მაკა ბოჭორიშვილი ევროსაბჭოს მინისტრთა 135-ე მინისტერიალის სესიაზე სიტყვით გამოსვლისას გამოეხმაურა რუსეთის დუმის მიერ რუსეთსა და ე.წ. „სამხრეთ ოსეთის რესპუბლიკას“ შორის მოკავშირეობრივი თანამშრომლობის გაღრმავების შესახებ შეთანხმების რატიფიცირებას. შეთანხმების ინიციატორი ვლადიმირ პუტინია.
ბოჭორიშვილის თქმით, რუსეთის „კვლავ აგრძელებს საერთაშორისო ვალდებულებების უგულვებელყოფას და დგამს ნაბიჯებს საქართველოს რეგიონების ანექსიისკენ“.
„ამის დასტურია 2026 წლის 9 მაისს მოსკოვსა და ცხინვალში რუსეთის საოკუპაციო რეჟიმს შორის ხელმოწერილი ე.წ. მოკავშირეობისა და ურთიერთქმედების გაღრმავების შესახებ ხელშეკრულება. დღეს, როდესაც უკრაინაში კვლავ გრძელდება ომი, კიდევ უფრო ნათლად ვხედავთ, რომ ვერცერთი ქვეყანა ვერ იქნება რეალურად დაცული, თუ საერთაშორისო სამართალი შერჩევითად იმოქმედებს, თუ ოკუპაცია დროთა განმავლობაში „ახალ ნორმად“ გადაიქცევა და თუ ძალა სამართალზე მაღლა დადგება“, – თქვა მაკა ბოჭორიშვილმა.
13 მაისს რუსეთის დუმამ ე.წ. სამხრეთ ოსეთთან თანამშრომლობის გაღრმავების შესახებ შეთანხმების რატიფიცირება მოახდინა.
შეთანხმებას ვლადიმერ პუტინმა და ალან გაგლოევმა 9 მაისს მოაწერეს ხელი.
რუსული სამთავრობო მედიის ცნობით, შეთანხმების თანახმად, მოსკოვი და ცხინვალი გააგრძელებენ ერთიანი ეკონომიკური სივრცის შექმნას და თანდათანობით გადავლენ საგარეო სესხებისა და უცხოური ინვესტიციების ერთიან მიდგომაზე. ასევე იგეგმება ენერგეტიკისა და სატრანსპორტო სისტემების ინტეგრაცია, საერთო კომუნიკაციებისა და ტელეკომუნიკაციების განვითარება და სოციალურ, შრომით და კულტურულ სფეროებში ურთიერთქმედების გაფართოება.
Ria.ru-ს ცნობით, დოკუმენტი ასევე მიზნად ისახავს კოორდინირებული საგარეო პოლიტიკის გატარებას და თავდაცვისა და უსაფრთხოების სფეროში მუშაობას, სოციალურ-ეკონომიკური პირობების გაუმჯობესებას, ინფრასტრუქტურის განვითარებას და კაპიტალის, საქონლის, მომსახურებისა და შრომის თავისუფალი გადაადგილების პირობების შექმნას.
9 მაისს გაგლოევთან პუტინის შეხვედრის შესახებ კრემლის მიერ გავრცელებული ოფიციალური ინფორმაციით, ალან გაგლოევმა პუტინს უთხრა, რომ ეს დოკუმენტი არის მათი მჭიდრო სამოკავშირეო ურთიერთობების ახალ დონეზე გადასვლის დასტური.