გუშინ დადასტურებული 8 ახალი შემთხვევიდან ერთი ინფიცირებული სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილეა

პუბლიკა

გუშინ საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 8 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. სოფლის მეურნეობის სამინისტროში ადასტურებენ, რომ 8 ახალი შემთხვევიდან ერთ-ერთი ინფიცირებული მინისტრის მოადგილე იური ნოზაძე და მისი  შვილია. სამინისტროს განცხადებას „პუბლიკა“ უცვლელად გთავაზობთ.

„საზოგადოების მაღალი ინტერესის გათვალისწინებით, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო აცხადებს, რომ მინისტრის მოადგილეს, იური ნოზაძეს 10 მარტს განმეორებით ჩატარებული კვლევების შედეგად დაუდასტურდა კორონავირუსი COVID-19.

გამომდინარე იქიდან, რომ მინისტრის მოადგილის, იური ნოზაძის ოჯახის წევრს გასული კვირის ხუთშაბათს დაუდასტურდა კორონავირუსი COVID-19, იგი იმყოფებოდა თვითიზოლაციაში. პარასკევს გაკეთებული პირველადი კვლევის შედეგი იყო უარყოფითი.

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე მკურნალობას ექიმების მეთვალყურეობის ქვეშ აგრძელებს. აღსანიშნავია, რომ ეპიდემიოლოგები შემხებლობის პერიოდიდან გამომდინარე, ერთმნიშვნელოვნად არ აყენებენ რისკის ქვეშ სამსახურში მასთან შემხებლობაში მყოფი თანამშრომლების ჯანმრთელობას.”

10 მარტის მდგომარეობით, საქართველოში კორონავირუსით 23 ადამიანია ინფიცირებული.