დღევანდელი განაჩენი იყო სახის შენარჩუნება ბრალდების მხარისთვის - კორძაძე

პუბლიკა

ხაზარაძე-ჯაფარიძე-წერეთლის საქმეზე სასამართლოს გადაწყვეტილების შესახებ ჟურნალისტებთან ადვოკატმა, ზვიად კორძაძემ ისაუბრა.

როგორც ის ამბობს, ამ გადაწყვეტილებით, სასამართლომ სახე შეუნარჩუნა ბრალდების მხარეს. მისი თქმით, ასევე, დადასტურდა,  რომ არანაირი ფულის გათეთრება არ ყოფილა.

„დღეს დადასტურდა ის, რასაც სამი წლის განმავლობაში ჩვენ ვიძახით, რომ არავითარ ფულის გათეთრებას აქ ადგილი არ აქვს და ეს მოსამართლემ დაადასტურა.

დღევანდელი განაჩენი იყო სახის შენარჩუნება ბრალდების მხარისთვის. კიდევ უფრო უცნაურია ის, რომ თვითონ პროკურატურას თაღლითობასთან დაკავშირებით არაღძვრის დადგენილება აქვს გამოტანილი. უფრო უცნაურია სამართლებრივად ის, რომ საქმეში დაზარალებული არ არის. ანუ ეს ის მუხლია – თაღლითობა, რომელსაც დაზარალებული სჭირდება. შესაბამისად, ვინც იგულისხმება დაზარალებულად, ის აცხადებს, რომ დაზარალებული არ არის. ამიტომ ეს განაჩენი ამ ფორმითაც კი თავს ვერ დაიკავებს შემდგომ ინსტანციებში და ეს დამთავრდება საბოლოო ჯამში გამართლებით.

პირველი მნიშვნელოვანი ეტაპი ამ საქმეში მოგებულია და დადგენილია, რომ არავითარ ფულის გათეთრებას ადგილი არ აქვს. ამ ეტაპზე სასამართლომ სახე შეუნარჩუნა ბრალდებას, რომ გამართლება ძალიან ცუდი იქნებოდა მათთვის. ფაქტობრივად, გამართლებულია ფულის გათეთრების ნაწილში, თაღლითობასთან დაკაშირებით  კი გავასაჩივრებთ და იგივე შედეგი დადგება“, – განაცხადა ზვიად კორძაძემ.


„თბს ბანკის“ დამფუძნებლები, მამუკა ხაზარაძე და ბადრი ჯაფარიძე, ასევე „ტელეკომპანია პირველის“ დამფუძნებლის მამა, ბიზნესმენი ავთანდილ წერეთელი თბილისის საქალაქო სასამართლომ დამნაშავედ ცნო, თუმცა, საქმის ხანდაზმულობის გამო, მათი სასჯელი გაუქმდა.