დიდ ბრიტანეთში ჯანდაცვის მინისტრს კორონავირუსი აღმოაჩნდა

პუბლიკა

დიდი ბრიტანეთის ჯანდაცვის მინისტრი და კონსერვატიული პარტიის დეპუტატი ნადინ დორისი კორონავირუსით დაინფიცირდა.

დორისი, რომელიც პირველი ინფიცირებულია ბრიტანეთის პარლამენტში, ამბობს, რომ ინფიცირების აღმოჩენისთანავე შესაბამისი ზომები მიიღო და სახლში თვითიზოლაციაში იმყოფება. ამასთანავე დაიწყო ყველა იმ ადამიანის ძებნა და შემოწმება, ვისთანაც ჯანდაცვის მინისტრს ბოლო დროს კონტაქტი ჰქონდა.

ჯერჯერობით, უცნობია, რამდენ ადამიანთან ჰქონდა დორისს ახლო კონტაქტი ბრიტანეთის პარლამენტსა და მინისტრთა კაბინეტში. ჯანდაცვის დეპარტამენტის განცხადებით, დორისს სიმპტომები პირველად გასულ სამშაბათს დაეწყო, პარასკევიდან კი თვითიზოლაციაში იყო.

დიდ ბრიტანეთში ჯანდაცვის ყველა მინისტრი, ჯანდაცვის სახელმწიფო მდივნის, მეთ ჰენკოკის ჩათვლით, ვირუსზე კვლევას ჩაიტარებს. ჰენკოკმა დორისს გამოჯანმრთელება უსურვა და განაცხადა, რომ მინისტრი უსაფრთხოების ყველა ზომას იცავდა.

62 წლის დორისის თქმით, ის ახლა ყველაზე მეტად დედაზე ნერვიულობს, რომელიც 84 წლისაა და მთელი ეს პერიოდი მასთან გაატარა, გუშინ კი ხველება დაეწყო.

დიდ ბრიტანეთში ამ დროისათვის სულ ინფიცირების 382 შემთხვევა ფიქსირდება, მათგან ექვსი ადამიანი კი დაიღუპა. ბოლო გარდაცვლილი 80 წლამდე ასაკის კაცი იყო, რომელსაც ჯანმრთელობის პრობლემები ჰქონდა.