ჟურნალისტები მთავრობის ადმინისტრაციასთან აქციას მართავენ

პუბლიკა

ამ წუთებში პარლამენტის წინ მიმდინარე აქციის პარალელურად ჟურნალისტებმა აქცია გამართეს მთავრობის ადმინისტრაციასთან.

მედიის წარმომადგენლებმა პროტესტისა და სოლიდარობის ნიშნად უარი თქვეს გაშუქებაზე და კანცელარიის წინ მიკროფონები და კამერები დააწყვეს ძირს.

აქციის მონაწილეები მოითხოვენ:

  • ხელისუფლებამ დაუყოვნებლივ მიიღოს ზომები, რათა შეწყდეს ორგანიზებული ძალადობა მედიაზე;
  • დაისაჯონ ძალადობრივი აქციის არა მარტო მონაწილეები, არამედ ორგანიზატორებიც;
  • ეფექტურად მოხდეს მედიაზე ორგანიზებული თავდასხმის 50-მდე ფაქტზე რეაგირება;
  • დაიწყოს მედიის მისამართით გაჟღერებულ მუქარის შემცველ შეტყობინებებზე მოკვლევა;
  • ხელისუფლებამ დაუყოვნებლივ შეწყვიტოს სიძულვილის ენით საუბარი მედიასთან, დაიცვას კანონი და ჟურნალისტები;
  • დადგეს შინაგან საქმეთა მინისტრის და პრემიერ-მინისტრის პოლიტიკური პასუხისმგებლობა

დღეს გამთენიისას „TV პირველის“ ოპერატორი ალექსანდრე ლაშქარავა გარდაცვლილი იპოვეს. მას 5 ივლისს ძალადობრივი ჯგუფები სასტიკად გაუსწორდნენ. თავდასხმის შემდეგ ლექსო ლაშქარავას დაზიანებული ჰქონდა სახის ძვლები და ჩაუტარდა ქირურგიული ოპერაცია.

ამ დროისთვის ლექსო ლაშქარავას ცხედარი ექსპერტიზის ბიუროშია გადასვენებული.