ჟენევის მოლაპარაკებაზე გადაუჭრელი დარჩა მოსკოვის მოთხოვნა, რომ NATO-მ უარი თქვას საქართველოზე

პუბლიკა

ჟენევაში აშშ-სა და რუსეთის წარმომადგენლებს შორის შეხვედრა დასრულდა. როგორც შეხვედრის დასრულების შემდეგ რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ სერგეი რიაბკოვმა განაცხადა, მოლაპარაკებები იყო ხანგრძლივი, რთული, ამავდროულად კონკრეტული და პროფესიონალურად წარმართული.

თუმცა, გადაუჭრელი დარჩა მათი მთვარი მოთხოვნა, რომ NATO-მ უარი თქვას უკრაინასა და საქართველოზე. რიაბკოვის თქმით, როგორც ჩანს, ვაშინგტონში არ ესმით, ამ მოთხოვნის იმპერატიულობა და იმგვარად გადაწყვეტის აუცილებლობა, როგორც ეს მოსკოვის ინტერესებში შედის. რომ ალიანსში უკრაინისა და საქართველოს გაწევრება რუსეთის ეროვნული უსაფრთხოების საკითხია. ინფორმაციას რუსული მედია ავრცელებს.

„ჩვენთვის იმპერატიულია, რომ დარწმუნებულები ვიყოთ, უკრაინა ვერასდროს გახდება NATO-ს წევრი. ჩვენ გვსურს, რომ ბუქარესიტს სამიტზე გაკეთებული ჩანაწერი შეიცვალოს ამგვარად: „უკრაინა და საქართველო არასდროს გახდებიან ჩრდილოატლანტიკური ალიანსის წევრები“…

ჩვენ დავიღალეთ უშინაარსო მოლარაპებებით, ნახევარდაპირებებით, არასწორი ინტერპრეტაციებით, რომლებიც ხშირად გვხვდება დახურულ კარს მიღმა მოლაპარაკებისას. ჩვენ არ ვენდობით მეორე მხარეს, ამიტომ გვჭირდება კონკრეტული, დოკუმენტურად ასახული გარანტია და არა დაპირება“, – ციტირებს რიაბკოვის განცხადებას რუსული მედია.