მე-6 დღეა, დიდთოვლობაა ბათუმში. აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებლის ცნობით, დიდთოვლობის გამო, საზოგადოებრივი და საქალაქთაშორისო ტრანსპორტის მოძრაობა შეჩერებულია.
დაზიანდა 1000 მმ-იანი წყალმომარაგების ცენტრალური მილი, რომლის ლოკალიზებისა და ლიკვიდაციის სამუშაოები მიმდინარეობს. 4 500 აბონენტს გაზი ისევ არ მიეწოდება. „ბათუმელებს“ კომპანიაში უთხრეს, რომ გაზის მიწოდება დღის ბოლომდე აღდგება.
„გუშინ დაზიანდა თამარის გზატკეძილზე მილი. ამ ეტაპზე მიმდინარეობს მილის შეკეთება. დღის სხვადასხვა მონაკვეთში, დაახლოებით, 10 ათასამდე აბონენტს შეეზღუდება წყალმომარაგება. დღის ბოლომდე სამუშაოები დასრულდება.
მწვანე კონცხის ადმინისტრაციულ ერთეულში 150-მდე აბონენტს არ მიეწოდება შუქი, მაგრამ უახლოეს პერიოდში მოხდება აღდგენა. ასევე პრობლემაა გაზმომარაგების ნაწილი, მაგრამ ტექნიკური ჯგუფები ცდილობენ აღდგენას.
გაწმენდილია ესტაკატები, ხიდები, ბათუმის ცენტრალური მაგისტრალი და შემოვლითი გზა. 26 თებერვლიდან აღდგება სასწავლო პროცესიც“, – განაცხადა ბათუმის მერმა არჩილ ჩიქოვანმა.
დიდთოვლობამ პრობლემები შექმნა ქობულეთში. დაზიანდა საცხოვრებელი სახლები, წაიქცა ხეები და ბოძები. პრობლემები შეიქმნა ბუნებრივი აირის, ელექტროენერგიის და სასმელი წყლის მიწოდების კუთხით.
ქობულეთის მერიის ინფორმაციით, ელექტრო ენერგია მუნიციპალიტეტში 5000 აბონენტს არ მიეწოდება, გაზი 150 აბონენტს. ასევე დიდთოვლობამ 5-საცხოვრებელი სახლის სახურავი ჩამოანგრია. ქობულეთში მე-2 დღეა რაც მუნიციპალური ტრანსპორტი არ მოძრაობს.
მოსახლეობა შიდა სასოფლო გზების გაწმენდას მოითხოვს.
ინტენსიურად თოვს ხულოში. მაღალი ზონის სოფლებში თოვლის საფარმა მეტრნახევარს გადააჭარბა, დაბალ ზონაში კი მეტრს მიაღწია.