დიდ დიღომში აფეთქება მოხდა - დაშავებულია, სავარაუდოდ, 3 ადამიანი

პუბლიკა

დიდი დიღომში, აფეთქება მოხდა, სავარაუდოდ, დაშავდა სამი ადამიანი, მათ შორის ერთი მცირეწლოვანი ბავშვია. აფეთქება, სავარაუდოდ, ბუნებრივმა აირმა გამოიწვია.

როგორც თვითმხილველები მედიასთან ამბობენ, აფეთქების შედეგად დაზიანდა რამდენიმე ბინა.

სასწრაფო-სამედიცინო დახმარების სამსახურში „პუბლიკას“ უთხრეს, რომ ადგილიდან გადაიყვანეს ორი დაშავებული. მათი თქმით, ბავშვის მდგომარეობა მძიმეა და ის იაშვილის კლინიკაშია.

ადგილზე უკვე მუშაობს პოლიცია. „პუბლიკას“ შინაგან საქმეთა სამინისტროში უთხრეს, რომ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 240​-ე პრიმა მუხლით დაიწყო, რაც  ელექტრო- ან თბოენერგიის, გაზის, ნავთობის ან ნავთობპროდუქტების ობიექტზე უსაფრთხოების წესების დარღვევას გულისხმობს.

დიღომში დასახლებას, სადაც აფეთქება მოხდა კომპანია „დიღომის გაზი“ ემსახურება. „პუბლიკა“ ესაუბრა კომპანიის წარმომადგენელს, რომელმაც თქვა, რომ ადგილზე მუშაობს საგამოძიებო კომისია და რამ გამოიწვია აფეთქება, დაადგენენ. მისივე თქმით, მათთან არანაირი შეტყობინება არ შესულა აფეთქებამდე.

„კომპანია მხოლოდ გაზის მიწოდებაზეა პასუხისმგებელი, თავად შიგნით სისტემა-დანადგარები კონკრეტულ ბინაშ ვისი გაკეთებულია არ ვიცით. გაზის სუნზე ან ა.შ. რამე შეტყობინება ჩვენთან არ შემოსულა. აფეთქება ამ დილით, როგორც ვიცით, დილით 07:35 საათზე მოხდა, “- ამბობს „პუბლიკასთნა“ კომპანიის წარმომადგენელი.