩაგდების რისკი.

NGO-ები მიმართავენ საერთაშორისო ინსტიტუტების წარმომადგენელებს, რომ ასოცირების ხელშეკრულებაში გაწერილი ვალდებულებების შესრულებაც ეჭვქვეშ დგება და ასიათასობით დასაქმებულის სამუშაო პირობების გაუმჯობესების შესაძლებლობას გაურკვეველი ვადით გადადებს.

„ვთვლით, რომ შიდა ადვოკატირებისა და საერთაშორისო მხარდაჭერის შემთხვევაში, კანონპროექტის დამტკიცების შანსი ჯერ კიდევ არსებობს და პროცესში თქვენი მხარდაჭერის იმედი გვაქვს. მიღების შემთხვევაში, რეფორმა ასობით ათასი მშრომელის ყოველდღიურობას გააუმჯობესებს. მისმა ჩაგდებამ კი შესაძლოა საქართველოში მშრომელთა ფუნდამენტური უფლებებისთვისა და სამუშაო ადგილზე დისკრიმინაციის წინააღმდეგ ბრძოლა რამდენიმე წლით უკან დახიოს”, – აღნიშნავენ ორგანიზაციები.