დილითაც გაიწმინდა შადრევანი, პრობლემა არ ჰქონია, ექსპერტიზის საფუძველზე ჩავიბარეთ - მერიის სამსახურის უფროსი

პუბლიკა

ვაკის პარკში მომხდარ შემთხვევასთან დაკავშირებით ვაკე-საბურთალოს პოლიციაში თბილისის მერიის გარემოს დაცვის საქალაქო სამსახურის უფროსის, გიგა გიგაშვილი გამოკითხვა მიმდინარეობს.

როგორც მან ჟურნალისტებს განუცხადა, ვაკის პარკში შადრევნის ჩაბარება ექსპერტიზის საფუძველზე მოხდა.

„გამოკითხვაზე ვარ დაბარებული. შადრევანი დასრულებული და შემოწმებული იყო. ექსპერტიზის დასკვნის საფუძველზე ჩავიბარეთ. ექსპერტიზა აკრედიტებულმა ექსპერტიზის ბიურომ ჩაატარა. დატესტილი იყო, ექსპერტიზაც ჰქონდა ჩატარებული. შესაბამისად, რა მოხდა, ამას გამოძიება დაადგენს. არავინ იცის, რამ გამოიწვია. ექსპერტიზა ჩატარდება და დაადგენს.

დილითაც გაიწმინდა შადრევანი, არანაირი პრობლემა არ ჰქონია. რამე პრობლემა რომ ჰქონოდა, რეაბილიტაციაშიც ვერ ჩაეშვებოდა. ხარვეზი არ გამოვლენილა, რამდენჯერმე სატესტო რეჟიმში იყო ჩართული და ჩვენი თანამშრომლები ყოველდღიურად ასუფთავებენ ამ შადრევანს, ჩართულსაც და გამორთულსაც, აქამდე არანაირი პრობლემა არ ყოფილა”, – განაცხადა გიგა გიგაშვილმა.

საზოგადოებრივი მაუწყებლის ცნობით, ვაკე-საბურთალოს პოლიციაში გამოკითხვაზე იმყოფებიან კომპანია „გრინ სერვისის“ წარმომადგენლებიც.

თბილისის მერის, კახა კალაძის თქმით, პროექტში ცენტრალური კონკტრაქტორი „გრინსერვისი” იყო.


დღეს ვაკის პარკის შადრევანში ბავშვებს ბურთი ჩაუვარდათ და ამოღებისას 3 მათგანს დენმა დაარტყა. მათგან ერთი კლინიკაში გადაყვანის შემდეგ დაიღუპა.

შსს-ს ცნობით, მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსი 240-ე პრიმა მუხლითაა დაწყებული, რაც ელექტრო– ან თბოენერგიის, გაზის, ნავთობის ან ნავთობპროდუქტების ობიექტზე უსაფრთხოების წესების დარღვევას გულისხმობს.