დიდება უკრაინას! დიდება საქართველოს! დიდება ჩვენს გმირებს! - კლიჩკომ აქციის მონაწილეებს მიმართა

პუბლიკა

„ძვირფასო ქართველო მეგობრებო! მინდა, მადლობა გადავუხადო ქართველ ხალხს უკრაინელთა ბრძოლის მხარდაჭერისთვის! თქვენი სოლიდარობისა და თქვენი პოზიციისთვის!“, – ამ სიტყვებით დღეს, 24 თებერვალს უკრაინის მხარდამჭერი აქციაზე რუსთაველის გამზირზე შეკრებილ საზოგადოებას უკრაინის დედაქალაქის, კიევის მერმა, ვიტალი კლიჩკომ მიმართა.

„თქვენ ყველაზე უკეთ იცით, რა არის რუსული აგრესია. რა უბედურება, სიკვდილი და ნგრევა მოაქვს. როგორ ცდილობს რუსეთი მეზობელი ქვეყნების ოკუპაციას. ქართველები არა მხოლოდ მორალურად უჭერენ მხარს უკრაინელებს და ჩვენ ამას ვაფასებთ. თქვენი ჯარისკაცები ჩვენს გვერდით იბრძვიან უკრაინის თავისუფლებისა და დამოუკიდებლობისათვის. პატივს ვცემთ 36 მამაცი ქართველის ხსოვნას, რომლებიც დაიღუპნენ უკრაინისთვის რუსი ბარბაროსების შეჭრის დაწყებიდან. დაიჭრა მრავალი ჯარისკაცი. ნაწილი – რუსებმა ტყვედ აიყვანეს. მადლობელი ვართ თქვენი გამბედაობისთვის, თავისუფლებისა და დამოუკიდებლობისკენ სწრაფვისთვის. დარწმუნებული ვარ, რომ უკრაინაც და საქართველოც, რომელთა ხალხი დემოკრატიული ევროპიკსენ მიისწრაფვის, წარმატებით გადალახავს ამ გზას და ჩვენი ქვეყნები გახდებიან ევროკავშირის ქვეყნები. ვერავინ შეუშლის ხელს ჩვენს ხალხს, გააცნობიერონ თავიანთი ცივილიზებული არჩევანი! დღეს ჩვენ ასევე ვიცავთ ევროპას და მის ღირებულებებს. დიდება უკრაინას! დიდება საქართველოს! დიდება ჩვენს გმირებს!“, – განაცხადა კლიჩკომ.


უკრაინაში რუსეთის სრულმასშტაბიანი შეჭრიდან ერთი წელი გავიდა. 24 თებერვალს, გამთენიისას, ვლადიმერ პუტინის ბრძანებით, რუსული არმია უკრაინის ტერიტორიაზე რამდენიმე მიმართულებიდან შეიჭრა, რის შემდეგაც ევროპაში მეორე მსოფლიო ომის შემდეგ ყველაზე მასშტაბური ომი დაიწყო.