დუმამ ე.წ. სამხრეთ ოსეთთან თანამშრომლობის გაღრმავების შეთანხმების რატიფიცირება მოახდინა

პუბლიკა

13 მაისს რუსეთის დუმამ ე.წ. სამხრეთ ოსეთთან თანამშრომლობის გაღრმავების შესახებ შეთანხმების რატიფიცირება მოახდინა.

შეთანხმებას ვლადიმერ პუტინმა და ალან გაგლოევმა 9 მაისს მოაწერეს ხელი.

რუსული სამთავრობო მედიის ცნობით, შეთანხმების თანახმად, მოსკოვი და ცხინვალი გააგრძელებენ ერთიანი ეკონომიკური სივრცის შექმნას და თანდათანობით გადავლენ საგარეო სესხებისა და უცხოური ინვესტიციების ერთიან მიდგომაზე. ასევე იგეგმება ენერგეტიკისა და სატრანსპორტო სისტემების ინტეგრაცია, საერთო კომუნიკაციებისა და ტელეკომუნიკაციების განვითარება და სოციალურ, შრომით და კულტურულ სფეროებში ურთიერთქმედების გაფართოება.

Ria.ru-ს ცნობით, დოკუმენტი ასევე მიზნად ისახავს კოორდინირებული საგარეო პოლიტიკის გატარებას და თავდაცვისა და უსაფრთხოების სფეროში მუშაობას, სოციალურ-ეკონომიკური პირობების გაუმჯობესებას, ინფრასტრუქტურის განვითარებას და კაპიტალის, საქონლის, მომსახურებისა და შრომის თავისუფალი გადაადგილების პირობების შექმნას.

9 მაისს გაგლოევთან პუტინის შეხვედრის შესახებ კრემლის მიერ გავრცელებული ოფიციალური ინფორმაციით, ალან გაგლოევმა პუტინს უთხრა, რომ ეს დოკუმენტი არის მათი მჭიდრო სამოკავშირეო ურთიერთობების ახალ დონეზე გადასვლის დასტური.

„მე, რა თქმა უნდა, ძალიან ვამაყობ, რომ შემიძლია, მონაწილეობა მივიღო ასეთ მნიშვნელოვანი დღის აღნიშვნაში, ხელი მოვაწერო სამოკავშირეო ხელშეკრულებას რუსეთის ფედერაციასა და სამხრეთ ოსეთს შორის. ეს დოკუმენტი არის ჩვენი მჭიდრო სამოკავშირეო ურთიერთობების ახალ დონეზე გადასვლის დასტური…

ბატონო პრეზიდენტო, დღეს ჩვენ თქვენთან ერთად ვდგამთ კიდევ ერთ ნაბიჯს ჩვენი ქვეყნებისა და ხალხების დაახლოებისკენ. დარწმუნებული ვარ, რომ ეს ნაბიჯი დასაბამს მისცემს ოსი ხალხის გაერთიანებას. სწორედ ამიტომ ვარ აღსავსე სიამაყის გრძნობით ამ დიდ მოვლენაში მონაწილეობის გამო, იმის გამო, რომ მომეცა შესაძლებლობა გადამედგა ნაბიჯი დიდი რუსეთისკენ ერთიანობის გზაზე, რომელიც ჩვენმა უხუცესებმა აირჩიეს“, – განაცხადა გაგლოევმა.

პუტინის თქმით, დოკუმენტი გამიზნულია საერთო სახელშეკრულებო და სამართლებრივი ბაზის გასაუმჯობესებლად, რაც ხელს შეუწყობს ვაჭრობის და ეკონომიკური ურთიერთობების კიდევ უფრო გაუმჯობესებას, ასევე სოციალური საკითხების გადაჭრას.