ჟურნალისტებზე ძალადობის გამო დავაკავეთ 3 პირი - შსს

პუბლიკა

პოლიციამ რუსთაველის გამზირზე გამართულ აქციაზე მედიასაშუალებების წარმომადგენლების მიმართ განხორციელებული ფიზიკური ძალადობისა და ძალადობის მუქარით პროფესიულ საქმიანობაში უკანონოდ ხელის შეშლის ფაქტზე, 3 პირი: წარსულში ნასამართლევი, 1982 წელს დაბადებული მ.დ., 1983 წელს დაბადებული ზ.ჭ., და ასევე, წარსულში ნასამართლევი, 1979 წელს დაბადებული ზ.მ. დააკავეს.

როგორც შსს-ში აცხადებენ, „გამოძიებით დადგინდა რომ დაკავებულებმა ტელეკომპანია რუსთავის 2-ის, მთავარი არხის, გამოცემა – ტაბულას და საინფორმაციო სააგენტო „ნიუპოსტის“ წარმომადგენლებს, “თბილისი პრაიდის” საწინააღმდეგოდ გამართული აქციის მიმდინარეობის დროს, სხვადასხვა ტერიტორიაზე ძალადობით და ძალადობის მუქარით ხელი შეუშალეს ჟურნალისტურ საქმიანობაში და მიაყენეს ფიზიკური დაზიანება”.

გამოძიება 154-ე მუხლის მეორე ნაწილით და 126-ე მუხლის 1 ნაწილით გრძელდება.

„ამ დროის მონაცემებით უკვე გამოიკითხა სხვადასხვა მედიასაშუალების 25 წარმომადგენელი, მიმდინარეობს ინციდენტების ამსახველი მასალების შესწავლა, ასევე დანაშაულში მონაწილე სხვა პირების დადგენა დაკავების მიზნით გრძელდება აქტიური საგამოძიებო ღონისძიებები”. – ვკითხულობთ განცხადებაში.