„დიდი მოყვარული დიდი ჰესების არ გახლავართ, მაგრამ ყოველთვის ვუსმენ პროფესიონალებს“ - წულუკიანი

პუბლიკა

კულტურის მინისტრმა და ვიცე-პრემიერმა თეა წულუკიანმა ტელეკომპანია „რუსთავი 2-თან“ ნამახვანჰესის ხელშეკრულების შეწყვეტის შესახებ დასმულ კითხვებს უპასუხა.

მისი თქმით, ეს ცუდი სიგნალია პოტენციური ინვესტორებისთვის, თუმცა აღნიშნა, რომ ის ხელშეკრულება რომელიც იყო გაფორმებული კომპანია „ნეკასთან“ შეიძლებოდა უფრო სამართლიანი ყოფილიყო.

„ეს მართლაც ცუდი სიგნალია პოტენციური ინვესტორებისთვის, რადგან იყო ძალიან დიდი ინვესტიცია ჩადებული ჩვენი ენერგეტიკული სექტორის განვითარებაში. მაგრამ ეს არის სამწუხარო შედეგიც, რომელიც უნდა იყოს გაკვეთილი ჩვენი ხელისუფლებისთვის და ხალხისთვის. მაგალითი რომელიც აღარ უნდა განმეორდეს.

თვითონ ხელშეკრულება, რომელიც თავის დროზე გაფორმდა შეიძლება უკეთესი ყოფილიყო. ამაზე ჯერ კიდევ ჩემი იუსტიციის მინისტრობის დროს დაიდო დასკვნა. ეს დასკვნა გამოქვეყნებულიც იყო. შეიძლებოდა ქვეყნისათვის უფრო სამართლიანი ხელშეკრულების ხელმოწერა, ამას ვამბობდით ჩვენ მაშინდელ დასკვნაშიც. მაგრამ დაიდო ის ხელშეკრულება, რომელიც დაიდო.

… მე პირადად, როგორც ხელისუფლების წარმომადგენელი და ერთი ქართველი დიდი მოყვარული დიდი ჰესების არ გახლავართ, მითუმეტეს ჩემი კუთხის კონტექსტიდან გამომდინარე, ვსაუბრობ სვანეთზე, მაგრამ ყოველთვის ვუსმენ ხოლმე პროფესიონალების აზრს და ვიცი რომ ამ ტიპის პროექტები, თუ ემოციებს გვერდზე გადავდებთ, ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენი ქვეყნის დამოუკიდებლობისთვის, ენერგეტიკული უსაფრთხოებისთვის და ასე ხელაღებით თქმა, რომ ეს ჩვენ არაფერში არ გვჭირდება იქნება ძალიან დიდი ზიანი ჩვენი ქვეყნის მომავლისთის, “- განაცხადა თეა წულუკიანმა.

სტამბოლის საფონდო ბირჟის ვებგვერდზე 20 სექტემბერს გამოქვეყნდა განცხადება, რომლის მიხედვითაც, კომპანია ENKA ნამახვანჰესის კასკადის აშენებაზე საქართველოს ხელისუფლებასთან ხელშეკრულებას წყვეტს. ამის შესახებ ოფიციალური განცხადება ამ დრომდე არ გაუკეთებია ENKA-ს წარმომადგენლობას საქართველოში. თუმცა, ეკონომიკის სამინისტრო ადასტურებს, რომ „ენკა“ ნამახვანჰესის ხელშეკრულების შეწყვეტას გეგმავს.


ხელშეკრულება ინვესტორ კომპანიასთან 2019 წლის აპრილში გაფორმდა.

ხელშეკრულებასა და ზოგადად, ნამახვანჰესის პროექტს უარყოფითად აფასებდა ადგილობრივი მოსახლეობა და სამოქალაქო სექტორის წევრი ორგანიზაციები.

ჰესის წინააღმდეგ მოსახლეობა „რიონის ხეობის გადარჩენისთვის“ მოძრაობის ფარგლებში გაერთიანდა. პროტესტის განმავლობაში ისინი შემდეგ მოთხოვნებს აყენებდნენ:

  1. გაწყდეს 2019 წ. 25 აპრილის ხელშეკრულება საქართველოს მთავრობასა და კომპანია „ენკა“ შორის მდინარე რიონზე დაგეგმილი ნამოხვანის ჰესების კასკადის მშენებლობის შესახებ და კომპანიამ დატოვოს რიონის ხეობა;
  2. გაუქმდეს საქართველოს მთავრობის 2019 წლის 21 ნოემბრის #2405 განკარგულება, რომლის საფუძველზეც, კომპანია „ენკას“ საკუთრებაში და ასევე, სარგებლობის უფლებით სხვადასხვა მუნიციპალიტეტში ტერიტორიები გადაეცა;
  3. გაუქმდეს ნამოხვანის ჰესების კასკადზე 2015 წელს გაცემული სამშენებლო ნებართვა და სხვა მასზე დაფუძნებული ყველა დოკუმენტი;

ნამახვანჰესის მოწინააღმდეგე აქტივისტები, არასამთავრობო ორგანიზაციები აცხადებენ, რომ კანონის მოთხოვნათა შესაბამისად, არ იყო შესწავლილი და შეფასებული პროექტის განხორციელების შემთხვევაში გარემოსთვის, ადამიანის სიცოცხლისა და ჯანმრთელობისთვის, კულტურული მემკვიდრეობისა და მატერიალური ფასეულობებისათვის შექმნილი საფრთხეები. გარდა ამისა, მათი თქმით, პროექტს არათუ ვერ ექნება წვლილი ქვეყნის ენერგოუსაფრთხოებაში, რაზეც მთავრობა მიუთითებს, არამედ შეთანხმება ქვეყნის ბიუჯეტისთვის მძიმე და განუსაზღვრელ ფისკალურ ტვირთს ითვალისწინებს.