მოქალაქეების თქმით, დიდთოვლობის გამო ლანჩხუთის სოფლები გარესამყაროს მოწყვეტილია. გაუწმენდავია შიდა სასოფლო გზები და არ მოძრაობს ტრანსპორტი. მოქალაქეებს არ მიეწოდებათ ელექტროენერგია და წყალი.
ოზურგეთის სოფელ სოფელ კონჭკათში გარდაიცვალა კაცი, რომელიც ცდილობდა, მეზობელს სახლის გადათოვლაში დახმარებოდა.
კიდევ ერთი ადამიანი დაშავდა ასევე ოზურგეთში, სოფელ შრომაში, რომელიც თოვლისგან სახლის სახურავს წმენდდა.
მის კლინიკაში გადასაყვანად ადგილობრივი მოსახლეობა საკუთარი ძალებით ცდილობდა სოფელთან მისასვლელი გზის გაწმენდას. დაშავებული მამაკაცი კლინიკაში სწორედ მას შემდეგ გადაიყვანეს, რაც მოქალაქეებმა გზა გაწმინდეს.
„მამაკაცი ადგილობრივმა მოსახლეობა გამოიყვანა. სოფელმა გაათენა, ადგილზე 11 კაცი მუშაობდა 5 საათის განმავლობაში გზა გაწმინდეს და დაშავებული მამაკაცი გამოიყვანეს“. – ამბობენ ადგილობრივები.
ბევრი ადამიანი თავისი ოჯახის წევრებს ვერ უკავშირდება, ვინაიდან სოფლებს არ მიეწოდებათ ელექტროენერგია, შესაბამისად, ელემენტებისგან დაცლილია მათი ტელეფონები და სხვა მოწყობილობები.
მოქალაქე თეო სილაგაძე ვერ უკავშირდება მარტო მცხოვრებ ბებიას სოფელ შრომაში.
„ბებოს ვერ ვუკავშირდებით, მარტო ცხოვრობს, ისიც არ ვიცით, ცოცხალი არის თუ არა, სამაშველო ვერ ადის, ცენტრალური გზაც კი გასაწმენდია, სახურავი გადმოსათოვლი იყო ბოლოს რომ ვესაუბრეთ, სასწრაფო დახმარებამ ბოდიში მოგვიხადა, ვერ ავდივართო, ოზურგეთის რაიონი სოფ. შრომა (ოხოჯური) ელექტროენერგია გამორთულია, მეზობლებსაც ვერ ვუკავშირდები, ყველა გზა და რესურსი ამოვწურეთ, სახურავი ვერ გაუძლებდა და მარტო ვერ შეძლებდა გადმოეთოვლა, შეშაც გამოელეოდა . გარეთ გასვლასაც წესით ვერ მოახერხებდა”. – წერს თეო სილაგაძე.
ნინო მარშანიშვილი ამბობს, რომ ვერ უკავშირდება თავისი ოჯახის წევრებს ლანჩხუთის სოფელ კოკათში.
თუმცა, მარშანიშვილი ელაპარაკა სხვა ადამიანს ამავე სოფლიდან.
„ახლა ვესაუბრე სოფელ ლანჩხუთის რაიონის სოფელი კოკათის ერთ ერთ მცხოვრებს და როგორც მითხრა, საშინელი სიტუაციაა. ჩემებს უკვე რამდენიმე დღეა, ვერ ვუკავშირდები. ტელეფონები დამჯდარი აქვთ. როგორც მითხრა, ერთი სახლი ჩამონგრეულა და კაცია მოყოლილი. არ ვიცი ჯერ მდგომარეობა როგორაა, იქნებ ვინმემ რამე ყურადღება მიაქციოთ.
სოფელ ხორეთში ჩაწოლილ 90 წლის ბაბუსთან ერთად არიან დედაჩემი და დეიდაჩემი. სახლი ავარიულია და მეორე დღეა კონტაქტი არ მაქვს”. – დაწერ ნინო მარშანიშვილმა.
„ოზურგეთში გაბრიელ ეპისკოპოსის 4ა, ვარ საშინელი მგომარეობაში. მარტოხელა დედა ვარ ორი ბავშვით და ძველ სახლში ვარ, არ ჩამოინგრეს მეშინია, ეგებ ვინმემ დამეხმაროთ”.- წერს ნანა ღლონტი.
„მეგობრებო, ზემო შრომაში ხდება კატასტროფა. მე და ჩემი მეგობარი გავედით იქიდან ფეხით 22 თებერვალს (ძლივს), სანამ ახალი შტორმი არ დაიწყო. ჩვენი მეგობრები და მათი ოჯახი (მათ შორის 75 წლის ქალი), პლიუს 6 ძაღლი და 10 კატა დარჩნენ იქ. გუშინ მათი სახურავის ნაწილი ჩამოინგრა. სახლიდან უკვე ვერ გადიან. დენი, წყალი, ინტერნეტი არ აქვთ. სასწრაფოდ არი საჭირო, ვინმე დაეხმაროს მათ და არა მარტო მათ. რაც ხდება შრომაში, არი სრული კატასტროფა”. – წერს მარიამ ფესვიანიძე.
მოქალაქეებმა „ფეისბუქზე” გააკეთეს ჯგუფი „მოხალისეები გურიისთვის”.
ისინი ცდილობენ რესურსების მობილიზებას და გურიაში ჩასვლას ადგილობრივების დახმარების მიზნით. მოხალისეებს სურთ, მონაწილეობა მიიღონ როგორც გზის გაწმენდაში, ისე ადგილზე ჩაიტანონ საჭირო მედიკამენტები.
გურიაში ჩასვლას გეგმავენ ოფროუდერები და ის მოქალაქეები, რომლებსაც აქვთ მთაში, თოვლში სიარულის გამოცდილება.
ლანჩხუთის მერმა, ალექსანდრე სარიშვილმა „რუსთავი 2″-თან თქვა, რომ „ის ტექნიკა, რომელიც იყო მობილიზებული ფიზიკურად ვერ ახერხებს თოვლის წმენდას, მხოლოდ საჭიროა ე.წ. მუსენიციანი, რკინის საბურავებიანი ტექნიკის მუშაობა”.
„გვაქვს ისეთი ადგილები, სადაც ჯერ ფიზიკურად მოსახლეობასთან ვერ მივედით და კომუნიკაცია არ გვაქვს, თოვლის საფარმა ამ სოფლებში 2 მეტრსა და 20 სანტიმეტრს გადააჭარბა, მათ შორის ქალაქშიც უკვე მეტრამდეა თოვლი, ყველა სამსახური ჩართულია, 24-საათიანი მუშაობა მიმდინარეობს, მაგრამ როგორც კი მოხდება თოვლის წმენდა, იმდენად ინტენსიური თოვაა, ფაქტობრივად თოვლი ისევ თავიდან საწმენდი ხდება.
ამ ეტაპისთვის შემიძლია ვთქვა, რომ კვლავ უმძიმესი მდგომარეობაა, მოსახლეობა ითხოვს შველას, 40-მდე სახლია დაზიანებული, უფრო მეტი შემოდის ზარები, რომ სახლები იმტვრევა თოვლის მასიდან გამომდინარე“. – ამბობს ალექსანდრე სარიშვილი.
„ქართული ოცნების” პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ გურიის დიდთოვლობაზე კომენტარი არ გააკეთა.
„ქართული ოცნების” პარლამენტის თავმჯდომარე კი ირწმუნება, რომ მძიმე ვითარებაა ამინდის მხრივ, სახელმწიფო კი სრულად მობილიზებლია.
„უპირველეს ყოვლისა, სხვადასხვა დასახლებულ პუნქტებთან მისასვლელი გზები იყოს გაწმენდილი, რომ კომუნიკაცია შედგეს და ასევე, მოსახლეობას ჰქონდეს ყველა პირველი საჭიროება.
[…]
სტიქია გრძელდება, სტიქია რა, თოვლი არის, რომელიც კვლავ გრძელდება და ამ პირობებში აკეთებენ ყველაფერს, რომ კომუნიკაციები იყოს. სახელმწიფო ყველა ზომას იღებს, რომელიც საჭიროა სტიქიის აღმოსაფხვრელად”. – თქვა პაპუაშვილმა.
კითხვაზე, რატომ არ მოხდა დიდთოვლობისთვის მომზადება, როცა ამინდის პროგნოზის შესაბამისად, ეს მოსალოდნელი იყო, „ოცნების” პარლამენტის თავმჯდომარე კვლავ იმეორებს, რომ „სახელმწიფო ყველა ზომას იღებს როგორც პრევენციისთვის, ისე ზიანის აღმოსაფხვრელად”.