ორგანიზაცია „სამართლიანი არჩევნები” საჯარო სკოლის დირექტორთა საჩივრებთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს. ორგანიზაცია საჯარო სკოლის დირექტორთა სერტიფიცირების პროცესში მონაწილე 27 კონკურსანტის ინტერესებს სასამართლოში იცავს.
2022 წელს საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრომ საჯარო სკოლების დირექტორთა სერტიფიცირების პროცესი დაიწყო, რომელიც 2023 წლის ივნისში დასრულდა. ბოლო, გასაუბრების ეტაპი 160-მდე აპლიკანტმა ვერ გადალახა, რომელთაგან 27-მა „სამართლიან არჩევნებს” სამართლებრივი დახმარებისთვის მიმართა.
ISFED-ის შეფასებით, შესწავლილი გარემოებები იძლევა იმის თქმის საფუძველს, რომ გასაუბრების პროცესში დაფიქსირდა არაერთი არსებითი ხასიათის დარღვევა. ორგანიზაცია 27 დირექტორობის მსურველის ინტერესებს სასამართლოში იცავს და გასაუბრების შედეგების ბათილად ცნობას და თავიდან გამართვას მოითხოვს.
„2022 წლის ოქტომბერში გამოცხადებულ დირექტორობის მსურველთა საკვალიფიკაციო გამოცდაზე ჯამში რეგისტრირებული იყო 3205 პირი, რომელთაგან გამოცდაზე არ გამოცხადდა 1366 პირი. დირექტორობის მსურველთა სერტიფიცირების პროცესი ორი ეტაპისგან შედგება – წერითი გამოცდა და ზეპირი გასაუბრება. გამოცდაზე გამოცხადებული 1839 ადამიანიდან გასაუბრების ეტაპზე 755 გადავიდა.
2023 წლის 20 მარტიდან 28 აპრილის ჩათვლით სამინისტრომ ჩაატარა საჯარო სკოლის დირექტორობის მსურველთა სერტიფიცირების მეორე ეტაპი – გასაუბრება. მინისტრის ბრძანებით შექმნილი იყო გასაუბრების 2 კომისია. გასაუბრების დასრულებიდან თითქმის 2 თვის შემდეგ, 2023 წლის 8 ივნისს, სამინისტრომ გამოაქვეყნა შედეგები, რომლის მიხედვითაც, 160-მდე აპლიკანტმა გასაუბრების ეტაპი ვერ გაიარა.
აღსანიშნავია, რომ გასაუბრების ეტაპი ვერ გადალახეს და სერტიფიკატის მიღებაზე უარი ეთქვა კანდიდატებს, რომლებსაც ტესტირებაში მიღებული ჰქონდათ საკმაოდ მაღალი შეფასებები, ასევე, რომელთა კვალიფიკაცია და გამოცდილება არის დადასტურებული. მათ შორის იყვნენ კანდიდატებიც, რომელთაც დირექტორად მუშაობის გამოცდილებაც ჰქონდათ.
სამინისტროდან გამოთხოვილი გასაუბრების ოქმების შესწავლის საფუძველზე, იკვეთება ისეთი არსებითი პროცედურული დარღვევები, რომელსაც შეეძლო გავლენა მოეხდინა გადაწყვეტილებაზე, მათ შორის:
- რიგ შემთხვევებში, გასაუბრების ოქმებში ხელი მოწერილი აქვთ კომისიის იმ წევრებს, რომლებიც კანდიდატის გასაუბრებას საერთოდ არ ესწრებოდნენ;
- გასაუბრების ოქმების ნაწილში ხელი არ აქვთ მოწერილი კომისიის იმ წევრებს, რომლებმაც გასაუბრებისას კითხვები დაუსვეს კანდიდატებს;
- მოწოდებული გასაუბრების ოქმებით არ დგინდება, რა კრიტერიუმების საფუძველზე შეფასდნენ კანდიდატები;
- დირექტორობის მსურველი კონკურსანტები აცხადებენ, რომ გასაუბრების ეტაპზე მათთვის ცნობილი არ ყოფილა შეფასების კრიტერიუმები; მათი განცხადებით, კომისიის წევრების მიერ არ კეთდებოდა ჩანაწერები.
სამინისტროს მიერ მოგვიანებით მოწოდებული ინფორმაციის1თანახმად, კანდიდატები ფასდებოდნენ 6 კრიტერიუმის მიხედვით, თუმცა გასაუბრების ოქმებში არ იკვეთება კომისიის წევრთა მიერ კონკურსანტებისთვის, თითოეული კრიტერიუმის შესაბამისად, მინიჭებული ქულების შესახებ ცხადი ინფორმაცია. ამდენად, ჩნდება საფუძვლიანი ეჭვი, რომ სამინისტრომ აღნიშნული კრიტერიუმები გასაუბრების შემდეგ, ოქმის შედგენისას, ფორმალურად მიუსადაგა შედეგებს;
გასაუბრების ხანგრძლივობა და დასმული შეკითხვები მიუთითებს გასაუბრების ფორმალობაზე. გასაუბრება, ძირითადად, 7-10 წუთის განმავლობაში გრძელდებოდა. კანდიდატთა უმრავლესობას კომისიის წევრებმა 2-3 შეკითხვა დაუსვეს, რაც არ იძლეოდა კანდიდატების სრულყოფილად შეფასების შესაძლებლობას, “- ნათქვამია ორგანიზაციის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
2023 წლის 7 და 10 ივლისს საჯარო სკოლების დირექტორთა სერტიფიცირების პროცესში მონაწილე 27 კონკურსანტის უფლებების დასაცავად „სამართლიანმა არჩევნებმა” თბილისის საქალაქო სასამართლოს მიმართა. სარჩელით დირექტორობის მსურველები სერტიფიცირების მეორე ეტაპის – გასაუბრების შედეგების ბათილად ცნობასა და მის ხელახლა, სამართლიან გარემოში, გამართვას ითხოვენ.