დიდი შთაბეჭდილების ქვეშ ვიყავი, როცა თბილისის ქუჩებში ევროპულ დროშას აფრიალებდნენ - ბერბოკი

პუბლიკა

გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ანალენა ბერბოკმა ქართველ კოლეგასთან, ილია დარჩიაშვილთან ერთად ერთობლივი პრესკონფერენცია გამართა. მან აღნიშნა, რომ დიდი შთაბეჭდილება მოახდინა თბილისის ქუჩებში გამოსულმა საზოგადოებამ, რომელიც ევროკავშირის დროშას აფრიალებდა.

„გერმანიაში გასული კვირების განმავლობაში ძალიან ინტენსიურად ვაკვირდებოდით თქვენს ქვეყანაში მიმდინარე პროცესებს, თუ რა ხდებოდა „უცხოელი აგენტების“ კანონპროექტთან დაკავშირებით და ფრიალებდა ევროპული დროშები. მართლაც ვიყავი დიდი შთაბეჭდილების ქვეშ, რომ თბილისის ქუჩებში გამოდიოდნენ ქართველი ქალები და კაცები, რომლებიც აფრიალებდნენ ევროპულ დროშას, ასევე, ეს ყველაფერი ხელს უწყობდა სამოქალაქო საზოგადოების განვითარებას. ჩვენი გამოცდილება ევროპაში არის ძლიერი სამოქალაქო საზოგადოება. ეს არის არა მხოლოდ შანსი, ეს არის რწმენა ევროპულო ღირებულებებისა და ასევე არის სტიმული. ძლიერი სამოქალაქო საზოგადოება – შეიძლება ამითი იამაყო.

საქართველო არის ევროკავშირი. ამაში დაგვარწმუნა არა მხოლოდ გასულმა კვირებმა, არამედ გასულმა წლებმაც. და ადამიანები, საქართველოს მოსახლეობა, მათი ადგილი არის სწორედ ევროკავშირში, ამიტომ საქართველოში ჩამოვედი ძალიან კონკრეტული გზავნილით, ძალიან გვინდა ხაზი გავუსვათ – ჩვენ გვინდა, ვნახოთ საქართველო ევროკავშირში და გვინდა, რომ ქართველებმა გაამდიდრონ ევროკავშირი. ჩვენ მხარს დაგიჭერთ ამ გზაზე“, – განაცხადა ბერბოკმა.

გერმანიის საგარეო უწყების მინისტრმა აღნიშნა, რომ საქართველოს ჰყავს მეგობრები ბრიუსელსა და ბერლინში, რომელთა იმედიც შეიძლება ქვეყანას ჰქონდეს და რომ ისინი გულწრფელად დაუჭერენ მხარს საქართველოს ევროკავშირში გაწევრების გზაზე.

„ვინაიდან ვართ მეგობრები, ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ეს გზა ერთობლივად, გულწრფელად გავიაროთ. ყოველთვის მარტივი არ არის ამ ინტეგრაციის გზის გავლა ევროკავშირში. ჩვენ ვნახეთ ცალკეულ ქვეყნებში გასული წლებისა და ათწლეულების განმავლობაში, აუცილებელია რეფორმები, გარკვეული მუხტის არსებობა და, რა თქმა უნდა, ევროკავშირის მხრიდანაც ძალისხმევა და ეს გზა ვერ შემოკლდება. განსაკუთრებით, ღირებულებების მხრივ“, – განაცხადა ბერბოკმა.