დიპლომატთა საზოგადოება: მინისტრის მოადგილისთვის წარმომადგენლის სტატუსი დიპლომატიური ურთიერთობების აღდგენის ერთგვარ ფორმად შეიძლება ჩაითვალოს

პუბლიკა

„საქართველოს დიპლომატთა საზოგადოების“ განცხადებით, უსეთთან ურთიერთობების საკითხებში საქართველოს პრემიერ-მინისტრის სპეციალური წარმომადგენლის მანდატის გაფართოება და ამ პოზიციაზე საგარეო საქმეთა მინისტრის მოქმედი პირველი მოადგილის დანიშვნა სახიფათო ტენდენციაა.

განცხადების ავტორთა შეფასებით, ამ გადაწყვეტილებამ შესაძლოა რუსეთთან დიპლომატიური ურთიერთობების აღდგენის საფუძველი შექმნას, რაც საქართველოს აქამდე დეკლარირებულ მიდგომას ეწინააღმდეგება.

განცხადებაში აღნიშნულია, რომ აქამდე რუსეთთან ურთიერთობების საკითხებში საქართველოს სპეციალური წარმომადგენელი საგარეო საქმეთა სამინისტროს მოქმედი დიპლომატი არ ყოფილა. ამასთან, სპეციალური წარმომადგენლის მანდატი მხოლოდ ეკონომიკურ, კულტურულ და ჰუმანიტარულ საკითხებს მოიცავდა, ხოლო რუსულ მხარესთან შეხვედრები არაფორმალურ ხასიათს ატარებდა.

„საგარეო საქმეთა მინისტრის მოქმედი პირველი მოადგილისთვის ამ სტატუსის მინიჭება დიპლომატიური ურთიერთობების აღდგენის ერთგვარ ფორმად ან ამისთვის საფუძვლის მომზადებად შეიძლება ჩაითვალოს“, — ნათქვამია განცხადებაში.

დიპლომატები განსაკუთრებით პრობლემურად მიიჩნევენ სპეციალური წარმომადგენლის მანდატისთვის „რუსეთის ფედერაციასთან კონფლიქტის მშვიდობიანი მოგვარების“ საკითხის დამატებას. მათი შეფასებით, ეს ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების ფორმატისთვის პირდაპირი ალტერნატივის შექმნას ნიშნავს.

განცხადებაში ხაზგასმულია, რომ საქართველოს დიპლომატიის ერთ-ერთი მიზანი რუსეთთან კონფლიქტის საერთაშორისო ფორმატში განხილვა და მოლაპარაკებებში საქართველოს რუსეთის პირისპირ მარტო არ დატოვება იყო.

სწორედ ამ კონტექსტში განცხადების ავტორი ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების მნიშვნელობაზე ამახვილებს ყურადღებას. ეს ფორმატი 2008 წლის 12 აგვისტოს ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების საფუძველზე შეიქმნა. მასში ევროკავშირი, გაერო და ეუთო მედიატორების როლს ასრულებენ, ხოლო აშშ მონაწილეობს.

„მიღებული გადაწყვეტილება წინააღმდეგობაში მოდის როგორც დიპლომატიური ურთიერთობების არქონის პრინციპულ მიდგომასთან, ასევე საფრთხის ქვეშ აყენებს ჟენევის ფორმატს და აზიანებს კონფლიქტის მშვიდობიანი მოგვარების პერსპექტივას“, — ნათქვამია განცხადებაში.

რუსეთთან ურთიერთობის საკითხებში პრემიერ-მინისტრის სპეციალურ წარმომადგენლად საგარეო საქმეთა მინისტრის პირველი მოადგილე გიორგი ზურაბაშვილი დაინიშნა. ზურაბაშვილი ბრიფინგზე ირაკლი კობახიძემ წარადგინა.

კობახიძის თქმით, „რუსეთთან კონფლიქტის მშვიდობიანი მოგვარება, არსებული სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობების შენარჩუნება და განვითარება და ჰუმანიტარულ საკითხებზე დიალოგი საქართველოს ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი პრიორიტეტია“. მისივე თქმით, ჟენევის ფორმატთან ერთად სპეციალურ წარმომადგენელს ამ ამოცანების შესრულებაში საკვანძო მნიშვნელობა ენიჭება.

კობახიძის თქმით, გიორგი ზურაბაშვილი განაგრძობს საგარეო საქმეთა მინისტრის პირველი მოადგილის მოვალეობის შესრულებას.