დილიდან ჩხრეკა მიმდინარეობს ფონდების დამფუძნებლების სახლებში

პუბლიკა

დილის, დაახლოებით, 08:30 საათიდან პროკურატურის წარმომადგენლები მივიდნენ ნანუკა ჟორჟოლიანის და მარიამ ბაჯელიძის სახლებში. ორივე მათგანი სახლში მცირეწლოვან შვილებთან ერთად იმყოფებოდა – არცერთ მათგანს არ მისცეს უფლება, დალოდებოდა ადვოკატის მოსვლას. ადვოკატები ადგილზე თითქმის 2 საათის შემდეგ მივიდნენ. მანამდე ბაჯელიძემ და ჟორჟოლიანმა ტელეფონებით გაუშვეს პირდაპირი ეთერები, თუმცა ტრანსლაცია რამდენიმე წუთში გაითიშა.

ჩხრეკა ტარდება „ადამიანის უფლებათა ცენტრის“ დირექტორის, ალეკო ცქიტიშვილის სახლშიც. ინფორმაცია მისმა ცოლმა სოციალურ ქსელში გაავრცელა.

იმ განჩინების თანახმად, რომლის საფუძველზეც პროკურატურა მარიამ ბაჯელიძის სახლში შევიდა, მითითებულია სისხლის სამართლის კოდექსის 318-ე და 319-ე მუხლები. 318-ე მუხლი გულისხმობს საბოტაჟს, 319-ე კი „უცხო ქვეყნისათვის, უცხოეთის ორგანიზაციისათვის ან უცხოეთის კონტროლს დაქვემდებარებული ორგანიზაციისათვის მტრულ საქმიანობაში დახმარებას“.

საქმე ეხება პროკურატურის მიერ ე.წ. საბოტაჟის საქმეზე ვატო შაქარიშვილის მიმართვის შედეგად დაწყებულ გამოძიებას. ამ გამოძიების ფარგლებში დააყადაღეს „ნანუკას ფონდის“, „ფროსფერითის“, „თბილისის ადამიანის უფლებათა სახლის“, „სირცხვილიას“ და „ფონდის ერთმანეთისთვის“ საბანკო ანგარიშები.

მარიამ ბაჯელიძე წარსულში „სირცხვილიას“ წევრი იყო, თუმცა, წლებია, აღარ არის ჩართული მის საქმიანობაში. ამასთან, თავად მოძრაობაც აღარ მუშაობს 2024 წლის სექტემბრიდან.

სხვა ფონდები საპროტესტო აქციების გამო დაპატიმრებულთა ოჯახებსა და დაჯარიმებულ მოქალაქეებს ფინანსურად ეხმარებოდნენ. პროკურატურამ მათი ანგარიშები 17 მარტს დააყადაღა.

„პუბლიკა“ ცდილობს პროკურატურასთან დაკავშირებას.