ჟენევაში ბაიდენსა და პუტინს შორის შეხვედრა მიმდინარეობს

პუბლიკა

შვეიცარიაში აშშ-სა და რუსეთის პრეზიდენტებს შორის შეხვედრა დაიწყო. ჯო ბაიდენი და ვლადიმერ პუტინი ერთმანეთს ჟენევაში, „ლა გრანჟის“ ისტორიულ ვილაში შეხვდნენ, ხელი ჩამოართვეს, რამდენიმე სიტყვა გაცვალეს და დახურულ ფორმატში გადაინაცვლეს.

ეს ჯო ბაიდენისთვის აშშ-ის პრეზიდენტად არჩევის შემდეგ პუტინთან პირველი შეხვედრაა. ბაიდენს პუტინის პოლიტიკის მიმართ კრიტიკული დამოკიდებულება აქვს და ჟენევის სამიტზეც მოსალოდნელია, რომ პრეზიდენტები საკითხების ფართო სპექტრს განიხილავენ.

მათ შორის, ამერიკის არჩევნებში შესაძლო ჩარევას, კიბერუსაფრთხოებას, უკრაინის მიმართ რუსეთის პოლიტიკას და სხვა რეგიონულ საკითხებს, მათ შორის ისაუბრებენ ბელარუსსა და სამხრეთ კავკასიაზე. საუბარი შეეხება სამხედრო შეიარაღების კონტროლს, კლიმატის ცვლილებას და სხვ.

თუმცა, როგორც Reuters წერს, აშშ-ის ოფიციალური პირები, ფრთხილი ოპტიმიზმით ეკიდებიან ბაიდენი-პუტინის სამიტს და შეხვედრიდან განსაკუთრებულ შედეგს არ მოელიან. ასეთივე მოლოდინი აქვს პუტინის მრჩეველს საგარეო საკითხებში, იური უშაკოვსაც.

თავდაპირველად, ვიწრო ფორმატში შეხვედრას ჯო ბაიდენთან და ვლადიმერ პუტინთან ერთად, აშშ-ის სახელმწიფო მდივანი ენტონი ბლინკენი და რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი სერგეი ლავროვი დაესწრებიან.

შემდეგ კი რუსულ და ამერიკულ დელეგაციებს შორის უფრო ფართო ფორმატის შეხვედრაც გაიმართება.

შეხვედრების გამო ჟენევაში უსაფრთხოების ზომები გამკაცრებულია. ქალაქში პოლიციისა და სპეცდანიშნულების რაზმების მანქანების გარდა ჯავშანმანქანებიც პატრულირებენ.

ბაიდენისა და პუტინის შეხვედრამდე რუსეთის პრეზიდენტის წინააღმდეგ ჟენევაში აქციაც გაიმართა. AP-ის ინფორმაციით, აქტივისტებმა აქციაზე ალექსეი ნავალნისა და მათი თქმით, სხვა პოლიტიკური პატიმრების გათავისუფლება მოითხოვეს.