დიდთოვლობამ გზებზე პრობლემები შექმნა

პუბლიკა

საავტომობილო გზების დეპარტამენტის ცნობით, ზუგდიდი-ჯვარი-მესტია-ლასდილის საავტომობილო გზის კმ73 მონაკვეთზე ჩამოსულია დიდი მოცულობის კლდოვანი მასა, რომელმაც ჩაკეტა გზის სავალი ნაწილი.

მათივე ინფორმაციით, ადგილზე მობილიზებულები არიან როგორც გზების დეპარტამენტის წარმომადგენლები, ასევე საჭირო ტექნიკა, რომელიც ინტენსიურად აგრძელებს გაწმენდით სამუშაობს.

ამ მიმართულებით ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა აკრძალულია.

მისაბმელიანი და ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა აკრძალულია მცხეთა–სტეფანწმინდა–ლარსის საავტომობილო გზის გუდაური(ფოსტა)-კობის მონაკვეთზე.

გარემოს ეროვნული სააგენტოს ცნობით, მლეთა-გუდაურის და გუდაური(ფოსტა)–კობის მონაკვეთებზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა განხორციელდება გაუჩერებლად გავლის რეჟიმში, გუდაური(ფოსტა)–კობის მონაკვეთზე მხოლოდ ზვავდამცავი გვირაბების გავლით.

გარემოს ეროვნული სააგენტოს ცნობით, 3-5 იანვარს საქართველოში (ძირითადად ქვეყნის დასავლეთ ნაწილში) მოსალოდნელია დროგამოშვებით წვიმა, მთიან და მაღალმთიან რეგიონებში ზოგან ძლიერი თოვა, ქარბუქი, ნისლი, ლიპყინული და ზვავსაშიშროება, ზღვაზე შესაძლებელია 3-4 ბალიანი შტორმული ღელვა.