ნამახვანჰესის ხელშეკრულების შეწყვეტის ფასი | შეფასებები

პუბლიკა

სტამბოლის საფონდო ბირჟის ვებგვერდზე 20 სექტემბერს გამოქვეყნდა განცხადება, რომლის მიხედვითაც, კომპანია ENKA ნამახვანჰესის კასკადის აშენებაზე საქართველოს ხელისუფლებასთან ხელშეკრულებას წყვეტს. ამის შესახებ ოფიციალური განცხადება ამ დრომდე არ გაუკეთებია ENKA-ს წარმომადგენლობას საქართველოში, თუმცა ეკონომიკის სამინისტრო ადასტურებს, რომ „ენკა“ ნამახვანჰესის ხელშეკრულების შეწყვეტას გეგმავს.

ამ ეტაპისთვის მხოლოდ ის ვიცით, რომ კომპანიის მხრიდან ხელშეკრულების შეწყვეტის მიზეზი, სავარაუდოდ, ფორსმაჟორი და ხელშეკრულების პირობების დარღვევაა. კონკრეტული დეტალები და ინფორმაცია ხელშეკრულების შეწყვეტის შესახებ არ არის ცნობილი. სწორედ ამიტომ, არასამთავრობო ორგანიზაციებს ამ ეტაპზე უჭირთ შეაფასონ პროცესი – ჯერჯერობით, უცნობია, კონკრეტულად რა პირობით გაწყდება ხელშეკრულება და რა თანხის გადახდა მოუწევს საქართველოს მთავრობას კომპანია ENKA-სთვის. 

როგორც „მწვანე ალტერნატივის“ ხელმძღვანელი დათო ჭიპაშვილი „პუბლიკასთან“ ამ საკითხზე საუბრისას ამბობს, საწყის ეტაპზე პრობლემას წარმოადგენს ის, რომ არ არის ცნობილი მშენებლობის კონკრეტული სტატუსი – მშენებლობა მიდიოდა უკვე თუ მოსამზადებელი სამუშაოები. ჭიპაშვილის განმარტებით, ხელშეკრულებაში ეს ნაწილი ცალ-ცალკეა გაწერილი.

„ხელშეკრულებაში საკომპენსაციო ნაწილი ასეა ჩამოყალიბებული – მშენებლობის ეტაპზე ცალკე საკითხი იყო და მოსამზადებელ სამუშაოებზე – ცალკე. არ ვიცი, რა სტატუსი ჰქონდა ამ პროექტს ბოლო თვეების განმავლობაში,, რადგან ერთმნიშვნელოვნად მშენებლობა არ მიდიოდა, რეალურად. თუ მოსამზადებელი სამუშაოების ეტაპზე იყო კომპანია და თუ დააკმაყოფილებს არბიტრაჟი, მაშინ ის, რაც დაიხარჯა, უნდა დაუბრუნოს სახელმწიფომ და ასე გამოისყიდოს პროექტი. თუ სამშენებლო სამუშაოები იქნებოდა დაწყებული, პლუს სესხი იქნებოდა აღებული და ა.შ., აქ უკვე სხვა ტიპის (კომპენსაციაა)“, – ამბობს ჭიპაშვილი.

როგორც ჭიპაშვილი განმარტავს, ხელშეკრულებაში ყოველ ეტაპზე რამდენიმე ფორმულაა, თუ როგორ ხდება კომპენსირება. მისივე თქმით, ნებისმიერ შემთხვევაში უნდა ჩატარდეს საერთაშორისო აუდიტი იმის დასათვლელად, „თუ რამდენი დაიხარჯა“.

ჭიპაშვილი „პუბლიკასთან“ საუბრისას ამბობს, რომ კომპენსირების საკითხი უფრო კორპორაციულ სამართალს ეხება. მისივე თქმით, ENKA-ს ჯერ კიდევ რამდენიმე თვის წინ ეტყობოდა, რომ ხელშეკრულების გაწყვეტას აპირებდა.

„ENKA ეტყობოდა ჯერ კიდევ ივნისში, რომ აპირებდა ხელშეკრულების გაწყვეტას იქიდან გამომდინარე, რომ, უბრალოდ, არ მონაწილეობდა მედიაციის პროცესში. არ ჩართულა და უნდობლობა გამოუცხადა პროცესს. აქედან ჩანდა, რომ ის უკვე აპირებდა გასვლას. ENKA მხარედ კი არ უნდა ჩართულიყო, არამედ ობზერვერად, ანუ როგორც დამკვირებლად, რადგან მის პროექტს ეხებოდა და ENKA-მ უარი თქვა საერთოდ და არ მიიღო მონაწილეობა ამ პროცესში“, – ამბობს ჭიპაშვილი.

„პუბლიკა“ ასევე ესაუბრა „სოციალური სამართლიანობის ცენტრის“ იურისტს, თათული ჭუბაბრიას, რომლის თქმითაც, მნიშვნელოვანია, გაგრძელდეს პროექტის შეფასებები, რადგან მედიაციის პროცესის დროს ფასდებოდა ხელშეკრულება და სწორედ ეს შეფასებები იქნება საინტერესო საარბიტრაჟო დავისთვის.

„ასევე, უნდა შეფასდეს გარემოზე ზემოქმედების შეფასების (გზშ) გადაწყვეტილებაც, რადგან ნებართვების მფლობელია ეს კომპანია და დარჩება ნებართვების მფლობელად, თუ მოუნდება და გაყიდის თავის აქტივებსაც, თავისი ნებართვებით და სხვა იქნება განმახორციელებელი.

ამიტომ, სადავოდ ვხდიდით ამ ნებართვებს სასამართლოებში – გზშ-ს ნებართვას, მშენებლობის ნებართვას და მერე კიდევ, მედიაციაზე ვამბობდით, რომ ეს უნდა გადაიხედოს და შესწავლილ იქნას 2015 წლის და 2020 წლის ნებართვაც. ეს პროგრესი გვქონდა და აუცილებლად უნდა გაგრძელდეს ამაზე მუშაობა, მიუხედავად იმისა, ენკა იდავებს თუ არ იდავებს ქვეყნის წინააღმდეგ.

ისინი ძალიან დიდ ძალაუფლებას ფლობენ იმის გამო, რომ ნებართვები მათ ხელშია და ესე იგი ბერკეტებიც, რომ დავას იწყებენ პოლიტიკური ფორსმაჟორის საფუძვლით. უნდა დაველოდოთ“ – ამბობს ჭუბაბრია.


ხელშეკრულება ინვესტორ კომპანიასთან 2019 წლის აპრილში გაფორმდა.

ხელშეკრულებასა და ზოგადად, ნამახვანჰესის პროექტს უარყოფითად აფასებდა ადგილობრივი მოსახლეობა და სამოქალაქო სექტორის წევრი ორგანიზაციები.

ჰესის წინააღმდეგ მოსახლეობა „რიონის ხეობის გადარჩენისთვის“ მოძრაობის ფარგლებში გაერთიანდა. პროტესტის განმავლობაში ისინი შემდეგ მოთხოვნებს აყენებდნენ:

  1. გაწყდეს 2019 წ. 25 აპრილის ხელშეკრულება საქართველოს მთავრობასა და კომპანია „ენკა“ შორის მდინარე რიონზე დაგეგმილი ნამოხვანის ჰესების კასკადის მშენებლობის შესახებ და კომპანიამ დატოვოს რიონის ხეობა;
  2. გაუქმდეს საქართველოს მთავრობის 2019 წლის 21 ნოემბრის #2405 განკარგულება, რომლის საფუძველზეც, კომპანია „ენკას“ საკუთრებაში და ასევე, სარგებლობის უფლებით სხვადასხვა მუნიციპალიტეტში ტერიტორიები გადაეცა;
  3. გაუქმდეს ნამოხვანის ჰესების კასკადზე 2015 წელს გაცემული სამშენებლო ნებართვა და სხვა მასზე დაფუძნებული ყველა დოკუმენტი;

ნამახვანჰესის მოწინააღმდეგე აქტივისტები, არასამთავრობო ორგანიზაციები აცხადებენ, რომ კანონის მოთხოვნათა შესაბამისად, არ იყო შესწავლილი და შეფასებული პროექტის განხორციელების შემთხვევაში გარემოსთვის, ადამიანის სიცოცხლისა და ჯანმრთელობისთვის, კულტურული მემკვიდრეობისა და მატერიალური ფასეულობებისათვის შექმნილი საფრთხეები. გარდა ამისა, მათი თქმით, პროექტს არათუ ვერ ექნება წვლილი ქვეყნის ენერგოუსაფრთხოებაში, რაზეც მთავრობა მიუთითებს, არამედ შეთანხმება ქვეყნის ბიუჯეტისთვის მძიმე და განუსაზღვრელ ფისკალურ ტვირთს ითვალისწინებს.

LB loan image desktop LB loan image mobile