დირექტორთა სერტიფიცირების კონკურსის მონაწილეები სამინისტროს სასამართლოში უჩივიან

პუბლიკა

საჯარო სკოლის დირექტორთა სერტიფიცირების პროცესში მონაწილე 27 კონკურსანტი სასამართლოს საერთო სარჩელით მიმართავს და სერტიფიცირების მეორე ეტაპის – გასაუბრების შედეგების ბათილად ცნობას და თავიდან გამართვას მოითხოვენ.

27 კონკურსანტის უფლებებს სასამართლოში „სამართლიანი არჩევნები“ დაიცავს.

„პუბლიკა“ ორგანიზაციის წარმომადგენელს, თეონა კილაძეს ესაუბრა. 27 მომჩივნის საერთო სარჩელი სასამართლოში დღეს მან შეიტანა.

„ჩვენ ვითხოვთ, რომ მოსარჩელეთა ნაწილში (27 მოსარჩელე) ბათილად იქნეს ცნობილი გასაუბრების შედეგები. ასევე ვითხოვთ ბათილად იქნეს ცნობილი გასაუბრების ოქმები, იმიტომ, რომ ძირითად შემთხვევაში ამ ოქმებში არანაირი ჩანაწერი არაა, მხოლოდ ქულებია მითითებული, რომელიც ბუნდოვანი და დაუსაბუთებელია. შესაბამისად, ვითხოვთ, 27 მოსარჩელის ნაწილში თავიდან დაევალოს სამინისტროს გასაუბრების ეტაპის დანიშვნა და მკაფიოდ განაცხადონ კრიტერიუმების შესახებ. სხდომების აუდიო-ვიდეო ჩაწერა არ ხდებოდა, არც სხდომის ოქმებია ამომწურავი, ამიტომ ვაყენებთ ეჭვქვეშ გასაუბრების სამართლიანობას და ვითხოვთ თავიდან გამართვას. ხაზგასმით აღვნიშნავ, რომ მხოლოდ მოსარჩელეთა ნაწილში ვითხოვთ სერტიფიცირების მეორე ეტაპის, გასაუბრების თავიდან გამართვას.“ – განუცხადა კილაძემ „პუბლიკას“

დირექტორთა სერტიფიცირების დაწყება სამინისტრომ 2022 წლის ოქტომბერში დააანონსა. სერტიფიცირების პირველ ეტაპზე (ტესტირება) 3200 მსურველი დარეგისტრირდა. გამოცდაზე გამოცხადდა 1839 ადამიანი. გასაუბრების ეტაპზე გადავიდა 755 ადამიანი და აქედან სერტიფიკატი 593-მა მიიღო. 160-მდე აპლიკანტმა გასაუბრების ეტაპი ვერ გაიარა.

აპლიკანტთა ნაწილი, რომელთაც გასაუბრების ეტაპი ვერ გაიარეს ამბობენ, რომ სერტიფიკატზე უარის მიზეზი მათი არაპროფესიონალიზმი არ უნდა გამხდარიყო და, სავარაუდოდ, „სხვა ნიშნით“ დაიწუნეს.

„პუბლიკა“ 10-მდე „ჩაჭრილ“ აპლიკანტს ესაუბრა. მათმა უმრავლესობამ გამოცდის ეტაპზე, რომელზეც დირექტორობის მსურველთა აკადემიური ცოდნა მოწმდებოდა, მაღალი ქულები მიიღეს. ასევე, თითქმის ყველა მათგანი აღნიშნავდა, რომ გასაუბრებამ კარგად ჩაიარა – 10 მაქსიმუმ 15 წუთი გაგრძელდა და აპლიკანტებისთვის 2-3 კითხვის დასმით შემოიფარგლნენ კომისიის წევრები.