„დიდი იმედი გვაქვს, მალე ექნება ჯანმოს აღიარება" | საქართველო ჩინური ვაქცინის 100 000 დოზას ელოდება

პუბლიკა

დღეს ჯანდაცვის მინისტრმა, ეკა ტიკარაძემ განაცხადა, რომ კვირის ბოლოს გამოიგზავნება ჩინეთიდან 100 000 დოზა ვაქცინა, რომელიც აღიარებულია უნგრეთის მკაცრი მარეგულირებლის მხრიდან. ტიკარაძის თქმით, ქვეყანა კონსულტაციას გადის ჯანმოსთან, თუ როგორ მოვიქცევით ამ ვაქცინასთან დაკავშირებით.

„დაველოდებით ჯანმოს აღიარებას, თუ დაგვრთავენ ისინი ნებას, უნგრეთის მსგავსად განვაგრძოთ ვაქცინაცია და უკვე, როდესაც ვაქცინა იქნება ადგილზე, დამატებით ინფორმაციას მოგაწვდით“, – თქვა ტიკარაძემ.

შეკითხვაზე, რატომ არ ელოდება ქვეყანა ჯანმოს აღიარებას, ვინაიდან აქამდე გაცხადებული იყო, რომ ქვეყანაში ჯანმოს აღიარების გარეშე, ვაქცინა არ შემოვიდოდა. რატომ შეიცვალა ეს პოზიცია?

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის, ამირან გამყრელიძის განცხადებით, ჩინური ვაქცინები –  „Sinopharm“ და „Sinovac“ რიგში დგანან და მალე მიიღებენ მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის ავტორიზაციას.

მისივე განმარტებით, საქართველოს კანონმდებლობაში არის მუხლი, რომლის მიხედვით, საქართველოს შემოაქვს ე.წ. აღიარებითი რეჟიმი, რაც, მისი თქმით, ვრცელდება მკაცრ მარეგულირებლებზე, რომელშიც შედის ევროკავშირის ქვეყნების, მათ შორის, უნგრეთის მარეგულირებლები.

გამყრელიძის თქმით, საქართველოში ჩინური ვაქცინის შემოტანა შესაძლებელია და იმედს გამოთქვამს, რომ ის მალე მიიღებს ჯანმოს აღიარებას და მალე შემოვა საქართველოშიც.

გამყრელიძის ინფორმაციით, „Sinopharm-ით” მსოფლიოში დაახლოებით 70 მილიონი ადამიანია აცრილი, მათ შორის: ჩინეთში, სერბეთში, უნგრეთში, სამხრეთ ამერიკის ქვეყნებში და სხვადასხვა კვლევით, ვაქცინა კარგი შედეგებით ხასიათდება.

„მოგეხსენებათ, ჩინეთი, ბიოტექნოლოგიური თვალსაზრისით, განვითარებული ქვეყანაა –  5 ვაქცინა აქვს მას. ორს უკვე იყენებენ ჩინეთის გარეთ 40-მდე ქვეყანაში. ჩინეთში დამატებით აქვთ 3 ვაქცინა, რომლებსაც ჩინეთი იყენებს“, – ამბობს ის.

ამირან გამყრელიძის თქმით, საინფორმაციო და საკომუნიკაციო კამპანია თანდათან გაძლიერდება. ის ამბობს, რომ ქვეყანაში იქნება არა მხოლოდ ჩინეთის მიერ წარმოებული ვაქცინა. მისი პროგნოზით, ქვეყანა ივლისიდან გადავა მასობრივ იმუნიზაციაზე. სამინისტრო მუშაობს ამერიკული „ნოვოვაქსის“ ვაქცინის შემოტანაზეც.