დიალოგის სივრცე უშუალოდ ნათია თურნავასთან ჩვენ არ გვრჩება - გოლეთიანი

პუბლიკა

„დიალოგის სივრცე უშუალოდ ნათია თურნავასთან ჩვენ არ გვრჩება“, – ამის შესახებ აქტივისტმა, ვარლამ გოლეთიანმა კითხვაზე –  გეგმავენ თუ არა, შეხვდნენ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრს ნათია თურნავას? – პასუხად განაცხადა.

გუშინ მინისტრმა განაცხდა, რომ მზად არიან, შეხვდნენ ყველას, ვინც დაინტერესებულია, წვლილი შეიტანოს ნამახვანჰესის პროექტის გაუმჯობესებაში. მინისტრმა თქვა, რომ, სავარაუდოდ, უახლოეს დღეებში გამართავენ  ფართომასშტაბიან შეხვედრას, რომელზეც მოიწვევენ არასამთავრობო სექტორს, მეცნიერებს, ექსპერტებს, ყველას, „ვინც დაინტერესებულია და თვლის, რომ დადებითი წვლილი შეუძლია შეიტანოს „ნამახვანი ჰესის“ პროექტის არსებული კვლევების გაუმჯობესებაში“.

ვარლამ გოლეთიანი ამბობს, რომ მინისტრთან დიალოგის სივრცე მას შემდეგ არ არსებობს, რაც მან ქუთაისში გამართული შეხვედრა დატოვა და ამით შეურაცხყოფა მიაყენა „ათასობით დაინტერესებულ ადამიანს“. სწორედ ამიტომ დააყენეს აქციაზე მინისტრის პასუხისმგებლობის საკითხი და მისი გადადგომა მოითხოვეს.

„ჩვენ ხელისუფლებას მივმართეთ და ჩვენი ტრიბუნიდან გავაჟღერეთ ასეთი რამ, რომ შემდეგი საფეხური გადაწყვეტილების მიმღებთა შორის, ეს ალბათ არის ბატონი პერიმიერი, ის უნდა ჩართულიყო პირადად ამ საკითხებში და მასთან უნდა ყოფილიყო შემდეგი განხილვა, როგორც გადაწყვეტილების მიმღებთან.

თურნავას იმ მოტივითაც არ შევხვდებით, რომ მისი გადადგომა მოვითხოვეთ აქციაზე მისივე საქციელის გამო. შესაბამისად, რადგან ის ვერ იღებს გადაწყვეტილებას და იმ შეხვედრიდანაც იმიტომ გაიპარა, როგორც ჩვენ ვიცით, რომ კონკრეტული რაღაცების თქმა არ შეეძლო, ანუ გადაწყვეტილებების მიღება, როცა ჩვენ შევიდოდით პოლემიკაში. ამიტომაც აარიდა თავი, ამიტომაც მასზე უფრო მეტად ვინც არის გადაწყვეტილების მიმღები ჩვენს სახელისუფლებო წრეებში, ვითხოვთ იმ პიროვნებასთან შეხვედრას, ამ შემთხვევაში გამოდის, რომ ეს არის ბატონი პრემიერი“, – თქვა ვარლამ გოლეთიანმა „ტვ პირველის“ ეთერში.

ვარლამ გოლეთანს საჯარო დიალოგი შესთავაზა „ნამახვანჰესის“ პროექტის აღმასრულებელმა დირექტორმა, მერაბ ლომინაძემაც.

„თუ ეს არის კითხვები, რომლებიც ეხება გარემოს დაცვას, სეისმოლოგიას, სოციალურ პაკეტს, ამ შემთხვევაში მე პირდაპირ გეუბნებით, რომ ეს არის კითხვები ჩვენთან და არა სახელმწიფოსთან. მაგრამ თუ მათი დღის წესრიგში არის პოლიტიკური ელფერის შემოტანა ამ პროცესებში, მაშინ ჩვენ ვერაფერს ვიზამთ. ეს ხსნის იმ გარემოებას, თუ რატომ არ უნდა ვარლამსა და მის გარემოცვას, დაგვისხდნენ ჩვენ და გავიაროთ ყველა ტექნიკური დეტალი“, – განაცხადა მერაბ ლომინაძემ.

გოლეთიანი ამბობს, რომ მათი კითხვების ადრესატი არ არის კომპანია, მათი კითხვების ადრესატია სამინისტროები, ამდენად, მათთვის გაუგებარია კომპანიის პოზიცია.

„პირველ რიგში, ჩვენ როცა უნდა დაგვეწყო საკითხების განხილვა, პირველი იყო ხელშეკრულების საკითხი და მიწის საკითხი. კონკრეტულად ეს ნაწილი კომპეტენციურად არ ეხება ეს კომპანიას, იმიტომ, რომ ეს არის სამინისტროების პრეროგატივა და მინისტრებს, გადაწყვეტილებების მიმღებებს უნდა გაეცათ ამაზე პასუხი. ამის შემდგომ გადავიდოდით სხვა გარემოსდაცვით საკითხებზე.

გარემოს დაცვითი საკითხების განხილვის დროს ჩვენი კითხვების ადრესატი ძირითადად არის სამინისტრო, მაგრამ იქ უკვე შეიძლებოდა, ყოფილიყო კომპანიაც სამინისტროსთან ერთად. ცალკე აღებული კომპანიის წარმომადგენლობა, ჩვენთვის არ წარმოადგენს კითხვის ადრესატს და არც კომპეტენციურად ეხებათ მათ ის კითხვები, რომლებსაც ჩვენ ვსვამთ“, – განმარტავს გოლეთიანი.