დირექტორთა ახალი კონკურსი - შანსი ცვლილებებისთვის

პუბლიკა

განათლების მინისტრის განცხადებით „უახლოეს მომავალში“ დირექტორობის მსურველებისთვის ახალი კონკურსი დაინიშნება და ყველა ადამიანს, ვისაც აქვს სერტიფიკატი, ან სურს მისი მოპოვება, კონკურსში მონაწილეობის შესაძლებლობა ექნება.

მინისტრის განცხადებით, სამინისტრო სერტიფიცირების ახალ კონკურსს გამოაცხადებს, სერტიფიცირების დასრულების შემდეგ კი, იმ სკოლებში, რომლებშიც დირექტორები არ არიან არჩეულები, კონკურსი გამოცხადდება. ასეთი კი 1000-ზე მეტი სკოლაა.

მინისტრის ამ განცხადებას წინ უძღოდა 6-თვიანი პროტესტი. ივნისიდან მოყოლებული, კონკურსის რამდენიმე კანდიდატი სამინისტროს პროცედურულ დარღვევებზე მიუთითებდნენ და სასამართლოსაც მიმართეს.

პროტესტი ინტენსიური და პერმანენტული გახდა ოქტომბრიდან, კანდიდატები აქციებს მართავდნენ სამინისტროსთან, მიმართეს პროტესტის უკიდურეს ფორმასაც.

სერტიფიცირების თავიდან გამოცხადება და სკოლებში კონკურსის დანიშვნა შანსია ამ ადამიანებისთვის, რომლებიც დირექტორთა კონკურსში დარღვევებზე საუბრობენ და პროცესის გაუმჭვირვალედ ჩატარებისთვის სამინისტროს პასუხებს სთხოვდნენ.

დირექტორთა სერტიფიცირების პროცესში არსებულ ხარვეზებზე განათლების სფეროს მკვლევრები და განათლების სისტემაში დასაქმებული ადამიანები მრავალი წელია საუბრობენ და ამიტომაც ახალ კონკურსამდე ჩნდება შესაძლებლობა, შეიცვალოს სკოლებში დირექტორების წარდგენის წესი და პროცესი უფრო გამჭვირვალე გახდეს.

რა უნდა შეიცვალოს?

რა შეიძლება შეიცვალოს სისტემაში ისე, რომ დირექტორთა სერტიფიცირებისა და შემდგომ დანიშვნის პროცესი უფრო გამჭვირვალე და სანდო გახდეს?

განათლების მკვლევრის, შალვა ტაბატაძის თქმით, უნდა შეიცვალოს სკოლებში დირექტორობის კანდიდატების წარდგენის წესი.

სერტიფიცირებულ კანდიდატს უნდა მიეცეს ავტომატურად მისთვის სასურველ სკოლაში დირექტორობის კანდიდატად დარეგისტრირების უფლება სამინისტროს მიერ დანიშნული გასაუბრების გარეშე და მისი შესაბამისობა უნდა გადაწყვიტოს მხოლოდ სკოლების სამეურვეო საბჭომ.

შალვა ტაბატაძის თქმით, აუცილებელია შეიქმნას სამუშაო ჯგუფი, რომელიც უზრუნველყოფს სკოლის დირექტორობის შერჩევისა და არჩევის ახალი წესის შემუშავებას, რომლის საფუძველზეც მომავალში ჩატარდება დირექტორების კონკურსი.

სამუშაო ჯგუფის შექმნას და სკოლებში დირექტორთა წარდგენის წესის შეცვლას ითხოვს 19 საზოგადოებრივი ორგანიზაციაც.

6 დეკემბერს გავრცელებულ განცხადებაში ორგანიზაციები მოითხოვენ, შეიცვალოს სკოლებში დირექტორობის კანდიდატების წარდგენის წესი და შეიქმნას, სპეციალური კომისია, რომელიც უზრუნველყოფს სკოლის დირექტორობის შერჩევისა და არჩევის ახალი წესის შემუშავებას, რომლის საფუძველზეც მომავალში ჩატარდება დირექტორების კონკურსი.

„სანდოობის უზრუნველყოფის მიზნით, მნიშვნელოვანია, რომ აღნიშნული კომისია დაკომპლექტებული იყოს მაღალი რეპუტაციის მქონე თემატური საზოგადოებრივი ორგანიზაციების, განათლების სპეციალისტების, სახალხო დამცველისა და სხვა შესაბამისი წარმომადგენლების მიერ“, – ნათქვამია 6 დეკემბერს გავრცელებულ განცხადებაში.

სამოქალაქო ორგანიზაციები აღნიშნავენ, რომ საზოგადოებრივი პროტესტი და პროცესის მონიტორინგი მნიშვნელოვანია. პროტესტს ცვლილებების მოტანა შეუძლია და ამას მოვლენების განვითარებაც ადასტურებს.

ორგანიზაციები აღნიშნავენ, რომ წესში ცვლილებები შესაძლებელს გახდის პროცესი გამჭვირვალე და სანდო გახდეს, თუმცა პოლიტიზებისგან სისტემის დაცვის გარანტი ვერ გახდება, რადგან სისტემის დეპოლიტიზებას პირველ რიგში მმართველი პარტიის პოლიტიკური ნება სჭირდება.

რას ითხოვენ კანდიდატები?

დირექტორთა კონკურსის მონაწილე კანდიდატები პროცესში არსებულ მთელ რიგ ხარვეზებზე საუბრობენ და ამბობენ, რომ ახალი კონკურსის დანიშვნის შემთხვევაში აუცილებელია – გასაუბრებამდე ცნობილი გახდეს კრიტერიუმები, რომლითაც შეფასდებიან კანდიდატები, ასევე მოითხოვენ გასაუბრებების ვიდეოჩაწერას და კონკურსთან დაკავშირებული გადაწყვეტილებების ვადების დაცვით გამოცხადებას.

მაია ეკალაძემ და დავით ფერაძემ დღეს სამინისტროში განცხადება დატოვეს, რომლითაც სამინისტროს 7 კითხვაზე პასუხს სთხოვენ:

  • დასახელდეს კონკრეტული თარიღები, როდის გაიმართება გასაუბრება და სერტიფიკატების გადაცემა გამოცდაჩაბარებული კანდიდატებისთვის და როდის წარედგინება კანდიდატები ვაკანტურ სკოლებს;
  • რომელი ორგანიზაციებისა და პერსონების ჩართვა იგულისხმება პროცესის ინკლუზიურობისა და გამჭვირვალობის უზრუნველსაყოფად?
  • მოითხოვენ ვიდეოგადაღებას არა ნებაყოფლობით, არამედ სავალდებულოდ გასაუბრების ყველა მონაწილისთვის; მნიშვნელოვანია, ვიდეო-ჩანაწერში მკაფიოდ ისმოდეს მოსაუბრეთა ხმები;
  • აბსოლუტურად ყველა დეტალი ჩაიწეროს დირექტორის შერჩევის წესში, მათ შორის კრიტერიუმები და მათი შეფასების ინდიკატორები ქულებით;
  • შედეგები გაცხადდეს კონკურსანტისთვის გასაუბრების დასრულებისთანავე და კონკურსანტის სურვილის შემთხვევაში განიმარტოს ინდიკატორებით.

როგორია დირექტორთა შერჩევის მოქმედი წესი 

დირექტორობის მსურველს სისტემა ოთხი აუცილებელი ეტაპის გავლას სთხოვს. პირველი ეტაპი ტესტირებაა.

ტესტირებაზე საკმარისი რაოდენობა ქულების დაგროვების შემთხვევაში კანდიდატი გადადის გასაუბრების ეტაპზე. გასაუბრების ეტაპის დაძლევის შემთხვევაში ენიჭება სერტიფიკატი, რაც ნიშნავს იმას, რომ კანდიდატი ფლობს სკოლის დირექტორობისთვის საჭირო ცოდნასა და უნარებს.

ამის შემდეგ კანდიდატებს კიდევ ერთი გასაუბრების გავლა უწევს განათლების სამინისტროში. სამინისტროში შექმნილი კომისია ისმენს კანდიდატების ხედვას იმ სკოლებზე, რომლებშიც მათ სურთ არჩევნებში მონაწილეობა.

კომისიის დადებითი გადაწყვეტილების შემთხვევაში კანდიდატს სამინისტრო წარუდგენს სკოლას არჩევნებში მონაწილეობისთვის. სწორედ ამ ეტაპის გაუქმებას ითხოვენ საზოგადოებრივი ორგანიზაციები და განათლების მკვლევრები.

მეოთხე და საბოლოო ეტაპს კანდიდატი სკოლის სამეურვეო საბჭოსთან გადის. სამეურვეო საბჭოსთან გასაუბრების შემდეგ მიიღება გადაწყვეტილება კანდიდატის არჩევასთან დაკავშირებით.