გამოცხადდეს ხელახალი კონკურსი 1200 სკოლაში - შალვა ტაბატაძე

პუბლიკა

მეორე დღეა რაც განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსთან პედაგოგმა, დირექტორთა კონკურსის მონაწილემ მაია ეკალაძემ შიმშილობა დაიწყო. ის კიდევ ერთ კონკურსანტთან, პედაგოგ დავით ფერაძესთან ერთად პროტესტის მიზნით აქციებს პერმანენტულად 6 თვის განამავლობაში მართავს.

პედაგოგები 4 დელემბერს განათლების მინისტრს შეხვდნენ, მაგრამ შეხვედრის შემდეგ პროტესტი გააგრძელეს, რადგან მათი თქმით, ვერ მიიღეს პასუხი „კონკრეტული დანაშაულის“ შესახებ, რომელიც დირექტორობის კანდიდატებთან გასაუბრების პროცესს შეეხებოდა.

პედაგოგების პროტესტს გამოეხმაურა გაანთლების საკითხების მკვლევარი შალვა ტაბატაძე და არსებულ სიტუაციაში შესაძლო გამოსავალის შესახებ Facebook პოსტში დაწერა. პოსტს უცვლელად გთავაზობთ:

„განათლების და მეცნიერების სამინისტროს წინ ორი მასწავლებელი, დირექტორობის კანდიდატი, პროტესტის ნიშნად შიმშილობს.

ვფიქრობ მხოლოდ მოწოდებები, რომ შიმშილობა შეწყვიტონ ან მოწოდებები, რომ სამინისტრო დათანხმდეს მოთხოვნებს საკმარისი არ არის სიტუაციის განსამუხტად, სიტუაციის განმუხტვა კი ძალიან სწრაფად უნდა მოხდეს. ამიტომ, ალბათ გარკვეული გამოსავალიც უნდა შევთავაზოთ:

1) გამოცხადდეს ხელახალი კონკურსი 1200 სკოლაში, სადაც სამეურვეო საბჭომ არ/ვერ აირჩია კანდიდატები (გვესმის, რომ უმრავლესობაში ისევ არ იქნება კანდიდატი, მაგრამ 300-350 სკოლაა, სადაც შესაძლებელია იყოს კანდიდატები და 500 სერტიფიცირებული სკოლის დირექტორობის კანდიდატია, რომლებმაც შეიძლება მონაწილეობა მიიღონ ხელახალ არჩევნებში, თუმცა ფრუსტრაცია და იმედგაცრუება იმდენად დიდია, რომ ბევრმა მათგანმა შესაძლოა უარი თქვას მონაწილეობაზე , მაგრამ ერთგვარი გამოსავალია არსებულ კრიზისში);

2) შეიცვალოს სკოლებში დირექტორობის კანდიდატების წარდგენის წესი და ამ სკოლებში ნებისმიერ სერტიფიცირებულ კანდიდატს მიეცეს ავტომატურად მისთვის სასურველ სკოლაში დირექტორობის კანდიდატად დარეგისტრირების უფლება სამინისტროს მიერ დანისნული გასაუბრების გარეშე და მისი შესაბამისობა გადაწყვიტოს მხოლოდ სკოლების სამეურვეო საბჭომ;

3) სასერტიფიკატო გამოცდაჩაბარებული დირექტორობის მსურველებისთვის დაინიშნოს ხელახალი გასაუბრება, რომელსაც ჩაატარებს ამ პროცესში ჩართული ადამიანებისა და ორგანიზაციებთან შეთანხმებული ან მათი მონაწილეობითი ნდობით აღჭურვილი კომისია (162 კანდიდატს ეხება ეს საკითხი) და გასაუბრების წარმატებით დაძლევის შემთხვევაში ამ 162 კანდიდატსაც მიეცეს ხელახალ არჩევნებში მონაწილეობის უფლება;

4) გაიმართოს მოლაპარაკებები სერტიფიცირებულ დირექტორობის კანდიდატებთან და იმ სკოლებში, სადაც არ იქნება არჩეული სერტიფიცირებული კანდიდატები 1-3 პუნქტის განხორციელების შემდეგაც, დისკრეციის უფლებით დაინიშნონ სერტიფიცირებული კანდიდატები მათთვის სასურველ სკოლებში, რომ მაქსიმალურად სკოლებში გვყავდეს სერტიფიცირებული კანდიდატები;

5) შეიქმნას სამუშაო ჯგუფი, რომელიც უზრუნველყოფს (ა) სკოლის დირექტორობის შერჩევისა და არჩევის ახალი წესის შემუშავებას, რომლის საფუძველზეც მომავალში ჩატარდება დირექტორების კონკურსი; (ბ)შეიმუშავებს სტრატეგიას იმ სკოლებისთვის, სადაც არ არიან სერტიფიცირებული კანდიდატები, რომ მოხდეს სერტიფიცირებული კანდიდატების ამ სკოლებში არჩევა ან დანიშვნის პროცესი; (გ) შეიმუშავებს სტრატეგიას სკოლების პროფესიონალი ხელმძღვანელებით უზრუნველსაყოფად , მათი მხარდაჭერის, ანგარიშვალდებულებისა და ავტონომიურობის ინსტრუმენტების შექმნას. (დ) შეიმუშავებს სტრატეგიას სკოლის დირექტორების მუდმივი პროფესიული განვითარების სისტემის შესაქმნელად;

6) სამუშაო ჯგუფის მიერ შექმნილი დოკუმენტების აღსრულების ვალდებულება აიღოს საქართველოს მთავრობამ და პარლამენტმა, განათლების და მეცნიერების სამინისტრომ.

მესმის, რომ არ არის იდეალური ვარიანტი, ვფიქრობ ამ ეტაპზე ეს ყველაზე კომპრომისული, ოპტიმალური და განვითარებაზე ორიენტირებული გამოსავალი, ამავე დროს ეს არის განათლების სამინისტროს შესაძლებლობაც (შეიძლება ითქვას მისი მხარდაჭერაც), რომ რეალურად დაიბრუნოს განათლების მართვის მექანიზმები, რომელიც მას ფაქტობრივად ჩამოცილებული აქვს“,- წერს შალვა ტაბატაძე.

მაია ეკალაძე ივნისიდან აპროტესტებს დირექტორთა სერტიფიცირების შედეგებს.

მისი მოთხოვნებია:

  • დირექტორების შერჩევის კონკურსში დაბლოკილი კანდიდატების დისკრეციის წესით დანიშვნა;
  • მასწავლებლებისთვის ხელფასის მომატება იანვრიდან და არა ივლისიდან.

ეკალაძეს მიაჩნია, რომ უსამართლოდ ეთქვა უარი დირექტორის სერტიფიკატზე. სამინისტროს გადაწყვეტილება სასამართლოშიც გაასაჩივრა და გასაუბრების ხელახალ ჩატარებას ითხოვს.

მასთან ერთად სასამართლოში გასაუბრების შედეგების ბათილად ცნობას და ხელახალ ჩატარებას 26 კონკურსის მონაწილე ითხოვს. მათ ინტერესებს „სამართლიანი არჩევნები” იცავს.