დირექტორმა თანამდებობა დატოვა - ვანის საგანმანათლებლო რესურსცენტრი განცხადებას ავრცელებს

პუბლიკა

ვანის საგანმანათლებლო რესურსცენტრი განცხადებას ავრცელებს, რომელშიც ნათქვამია, რომ სოფელ შუამთის სკოლის დირექტორმა, „რომლის მეუღლეც არასრულწლოვანის მიმართ გარყვნილი ქმედების შესაძლო ჩადენის საქმეში ფიგურირებს“, 5 მაისს დატოვა დაკავებული თანამდებობა.

„მაღალი საზოგადოებრივი ინტერესიდან გამომდინარე გაცნობებთ, რომ ვანის რაიონის სოფელ შუამთის საჯარო სკოლის დირექტორმა, რომლის მეუღლეც ფიგურირებს არასრულწლოვანის მიმართ გარყვნილი ქმედების შესაძლო ჩადენის საქმეში, 5 მაისს დატოვა დაკავებული თანამდებობა.

ჩვენთვის კატეგორიულად მიუღებელია და ვგმობთ ნებისმიერი ტიპის მსგავს ქმედებას, განსაკუთრებით არასრულწლოვანების მიმართ.

მოგახსენებთ, რომ სკოლა და რესურსცენტრი გამოძიებასთან აქტიურად ვთანამშრომლობთ. შესაბამისი უწყების მიერ საქმეზე მიმდინარეობს გამოძიება სსკ-141-ე მუხლის პირველი ნაწილით“, – აღნიშნულია განცხადებაში.

ვანში არასრულწლოვნების მიმართ განხორციელებული შესაძლო გარყვნილი ქმედების ფაქტზე გამოძიება შსს-მ გამოძიება 1 მაისს დაიწყო.

„მიმდინარე წლის 1 მაისს, ვანის რაიონულ სამმართველოში მიღებული ოპერატიული ინფორმაციის საფუძველზე, არასრულწლოვნების მიმართ შესაძლო გარყვნილი ქმედების ფაქტზე დაიწყო გამოძიება.

გამოძიების ფარგლებში 1 მაისსვე დაიწყო საგამოძიებო მოქმედებები, მათ შორის კანონიერი წარმომადგენლის- მშობლის თანდასწრებით გამოიკითხნენ არასრულწლოვნები. მომდევნო დღეებში ჩატარდა ასევე არაერთი საგამოძიებო მოქმედებები, მათ შორის დამატებით გამოიკითხნენ საქმესთან შემხებლობაში მყოფი პირები, სკოლის მოსწავლეები, სკოლის პედაგოგები, საქმეზე გრძელდა გამოძიება ტარდება ყველა საჭირო საპროცესო და საგამოძიებო მოქმედება“,- აცხადებენ შსს-ში.

საქმეზე გამოძიება გრძელდება სსკ-141-ე მუხლის პირველი ნაწილით. შსს-ს ცნობით, გამოძიების ფარგლებში ყველა იმ პირს დაიბარებენ და გამოკითხავენ, ვისაც აქვს ნებისმიერი ინფორმაცია საქმესთან დაკავშირებით.

მომხდართან დაკავშირებით განცხადება გაავრცელა სახალხო დამცველმა.  სახალხო დამცველი მოუწოდებს საგამოძიებო ორგანოებს დროული და ეფექტიანი რეაგირებისკენ.

6 მაისს, სოციალურ მედიაში გავრცელდა არასრულწლოვანის მიმართ განხორციელებული, სავარაუდო სექსუალური ხასიათის ქმედების ამსახველი ვიდეოკადრები. ვიდეოკადრები თავდაპირველად გამოცემა „ქრონიკა +”-ის რედაქტორმა ელისო კილაძემ გაავრცელა.