დღეს ცნობილი გახდა, რომ კორონავირუსი დაუდასტურდა მთავრობის იმ წევრს, რომელთანაც გუშინწინ სიუჟეტის მომზადების დროს იმყოფებოდა „მთავარი არხის“ ჟურნალისტი. სიუჟეტი სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილის შვილის კორონავირუსით ინფიცირების ფაქტს ეხებოდა.
გუშინ კორონავირუსი მინისტრის მოადგილე იური ნოზაძესაც დაუდასტურდა. „პუბლიკა“ მთავარი არხის ახალი ამბების ჯგუფის ხელმძღვანელს, ნოდარ მელაძეს დაუკავშირდა და ჰკითხა, მიმართა თუ არა ჟურნალისტმა შესაბამის დაწესებულებას რესპონდენტის ინფიცირების შესახებ გავრცელებული ინფორმაციის შემდეგ.
ნოდარ მელაძის თქმით, იური ნოზაძის სახლში გუშინწინ იმყოფებოდა რეგიონული კორესპონდენტი, რომელმაც კონსულტაციისთვის უკვე მიმართა ექიმებს და მათი რეკომენდაციის შესაბამისად მოიქცევა. ნოდარ მელაძე აღნიშნავს, რომ სიუჟეტის მომზადების დროს ჟურნალისტს რესპონდენტთან კომუნიკაცია ღია სივრცეში ჰქონდა, ეკეთა პირბადე და იცავდა საჭირო დისტანციას.
„თუ რეკომენდაცია იქნება, გადავა კარანტინში.თუ ურჩევენ, თვითიზოლაციას, დარჩება თვითიზოლაციაში. ამ წუთებში ვართ კომუნიკაციაზე ექიმებთან. ჩვენს კორესპონდენტს ღია სივრცეში ჰქონდა კომუნიკაცია, ეკეთა პირბადე და იცავდა დისტანციას. ვფიქრობ, რისკი მინიმალურია, მაგრამ მოვიქცევით ექიმების რჩევის შესაბამისად“, – განუცხადა „პუბლიკას“ ნოდარ მელაძემ.