„გახარია - საქართველოსთვის“ რუსეთის მიერ ცხინვალის რეგიონის ანექსიის წინააღმდეგ რეზოლუციას წარადგენს

პუბლიკა

„გახარია – საქართველოსთვის“ რუსეთის მიერ ცხინვალის რეგიონის ანექსიის წინააღმდეგ რეზოლუციას წარადგენს. კერძოდ, რეზოლუციის პროექტი მიმდინარე წლის 9 მაისს რუსეთის ფედერაციასა და ცხინვალის საოკუპაციო რეჟიმს შორის გაფორმებულ ე.წ. სამოკავშირეო ურთიერთქმედების გაღრმავების შესახებ ხელშეკრულებასა და ანექსიურ პოლიტიკაზე რეაგირებას შეეხება.

„2026 წლის 9 მაისს გაფორმებული ე.წ. „ხელშეკრულება“ არის რუსეთის მიერ ცხინვალის რეგიონის ფაქტობრივი ანექსიის მორიგი, უკიდურესად სახიფათო ეტაპი, რაც საქართველოს სუვერენიტეტის, ტერიტორიული მთლიანობისა და სახელმწიფოებრიობის წინააღმდეგ მიმართული მორიგი აგრესიული აქტია, რომელიც ითვალისწინებს ოკუპირებული რეგიონის სოციალური, ეკონომიკური, სატრანსპორტო, ენერგეტიკული, თავდაცვისა და საგარეო პოლიტიკის სფეროების რუსეთის ფედერაციასთან სრულ ინტეგრაციას.

ყველაზე მძიმე და საგანგაშო კი ის არის, რომ ამ ყველაფერზე „ოცნების“ ხელისუფლება დუმს!

ამ პირობებში საქართველოს პარლამენტი რჩება ერთადერთ სივრცედ, მკაფიო პოლიტიკური და სამართლებრივი შეფასება მისცეს რუსეთის ანექსიურ პოლიტიკას. ოცნებას ჯერ კიდევ აქვს შანსი, იმოქმედოს საქართველოს სახელმწიფო ინეტრესების დასაცავად!

ამიტომაც – მოვუწოდებთ საქართველოს პარლამენტს, შეწყიტოს დუმილი და მხარი დაუჭიროს საქართველოს ტერიტორიების ანექსიის წინააღმდეგ რეზოლუციას!

მოვუწოდებთ საქართველოს მთავრობას, შეწყვიტოს უმოქმედობა, აღადგინოს აქტიური დიპლომატიური ურთიერთობები და საერთაშორისო პარტნიორებთან რეალური თანამშრომლობა, რათა საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიების საკითხი მუდმივად იდგეს საერთაშორისო დღის წესრიგში და ჩვენი ქვეყანა არ დარჩეს მარტო რუსეთის აგრესიის პირისპირ! დღეს, როდესაც რუსეთი განაგრძობს საქართველოს ტერიტორიების მიტაცებას, ჩვენი ვალდებულებაა ვიყოთ მკაფიო და პრინციპულები ჩვენი ქვეყნის დამოუკიდებლობის, სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის სადარაჯოზე“, – განაცხადა შალვა კერესელიძემ.


13 მაისს რუსეთის დუმამ ე.წ. სამხრეთ ოსეთთან თანამშრომლობის გაღრმავების შესახებ შეთანხმების რატიფიცირება მოახდინა.

შეთანხმებას ვლადიმერ პუტინმა და ალან გაგლოევმა 9 მაისს მოაწერეს ხელი.

დოკუმენტს 15 მაისს გამოეხმაურა მაკა ბოჭორიშვილი, რომელმაც ევროსაბჭოს მინისტრთა 135-ე მინისტერიალის სესიაზე განაცხადა, რომ რუსეთი „კვლავ აგრძელებს საერთაშორისო ვალდებულებების უგულვებელყოფას და დგამს ნაბიჯებს საქართველოს რეგიონების ანექსიისკენ“.