დიდი დოზებით ფსიქოტროპულ პრეპარატებს მაძლევდნენ - სააკაშვილი

პუბლიკა

მსჯავრდებული მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის თქმით, საქართველოში მისი დაპატიმრების შემდეგ მის მორალურ გატეხვას ცდილობდნენ და, როგორც მან სასამართლო პროცესზე განაცხადა, სხვა ფაქტორებთან ერთად, დიდი დოზებით ფსიქოტროპულ პრეპარატებსაც აძლევდნენ.

მისივე თქმით, საერთაშორისო პრაქტიკით, წამების მსხვერპლი დაუყოვნებლივ უნდა გათავისუფლდეს.

„ეს პროცესი არის დაშინებული, აკანკალებული ოლიგარქის მცდელობა, მოახდინოს ჩემი გაჩუმება. ცდილობდნენ ჩემს მორალურ გატეხვას, ყველაფერს გვიკეთებდნენ, ყველაფერს აბსოლუტურად: ფანჯრის ამოქოლვა, დიდი ხანი ადვოკატთან არ შეხვედრა, ოჯახის წევრების არ შემოშვება, საავადმყოფოში გატაცება, ფსიქოტროპული პრეპარატების დიდი დოზების მოცემა, კიდევ კარგი, რომ შემოვიდა ცენტრი „ემპათია” და უცებ მიხვდა, რაშიც არის საქმე. რისთვისაც დიდ მადლობას ვუხდი.

და უამრავი სხვა [რამ], პირდაპირი წამება. წამების მსხვერპლი, საერთაშორისო პრაქტიკით, დაუყოვნებლივ უნდა იყოს გათავისუფლებული.

გუანტანამოს ციხეში ისხდნენ მართლა მკვლელი ტერორისტები. როდესაც დამტკიცდა სამი მათგანის წამება, ისინი ამერიკელებმა ჯერ გადაიყვანეს ამერიკაში ფსიქოლოგიური რეაბილიტაციისთვის, თავისუფლებაში, და შემდეგ გაუშვეს ევროპაში, ერთ-ერთ ქვეყანას მოელაპარაკნენ. ტერორისტები, წამების მსხვერპლები.

აქ რაც მოხდა, ეს არის დადასტურებული წამება უკრაინის სახალხო დამცველის მიერ (დარწმუნებული ვარ, მალე იქნება საქართველოს სახალხო დამცველის მოხსენებაც) და ცენტრ „ემპათიის“ მიერ, რომელსაც აქვს დიდი საერთაშორისო რეპუტაცია.

თქვენ ყველანი – ციხის სისტემა, პოლიციის სისტემა, პროკურატურისა და სასამართლოს სისტემა, ვინც არ ნიშნავდით პროცესებს, ვინც მიკეტავთ შესაძლებლობას სატელეფონო ზარების, თქვენ – მივმართავ მთელს სისტემას, თქვენ ხართ ჩემი წამების თანამონაწილე.  და ეს არის სისხლის სამართლის დანაშაული ქართული და საერთაშორისო კანონმდებლობით.

თუნდაც ამიტომ ღირდა ჩემი აქ ჩამოსვლა და თავგანწირვა, რომ ნიღაბი ამეხადა ბოლომდე არაადამიანური და მკვლელი სისტემისთვის. მკვლელი სისტემისთვის“, – განაცხადა სააკაშვილმა.


თბილისის საქალაქო სასამართლოში ე.წ. პიჯაკების საქმეზე მიხეილ სააკაშვილის პროცესი მიმდინარეობს. ხელისუფლება საქართველოს მესამე პრეზიდენტს სახელმწიფოს კუთვნილი ქონების გაფლანგვას ედავება.

LB loan image desktop LB loan image mobile