აშშ-ის თავდაცვის დაზვერვის სააგენტომ (DIA) გამოაქვეყნა გლობალური უსაფრთხოების გარემოს შეფასების 2025 წლის ანგარიში.
ანგარიში 2025 წლის 11 მაისის მონაცემებით შეადგინა ჯეფრი კრუზმა, აშშ-ის საჰაერო ძალები თავდაცვის დაზვერვის სააგენტოს დირექტორმა.
ანგარიშში შეფასებულია კავკასიის რეგიონიც, სადაც სააგენტო საქართველოს შესახებ წერს, რომ ოქტომბრის არჩევნების შემდეგ, „ოცნების“ მთავრობამ შექმნა გარემო, რომელიც რუსეთს საშუალებას აძლევს, ქვეყანაში გაზარდოს თავისი გავლენა.
„საქართველოში რუსეთი თითქმის დანამდვილებით ისახავს მიზნად საქართველოს თავისი გავლენის სფეროში დაბრუნებას.
ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების შემდეგ, „ქართული ოცნების“ მთავრობამ შექმნა გარემო, რომელიც რუსეთს საშუალებას აძლევს, ქვეყანაში გაზარდოს თავისი გავლენა“, — წერია ანგარიშში.
„ქართული ოცნების“ პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ DIA-ს შეფასებას „სისულელე“ უწოდა და თქვა, რომ სწორედ მსგავსი დოკუმენტები მიუთითებს „დიფ სთეითის“ გავლენაზე.
„ეს არის სრული სისულელე, რა გავლენის გაზრდაზეა საუბარი? ასეთი სისულელეები რომ ხვდება ასეთ მნიშვნელოვან დოკუმენტებში, სწორედ ეს მიუთითებს „დიდ სთეითის“ გავლენაზე“, — თქვა კობახიძემ.
ე.წ. deep state საერთაშორისო კონსპირაციაა, რომლის მიხედვითაც, ეს არის ჩრდილოვანი მმართველობა – ხელისუფლების ტიპი, რომელიც მოიცავს ძალაუფლების საიდუმლო და არაავტორიზებულ ქსელებს და რომლებიც მოქმედებენ სახელმწიფოს პოლიტიკური ხელმძღვანელობისგან დამოუკიდებლად საკუთარი დღის წესრიგისა და მიზნების მისაღწევად.