დიპლომატიური და ოფიციალური რეაგირება უფრო მეტად მთავრობის პრეროგატივაა - კობახიძე სანქცირებულთა სიაზე

პუბლიკა

„ქართული ოცნების“ თავმჯდომარე, ირაკლი კობახიძე აცხადებს, რომ უკრაინის სანქცირებულთა სიაში პარტიის დამფუძნებლის, ბიძინა ივანიშვილის ნათესავების მოხვედრას დიპლომატიური, ოფიციალური პასუხი მთავრობამ უნდა გასცეს.

„იმედი LIVE-ში“ საუბრისას მან აღნიშნა, რომ პარტიამ უკრაინის ხელისუფლების გადაწყვეტილება პოლიტიკურად უკვე შეაფასა, სხვა მხრივ კი, მისი თქმით, მთავარია, ომში მყოფ უკრაინას, როგორც მეგობარ ქვეყანას, საქართველომ ანგარიში გაუწიოს.

„რაღაცებს ანგარიში უნდა გავუწიოთ, მაგრამ რეაგირების გარეშე ბოლომდე ვერ დარჩება. პოლიტიკური რეაგირება გვქონდა, შევაფასეთ. რაც შეეხება დიპლომატიურ რეაგირებას და ოფიციალურ რეაგირებას, ეს არის უფრო მეტად მთავრობის პრეროგატივა. ჩვენ მზად ვართ კონსულტაციებისთვის, გვექნება პრემიერთან ალბათ ეს კონსულტაციები. მაგრამ რაც მთავარია, ისაა, რომ ქვეყანას ანგარიში უნდა გავუწიოთ, ხალხს, ეს არის მეგობარი ქვეყანა, მეგობარი ხალხი და როგორც უნდა იქცეოდეს ხელისუფლება, ეს არის ანგარიშგასაწევი ფაქტორი. ემოციებს არ უნდა ავყვეთ“, – განაცხადა მან.


უკრაინა რუსეთის წინააღმდეგ ახალ სანქციებს აწესებს. სანქცირებულთა სიაში რუსეთის მოქალაქეები, რუსეთში მომუშავე ფიზიკური და იურიდიული პირები არიან. სანქცირებულთა შორის აღმოჩნდნენ ბიძინა ივანიშვილის ნათესავებიც.

სანქცირებულთა სიაში არის ბიძინა ივანიშვილის ძმა – ალექსანდრე ივანიშვილი და მისი ცოლი – ქეთევან ხარაიძე, ასევე ბძინა ივანიშვილის დეიდაშვილი – უჩა მამაცაშვილი და უჩა მამაცაშვილის შვილი – ტიტე მამაცაშვილი.

სანქცირებულთა სიაში მოხვდნენ რუსეთში მომუშავე სხვა ქართველი ბიზნესმენებიც – დავით იაკობაშვილი, ასევე ალექსანდრე და გიორგი ჯაფარიძეები.

უკრაინის პრეზიდენტის ბრძანებულება საპარლამენტო უმრავლესობის წევრებმა შანტაჟსა და მეორე ფრნტის გახსნის მოთხოვნას დაუკავშირეს.

LB loan image desktop LB loan image mobile