„დიახ, ეს თავდასხმაა“ - პრეზიდენტის მრჩეველი კულტურის სამინისტროს გენინსპექციაზე

პუბლიკა

პრეზიდენტის სასახლეში კულტურის სამინისტროს გენერალური ინსპექციის შესვლასთან დაკავშირებით პრეზიდენტის მრჩეველმა განათლების, კულტურის და მეცნიერების საკითხებში კოტე ნაცვლიშვილმა ბრიფინგი გამართა.

მან თქვა, რომ სვიმონ დადიანის ნამუშევრები სწორედ პრეზიდენტის ინიციატივით და შუამდგომლობით გადმოეცა საქართველოს საჩუქრად და ინახება ხელოვნების სასახლეში. ათეულობით ნამუშევრიდან 5 შეირჩა ხელოვნების სასახლის მიერ პრეზიდენტის სასახლეში გამოსაფენად. ეს კი მემორანდუმის საფუძველზე მოხდა და, მისი თქმით, არანაირი ნამუშევრების უკან დაბრუნების ვადა არ დარღვეულა.

„პრეზიდენტის უახლოესმა ოჯახმა საქართველოს გადმოსცა საჩუქრად. ეს არის დაახლოებით 30 ნამუშევარი, რომლებიც ინახება ხელოვნების სასახლეში. ამ ნამუშევრების ნაწილი ექსპონირებულია პრეზიდენტის ორბელიანების სასახლეში.

რაც შეეხება ამ ნამუშევრების დაზიანებას, ამ ნამუშევრებმა საქართველომდე ძალიან დიდი გზა გამოიარა. ისინი თავის დროზე დასაწყობებული იყო ამერიკაში, მერე ჩავიდა პარიზში, პარიზიდან კი საქართველოში. ამ ათეულობით ნამუშევრიდან მხოლოდ ხუთი შეირჩა ხელოვნების სასახლის მიერ ჩვენთან გამოსაფენად. ის მცირედი დაზიანება, რომელზეც არის საუბარი,  ვერ დგინდება, როდის მიადგა ნამუშევარს“, – განაცხადა კოტე ნაცვლიშვილმა.

მისივე თქმით, ის ბრალდებები, რომლებიც სამინისტრომ წაუყენა, პრეზიდენტის ადმინისტრაციისთვის ახალი არ არის.

„პრეზიდენტის ადმინისტრაციას ხელოვნების სასახლესთან ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი აქვს გაფორმებული, რომელიც საპრეზიდენტო ვადის ამოწურვამდე მოქმედებს. რაც ეხება ნამუშევრების ექსპონირების ვადებს, ვფიქრობ, ვადები ყველანაირად დაცული იყო, არანაირი დარღვევა არ ყოფილა.

ორბელიანების სასახლე ერთ-ერთი ყველაზე დაცული სახელმწიფო შენობაა საქართველოში, ამიტომ ვერ ვხედავ რაიმე საფრთხეს და რაიმე პრობლემას თუ რა ვადით იქნებოდა ეს ნამუშევრები ორბელიანების სასახლეში გამოფენილი.

იცით, რომ ნებისმიერი ფაქტი, რომელიც პრეზიდენტს უკავშირდება და წარმოადგენს ან თავდასხმას, ან პრეზიდენტის ინსტიტუციაზე თავდასხმის მცდელობას, რა თქმა უნდა, არის პოლიტიკური, “- თქვა მან.

დღეს კულტურის სამინისტროს გენერალური ინსპექცია პრეზიდენტის სასახლეში შევიდა და სვიმონ დადიანის 5 ნამუშევარი წაიღო. როგორც მედიასთან განაცხადეს სამინისტროს წარმომადგენლებმა, პრეზიდენტის ადმინისტრაციას ეს ნამუშევრები უნდა დაებრუნებინა ხელოვნების სასახლისთვის და არ დაუბრუნებია, ამასთანავე, რამდენიმე ნამუშევარს აქვს დაზიანება და სწორედ ამან განაპირობა მათი ორბელიანების სასახლეში შესვლა.

„ერთი ნახატი არის დაზიანებული, ნახევის სახით აქვს დაზიანება, ხოლო ორს ანაქერცლი აღენიშნება. ეს ყველაფერი ითვალისწინებს ამ ნახატების დაბრუნებას სამუზეუმო სივრცეში და რესტავრაციის ჩატარებას. ამ მიზნით, გასულ კვირაში ერთხელ უკვე გახლდით პრეზიდენტის ადმინისტრაციაში მოსულები, მაგრამ გაურკვეველი ახსნა-განმარტებები მივიღეთ და ხელი შეგვეშალა ნახატების იმ დღეს წაღებაში, დღეს კვლავ გამოვცხადდით და ნახატები უპრობლემოდ გაგვატანეს“, – თქვა დღეს ჟურნალისტებთან გენერალური ინსპექციის უფროსმა კახაბერ ჭუმბაძემ.