დირექტორის თქმით, ენათმეცნიერების ინსტიტუტი ემიჯნება ლინგვისტ მარინა ბერიძის პოზიციას

პუბლიკა

არნოლდ ჩიქობავას სახელობის ენათმეცნიერების ინსტიტუტის დირექტორი, ნანა მაჭავარიანი აცხადებს, რომ საკონსტიტუციო სასამართლოს სხდომაზე რუსული კანონის მოსარჩელეების მიერ მიწვეული ენათმეცნიერის, მარინა ბერიძის მიერ გამოთქმული მოსაზრებები არ შეესაბამება ინსტიტუტის პოზიციას.

ნანა მაჭავარიანის კომენტარი სამთავრობო ტელეარხმა, „რუსთავი 2″-მა გაავრცელა.

მაჭავარიანმა არხს უთხრა, რომ „ის საკითხები, რაზეც მარინა ბერიძე საუბრობდა, უფრო ფსიქოლოგიურია, ვიდრე ენათმეცნიერული, ვინაიდან ის, თუ როგორ აღიქვამს გარკვეულ შესიტყვებას ადამიანი, არის მისი განწყობის საქმე”.

მან ასევე განაცხადა, რომ „არასწორად იყო შერჩეული პროფესიაც და პიროვნებაც”.

ენათმეცნიერი მარინა ბერიძე საკონსტიტუციო სასამართლოში რუსული კანონის მოსარჩელეების ინტერესების შესაბამისად წარდგა. მან ისაუბრა იმის შესახებ, თუ როგორ შეიძლება, კანონის სახელი „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ” იყოს სტიგმის მიმნიჭებელი იმათ მიმართ, ვიზეც ეს კანონი ვრცელდება, იმის მიუხედავად, რომ მასში ვერ ვხვდებით სიტყვა „აგენტს”.

თავისი არგუმენტების განსამტკიცებლად ბერიძემ ჩატარებული კვლევის მიგნებებიც გამოიყენა.

„რუსთავი 2″-ის თანახმად, ნანა მაჭავარიანის განცხადებით:

“მისი პოზიცია არ ემთხვევა არნოლდ ჩიქობავას სახელობის ენათმეცნიერების ინსტიტუტის პოზიციას, ინსტიტუტს ასეთი კვლევა, რასაც იგი თვითონ კვლევას ეძახის, არ დაუვალებია მისთვის და მოკლედ რომ გითხრათ, ეს არ არის ინსტიტუციური კვლევა. რა საკითხებსაც ის შეეხო, კარგი იქნებოდა, უფრო გასაგები ენით რომ ესაუბრა საზოგადოებასთან, იმიტომ რომ, როგორც მერე გამოჩნდა, ძალიან ბევრმა ვერ გაიგო, რის თქმა უნდოდა და რაზე აკეთებდა აქცენტებს”.