დიახ, მინდა დავამახსოვრდე ომბუდსმენი, რომელიც იცავდა სააკაშვილსაც და ნებისმიერ სხვასაც - ლომჯარია წილოსანს

პუბლიკა

„დიახ, მე მინდა დავამახსოვრდე, როგორც სახალხო დამცველი, რომელიც იცავდა მიხეილ სააკაშვილის უფლებებსაც და ნებისმიერი სხვა ადამიანის უფლებებსაც, რომელთა დაცვაც შეიძლება მმართველი პოლიტიკური ძალისთვის არ იყო მისაღები და სასიამოვნო“, – ასე უპასუხა სახალხო დამცველმა, ნინო ლომჯარიამ დეპუტატ ნინო წილოსანს, რომელმაც ლომჯარიას უთხრა, რომ „ხალხს თავი არა სახალხო დამცველად, არამედ სააკაშვილის დამცველად უფრო დაამახსოვრა.“

სახალხო დამცველს დღეს პარლამენტში უსმენენ.

„დიახ მე მინდა დავამახსოვრდე, როგორც სახალხო დამცველი, რომელიც იცავდა ყველა იმ პირს, რომლის უფლებების დაცვა არ იყო პოპულარული და რომლის გამოც სახალხო დამცველი ხდებოდა თავდასხმის ობიექტი.

მათ შორის, ვიცავდი და დავიცავ ვადის ამოწურვამდე იმ პირებს, რომლებიც თქვენი გუნდის წევრები იყვნენ ძალიან დიდხანს, მაგრამ ახლა არ არიან და დღეს მათთაც სჭირდებათ დახმარება და მგონი, ამ მიმართულებით დისკრიმინაციას ნამდვილად არ ვეწევი“, – უპასუხა ლომჯარიამ წილოსანს.

წილოსანმა ლომჯარიას უთხრა, რომ მან სახალხო დამცველის ინსტიტუტი პირადი პოლიტიკური პრეფერენციების გამოსახატავად აქცია.

„კანონდარღვევით შემოპარული და უამრავ დანაშაულებში დამნაშავე, ასევე ბრალდებული ექსპრეზიდენტის გამო, თქვენი ციხეში შესვლის რაოდენობა ოდნავ მაინც თუ მიდის ახლოს ხალხისთვის, სხვა ადამიანებისთვის ციხეში თქვენს ვიზიტებთან?! ან ყოფილხართ თუ არა საერთოდ ძალადობის მსხვერპლ კრიზისულ ცენტრებში, გიმუშავიათ თუ არა, ხმამაღლა გითქვამთ თუ არა ფემიციდთან დაკავშირებით, რომელიც უბრალოდ სიმბოლურად ანგარიშში აღნიშნეთ?!“, – განაცხადა წილოსანმა.