დირექტორთა სერტიფიცირების „ფარული ეტაპი“ - ვინ ბლოკავს კანდიდატებს

ლიკა ზაკაშვილი

„გთხოვთ, განმიმარტოთ და გადმომცეთ შეფასების დოკუმენტი, რატომ არ აღმოვჩნდი სერტიფიცირებულთა სიაში. რატომ ვერ გავიარე გასაუბრების ეტაპი? რომელ კრიტერიუმს ვერ ვაკმაყოფილებ?“ – ეს წერილი დირექტორთა კონკურსის მონაწილე მაია ეკალაძემ 8 ივნისს განათლების სამინისტროში მას შემდეგ დატოვა, რაც გაიგო, რომ დირექტორთა სერტიფიცირების მეორე ეტაპი, გასაუბრება ვერ გადალახა.

წერილზე სამინისტროს პასუხი 10 დღის ვადაში გადასცეს – „კომისიის წევრების მიერ თითოეულ კრიტერიუმში შეფასებული შეჯამებული ქულების მიხედვით თქვენ დააგროვეთ 12 ქულა. შესაბამისად, ვერ გადალახეთ სერტიფიცირების გასაურების ეტაპი“ – წერდა სამინისტრო.

სამინისტროსგან მიღებული წერილი არ განმარტავდა, კონკრეტულად რომელი კრიტერიუმი ვერ დააკმაყოფილა ეკალაძემ, ამიტომ მან სამინისტროში იმავე შინაარსის მორიგი წერილი გააგზავნა.

8 ივნისიდან დღემდე ეკალაძე ჯიუტად ელოდება პასუხს კითხვაზე – რომელ კრიტერიუმთან მიმართებით დაიწუნეს მისი კანდიდატურა და გასაუბრების ფორმატში როგორ შეფასდა ამ კრიტერიუმებთან მისი კანდიდატურის შესაბამისობა.

„გასაუბრებამ ძალიან კარგად ჩაიარა. მშვიდად ვუპასუხე ყველა შეკითხვას. ყველა კითხვა მახსოვს; შემიძლია, ჩამოვთვალო – ისეთი შეკითხვები იყო, რომლებზეც ძალიან ბევრი მაქვს ნაფიქრი. გასაუბრება, დაახლოებით, 7 წუთი გაგრძელდა. 3 კითხვა დამისვეს – ნინო ბეგლარაშვილი იყო ერთადერთი, ვინც კითხვებს სვამდა. დანარჩენები თითქოს არც იყვნენ იმ სამყაროში.” – ამბობს მაია ეკალაძე.

მაია ეკალაძის მსგავსად გასაუბრების ეტაპზე კომისიის გადაწყვეტილების შესახებ კითხვებით სამინისტროს სხვა აპლიკანტებმაც მიმართეს. „პუბლიკა“ სამინისტროს მიერ მათთვის მომზადებულ 15-მდე წერილებს გაეცნო. თითოეული წერილი ერთმანეთის იდენტურია, ყველგან წერია, რომ კანდიდატები შეფასდა 6 კრიტერიუმით და მათ ვერ მიიღეს გამსვლელი ქულა. სხვა საგულისხმო არგუმენტი, რომელიც კომისიის გადაწყვეტილებას შინაარსობრივად დაასაბუთებდა, სამინისტროს მომზადებულ პასუხებში არ ჩანს.

მაია ეკალაძესთან ერთად, ისინი ვინც მიიჩნევენ, რომ გასაუბრების ეტაპის შემდეგ სერტიფიკატზე უსამართლოდ ეთქვათ უარი, სასამართლოს მიმართავენ. საქალაქო სასამართლოში, 27 მოსარჩელის ერთობლივი სარჩელი 7 ივლისს შევიდა.

ფარული მესამე ეტაპი – ვინ ბლოკავს კანდიდატებს?

დირექტორთა სერტიფიცირების პროცესში კანდიდატების უსამართლოდ დაბლოკვის შემთხვევებზე მრავალი წელია საუბრობენ. კანდიდატების პოლიტიკური ნიშნით დაბლოკვის შემთხვევებზე და ე.წ. გადარჩევის „ფარულ ეტაპზე“, რომელსაც სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური ხელმძღვანელობს, ცნობები სხვადასხვა წყაროთი დასტურდება.

გავრცელებული ინფორმაციით, კომისიების მიერ მოწონებულ კანდიდატებს სუსი დამატებით ამოწმებს პოლიტიკური ლოიალობისა და კეთილსაიმედოობის ნიშნით და წყვეტს, რომელ კანდიდატ უნდა მიეცეს დირექტორად მუშაობის უფლება.

კანდიდატთა ნაწილი, რომლებმაც წელს დირექტორთა სერტიფიცირების ეტაპი ვერ გადალახეს, ეჭვობენ, რომ მათ შემთხვევაშიც არსებობდა „საბაბი“, რომლის გამოც ისინი სისტემისთვის „არაკეთილსამედოებად“ იქნენ მიჩნეული. კანდიდატების უმრავლესობა ღიად საუბარზე უარს ამბობს და სასამართლოს იმედი აქვს.

რას ჰყვებიან კომისიის ყოფილი წევრები გასაუბრების „ფარულ ეტაპზე“?

გიორგი გახელაძე 2013 წელს სკოლის დირექტორთა შესარჩევი კომისიის წევრად მიიწვიეს. ის ამ დროს მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ცენტრში მუშაობდა. გვიყვება, რომ გასაუბრება დაახლოებით 200-მდე აპლიკანტთან ჩაატარეს. გასაუბრებების დასრულების შემდეგ სამინისტროს ერთი თვის ვადაზე კონკურსის შედეგები უნდა გამოექვეყნებინა.

გახელაძე ამბობს, რომ შედეგების გამოქვეყნების ვადის გახანგრძლივების გამო კითხვები გაჩნდა და ამიტომ დაუკავშირდა მისი კომისიის თავმჯდომარეს, რომელიც სამინისტროს თანამშრომელი იყო და მიზეზის შესახებ ჰკითხა.

„მესამე კვირას შევშფოთდი და მოვიკითხე – რა ხდება? ბევრ აპლიკანტს ვიცნობდი პირადად, ან ჩემი მსმენელი იყო ან კოლეგა. ასევე დიდ ნაწილს აპლიკანტებისა, ვისთანაც გასაუბრებაზე ვიჯექი, მათაც ვიცნობდი.

მესამე კვირის თავზე ჩემთან და სხვა კომისიების სხვა წევრებთანაც შედიოდა ზარები – რა ხდება? როდის გამოქვეყნდა შედეგები? აპლიკანტებმა შედეგებზე არაფერი იცოდნენ და კანონით დადგენილი ერთთვიანი ვადაც იწურებოდა. ოფიციალურად მპასუხობდნენ, რომ გადამოწმების პროცესში იყვნენ, ანუ ამოწმებდნენ ჩვენს ოქმებს. გავიდა ერთი თვე და მეტიც და უკვე მღელვარება დაიწყო აპლიკანტთა რიგებში.

მეც ძალიან უხერხულად ვგრძნობდი თავს, ამ ადამიანებს პირისპირ ჩვენ ვესაუბრებოდით და საბოლოო შედეგებს ვერ ვეუბნებით. მეც არ ვიცოდი. ეს უკვე პროფესიული ღირსების შელახვაც იყო ჩემთვის. რა თქმა უნდა, მივმართე ჩემი კომისიის თავმჯდომარეს, კოკა კერვალიშვილს და ვკითხე – კი მაგრამ რა არის, ეს საკრალური გადამოწმება? რაშია საქმე? რა გადამოწმებაა? ეს პრივატულ საუბარში ვკითხე, ეს კითხვა დავსვი ჩემს სხვა კოლეგებთანაც. პროცედურულად, კანონის მიხედვით, არანაირი გადამოწმება აღარ იყო საჭირო. ეს რაღაც ფარული ეტაპი იყო. ამიხსნეს, რომ იცით რა, სუსიც ამოწმებს – პროფესიული ნიშნით გასაგებია, მაგრამ ქვეყნის უსაფრთხოების კრიტერიუმი ყოველთვის გასათვალისწინებელია და ა.შ. მე ვუთხარი – კი ბატონო, არგუმენტი მესმის, მაგრამ ეს უნდა იყოს გაცხადებული, რომ ადამიანმა იცოდეს, რომ ასეთი კრიტერიუმი არსებობს საჯარო სკოლის დირექტორის შერჩევა-შეფასება სერტიფიცირებისას“, – ამბობს გიორგი გახელაძე.

გიორგი გახელაძის თქმით, გასაუბრების დასრულებიდან დაახლოებით ორი თვის თავზე კომისიის წევრები შედეგების საბოლო ოქმებზე ხელმოსაწერად დაიბარეს.

„საბოლოო ოქმებზე ხელმოსაწერად, მოგვმართეს თვე-ნახევრის თუ ორი თვის თავზე. ორი თვე იყო გასული გასაუბრებების დასრულებიდან.

რა თქმა უნდა, მომცეს რამდენიმე ასლად ოქმი, შეფასებები და გადაწყვეტილებების ტექსტი და დანართად ჰქონდა სია – დადებითი და უარყოფითი შეფასებებით აპლიკანტებზე.

მე მოვითხოვე დრო, თან მქონდა წაღებული ჩემი სამუშაო დოკუმენტაცია (გასაუბრების ეტაპზე გამოყენებული დოკუმენტები შენახული მქონდა) და დავიწყე შედარება. აღმოჩნდა, რომ ჩვენ მიერ დადებითად შეფასებულთაგან სადღაც 20-მდე ადამიანი ამ საბოლოო ოქმში უარყოფითად იყო შეფასებული. თანამშრომელს ვისაც დაავალეს, რომ ხელმოსაწერად მოეწოდებინა ეს ოქმები ჩვენთვის, ვკითხე – ეს რატომ არის ასე, თქვენ ნამდვილად გადაამოწმეთ, დარწმუნებული ხართ რომ ამ ადამიანების გასწვრივ უნდა იყოს მსგავსი შეფასება? კი, კი, ძალიან ბევრჯერ შევამოწმეთ და ასეაო.

მე ვთქვი, რომ ამას მე ხელს არ მოვაწერდი. თანამშრომელი შეშფოთდა და ამიხსნა, რომ ხელის არმოწერა არ შეიძლება, მაგრამ სპეციალურ გრაფაში შემეძლო ჩემი მოსაზრებების დატოვება. სპეციალურ გრაფაში ჩავწერე ჩემი არგუმენტები, რატომ არ ვეთანხმებოდი ოქმს და მივუთითე აპლიკანტების ნომრები, რომლებიც არ ემთხვეოდა კომისიის საბოლოო ოქმს. ასე დასრულდა ჩემი მონაწილეობა ამ კონკურსში“, – ამბობს გიორგი გახელაძე.

მისივე თქმით, დაწუნებული კანდიდატების უმრავლესობა, სავარაუდოდ, წინა ხელისუფლების მხარდაჭერის გამო იყვნენ „არაკეთილსაიმედოებად“ მონიშნული და ამიტომ დაიწუნეს.

მსგავსი ისტორია აქვს კომისიის ასევე ყოფილ წევრ რევაზ აფხაზავას. რევაზ აფხაზავა განათლების ექსპერტი და განათლების კოალიციის წარმომადგენელია. ის სერტიფიცირების კომისიაში 2014 წელს მუშაობდა.

 „რამდენიმე კომისია პარალელურ რეჟიმში მუშაობდა. ჩემს კომისიას ესწრებოდა სამინისტროს აუდიტის თანამშრომელი. ჩვენ როდესაც კანდიდატებზე ვმსჯელობდით, ეს ადამიანი გვეუბნებოდა, რომ ეს კანდიდატი მისაღებია, ეს მიუღებელია. მე შევწუხდი, რას ნიშნავს, აბა ჩვენ რაღაზე ვმსჯელობთ-მეთქი. მერე მითხრა, რომ ჩვენ გვაქვს კონკრეტული ინფორმაცია, მე ვუთხარი, რომ გაეზიარებინათ ეს ინფორმაცია ჩვენთვისაც. ერთ-ერთ კანდიდატზე თქვა, სადღაც მუშაობდა წინა ხელისუფლების დროს და ეს მიუღებელიაო. მე ამაზე გავბრაზდი, მე რაღა მინდა, თქვენ გადაწყვეტილი გქონიათ, ვინ არის მისაღები და ვინ მიუღებელი, რა აზრი აქვს ჩემს აქ ყოფნას-მეთქი და წამოვედი. ეს ხდებოდა გასაუბრებების დროს.

ნუ გასაგები იქნებოდა, რომ შეიძლება აუდიტი დარღვევების შესახებ აგროვებდეს ინფორმაციას და ეცნობოს კომისიას, მაგრამ წინა სამუშაო ადგილი სად ჰქონდა და ა.შ. – ეს არსებითი არ იყო. მეორე მხრივ, ყველამ ვიცით, რომ აუდიტის სამსახურები სუსის თანამშრომლებით არის ხოლმე დაკომპლექტებული. ამას მე ვერ დავამტკიცებ, მაგრამ განცდა ასეთი იყო“, – ამბობს რევაზ აფხაზავა.

განათლების მკვლევარი სიმონ ჯანაშია, დირექტორთა შესარჩევი კონკურსის კომისიაში 2007 წელს მუშაობდა. ამბობს, რომ პარტიამ კომისიებს მიუღებელი კანდიდატების სია გაუგზავნა. კომისიამ, რომელშიც ის მუშაობდა ამ სიის გამოყენებაზე უარი თქვა.

„მე ვიყავი კომისიაში პირველი არჩევნების დროს და მაშინ გასაუბრებამდე პარტიამ გამოგვიგზავნა სია, ვინ არ უნდა გასულიყო გასაუბრების ეტაპზე, თუმცა ჩვენ უარი ვთქვით ამ სიის გამოყენებაზე. მაგრამ იყო კომისიები, რომლებმაც ეს სიები გამოიყენეს და შეიქმნა პრობლემა, რადგან დაიწუნეს მათ შორის საუკეთესო კადრები.

თუ ნახავთ მედიის არქივს, ნახავთ, რომ ამის გამო სამინისტრომ ერთ-ერთი კომისიის გადაწყვეტილება გააუქმა და ხელახლა გამოაცხადა გასაუბრება“, – ამბობს „პუბლიკასთან სიმონ ჯანაშია.

დირექტორთა არჩევნებში სუსის მონაწილეობის დამადასტურებლად 2022 წლის ივლისში „საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოსა“ და „სამართლიანი არჩევნების“ ერთობლივი ანგარიში მოჰყავთ, რომელიც სოსო გოგაშვილის მიერ გადაცემული ინფორმაციის საფუძველზე მომზადდა. ის უსაფრთხოების სამსახურის უფროსის ყოფილი მოადგილეა.

სოსო გოგაშვილის მიერ არასამთავრობო ორგანიზაციებისთვის მიწოდებული დოკუმენტებით დასტურდება, რომ 2021 წელს იმ 112 მოვალეობის შემსრულებლიდან, რომელსაც უფლებამოსილება სამინისტრომ არ გაუგრძელა 95 დირექტორი „უარყოფითად“ იყო შეფასებული.

დოსიეებში დირექტორებზე შემდეგ ჩანაწერებს ვხვდებით:

„იყო კითხვები მის ნეიტრალურობასთან დაკავშირებით არჩევნებზე“;

„არის შრომისმოყვარე, წარმატებით ართმევს თავს დაკისრებულ მოვალეობას, თუმცა საყურადღებოა ის ფაქტი, რომ იგი და მისი ოჯახის წევრები 2019 წლის საპრეზიდენტო არჩევნების პირველ ტურში მხარს უჭერდნენ გაერთიანებული ოპოზიციის კანდიდატს. მეორე ტურში შეგნებულად გაერიდა სიტუაციას და იმყოფებოდა… პოლიტიკურად არამდგრადი. შესაბამისად, მიზანშეწონილად არ მიგვაჩნია მისი კანდიდატურის განხილვა ხსენებულ პოზიციაზე“;

„უარყოფითი, თავს არიდებს მითითებების შესრულებას. ოპოზიციურად არის განწყობილი მმართველი გუნდის მიმართ. მისი თანამდებობაზე დანიშვნა არ არის მიზანშეწონილი“;

„უარყოფითი. 2018 წლის საპრეზიდენტო არჩევნების პირველ ტურში მხარს უჭერდა პარტია „ევროპულ საქართველოს“. მიზანშეწონილი არ არის, დაინიშნოს თანამდებობაზე“;

„არის არსებული ხელისუფლების მხარდამჭერი. მიზანშეწონილია, დარჩეს აღნიშნულ თანამდებობაზე“.

არასამთავრობო ორგანიზაციებმა მამხილებლის მიერ მიწოდებული ინფორმაციის საფუძლვეზე გამოძიების დაწყების მოთხოვნით პროკურატურას მიმართეს, თუმცა ამ დრომდე გამოძიების შედეგების შესახებ ცნობილი არ გამხდარა. არც ის ვიცით რა საგამოძიებო მოქმედებები ჩაატარა უწყებამ დაწყებული გამოძიების ფარგლებში. 

რა არის გამოსავალი

რა შეიძლება შეიცვალოს სისტემაში ისე, რომ დირექტორთა სერტიფიცირებისა და შემდგომ დანიშვნის პროცესში პოლიტიკური ნიშნით კანდიდატების დაწუნების შესაძლებლობა შეიზღუდოს? – ამ კითხვით „პუბლიკამ“ განათლების სისტემის ექსპერტებს მიმართა, რომლებიც წლებია, აკვირდებიან სერტიფიცირების მიმდინარეობას და იცნობენ პროცესში არსებულ ხარვეზებს მათ შორის კანდიდატების პოლიტიკური ნიშნით „დაბლოკვის“ შემთხვევებს.

განათლების მკვლევრის, შალვა ტაბატაძის თქმით, გასაუბრება ხელოვნურად არის ჩასმული და არავის დაუსაბუთებია, რას ამოწმებს გასაუბრება ისეთს, რასაც ვერ ამოწმებს ტესტირება.

„გასაუბრების ეტაპი ხელოვნურად არის ჩაკვეხებული და დიდი ხანია, ამაზე აღარც ვსაუბრობთ. თუ ტესტირება ვერ აკმაყოფილებს დირექტორის კანდიდატის მზაობას, სხვა მექანიზმები შეიძლება იყოს ჩადებული. გასაუბრების 10-15-წუთიანი მექანიზმი სერტიფიცირებისთვის არარელევანტურია.

შეიძლება იყოს გასაუბრება, მაგრამ ეს უნდა იყოს კარგად დადასტურებული, რა მიზანს აღწევს – რა ვერ შეამოწმა ტესტირებამ და რას ამოწმებს გასაუბრება უკეთესად; რატომ არ შეიძლებოდა, ეს ნაწილი ტესტირებაში ყოფილიყო ასახული, რომელიც ბევრად ობიექტური საზომია“, – ამბობს ტაბატაძე.

შალვა ტაბატაძის თქმით, განათლების სისტემის დეპოლიტიზება სისტემის დეცენტრალიზაციით უნდა დაიწყოს, სადაც ყველა დონეზე ადამიანი პროფესიული ნიშნით შეირჩევა.

„უფრო რთული იქნებოდა ჩარევა, თუ საერთოდ გაუქმდებოდა გასაუბრების ეტაპი და სკოლა მიიღებდა გადაწყვეტილებას, ვინ არის სკოლის დირექტორობისთვის ადეკვატური კანდიდატი. უბრალოდ მერე სკოლის დონეზე დაიწყებოდა ჩარევები. ასეთ ვითარებაში, როცა ხელისუფლება ისედაც ერევა, მე მგონია, უკეთესი იქნებოდა, სკოლის დირექტორების არჩევაზე პასუხისმგებლობა ხელისუფლებას აეღო. ახლა ხელისუფლება ამბობს, რომ თვითონ კანდიდატების გადარჩევაში ერევა და საბოლოო გადაწყვეტილებას სკოლა იღებს. ჩემი აზრით, უმჯობესი იქნება, თუ ხელისუფლება აიღებს პასუხისმგებლობას და თვითონ შეარჩევს დირექტორებსა და პასუხისმგებლობას აიღებს სკოლის მართვაზე. აღარ გვექნება დემოკრატიის სიმულაცია. მერე დემოკრატია გადავა სხვა დონეზე, ჩვენ მოვთხოვთ ხელისუფლებას, უკეთესი კანდიდატები შეარჩიოს. როგორც ხდება ბაღების შემთხვევაში.

დავაკვირდეთ დირექტორობის მსურველთა რაოდენობას – სკოლის დირექტორობა მიმზიდველი არაა იმ ადამიანებისთვის, რომლებსაც რაღაცის შეცვლა უნდათ განათლების სფეროში“, – ამბობს სიმონ ჯანაშია.

კონკურსში მონაწილეთა რაოდენობა

განათლების ექსპერტები ყურადღებას ამახვილებენ დირექტორთა კონკურსში მონაწილეთა რაოდენობაზეც და ამბობენ, რომ დირექტორთა არჩევნების მრავალწლიანმა გამოცდილებამ გავლენა იქონია განათლების სისტემაში მუშაობის მოსურნეთა რაოდენობაზე – სკოლის დირექტორობა სასურველი პროფესია აღარაა.

დირექტორთა სერტიფიცირების დაწყება სამინისტრომ 2022 წლის ოქტომბერში დააანონსა. სერტიფიცირების პირველ ეტაპზე (ტესტირება) 3200 მსურველი დარეგისტრირდა. გამოცდაზე გამოცხადდა 1839 ადამიანი. გასაუბრების ეტაპზე გადავიდა 755 ადამიანი და აქედან სერტიფიკატი 593-მა მიიღო. 160-მდე აპლიკანტმა გასაუბრების ეტაპი ვერ გაიარა.

ორეტაპიანი სერტიფიცირების პროცესის დასრულების შემდეგ სერტიფიცირებული პირებისთვის სამინისტრომ საჯარო სკოლებში დირექტორობის მსურველთა მიერ თანხმობის განაცხადის წარდგენის ეტაპი გამოაცხადა. ამ ეტაპის ფარგლებში სერტიფიცირებულ კონკურსანტებს უფლება ჰქონდათ, მოენიშნათ არაუმეტეს 3 საჯარო სკოლა, სადაც კონკურსში მონაწილეობის სურვილი ჰქონდათ.

ამ ეტაპის დასრულების შემდეგ გამოჩნდა, რომ 2074 საჯარო სკოლიდან 383 სკოლაში დირექტორის პოზიციაზე წარდგენილია 2/ან და მეტი თანხმობის განაცხადი; 892 სკოლაში წარდგენილია თანხმობის 1 განაცხადი; 799 სკოლაში – თანხმობის 0 განაცხადი. რაც ნიშნავს იმას, რომ, სავარაუდოდ, ახალ დირექტორს 1000-მდე საჯარო სკოლა აირჩევს, დარჩენილ სკოლებში კი ახალი კონკურსის გამოცხადებამდე მოვალეობის შესრულებას ძველი დირექტორები გააგრძელებენ. ასეთი სკოლა კი დაახლოებით 1100-ია.

სამინისტროსთან კომუნიკაცია

8 ივნისს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს დირექტორთა კონკურსთან დაკავშირებულ საკითხებზე საჯარო წერილით მივმართეთ. წერილში უწყებას შეკითხვები დავუსვით კომისიის წევრთა სიის შესახებ, ასევე ის – იწერდნენ თუ არა გასაუბრებებს კონკურსანტებთან. ამავე წერილში ვითხოვთ ინფორმაციას კონკურსის მიმდინარეობასთან დაკავშირებულ სხვა მნიშვნელოვან საკითხებზე. უწყებიდან პასუხი არ მიგვიღია და შესაბამისად, ადმინისტრაციული წესით, სამინისტროში გავასაჩივრეთ.