ჟურნალისტის შესაძლო ლიკვიდაციის განზრახვა საქართველოს დესტაბილიზაციის რუსულ გეგმად უნდა შეფასდეს - NGO-ები

პუბლიკა

საქართველოს ევრო-ატლანტიკურ კოალიციაში შემავალი ორგანიზაციები ტელეწამყვან  გიორგი გაბუნიას მიმართ განზრახული შეკვეთილი მკვლელობის სავარაუდო მონაწილის დაკავების შესახებ გავრცელებულ ინფორმაციას ეხმაურებიან.

ორგანიზაციები მიმართავენ საქართველოს პარლამენტს, მისი კომპეტენციის ფარგლებში გამოიყენოს რეგლამენტით გათვალისწინებული ფორმატები და მოაწყოს მოსმენა აღნიშნული საქმის გარემოებებთან დაკავშირებით.

“აღმაშფოთებელია რუსეთის ხელისუფლების წარმომადგენლების გააქტიურება იმ პირების მიმართ, ვინც პუტინს მწვავედ აკრიტიკებს. საკითხს ის ფაქტი კიდევ უფრო ამძაფრებს, რომ რუსეთის ხელისუფლების მხრიდან შესაძლო ფიზიკური ლიკვიდაციის სამიზნე ჟურნალისტია და ეს ქმედება მისი გამოხატვის თავისუფლების წინააღმდეგ არის მიმართული. ეს ყოველივე ასევე მიზნად  საქართველოში იმ მედიის წარმომადგენელთა თუ აქტივისტთა დაშინებას ისახავს, რომლებიც საზოგადოებას რუსეთის ოკუპაციის სიმძიმეს და საქართველოს მიმართ რუსეთის მთავრობის დამპყრობლურ პოლიტიკას მუდმივად ახსენებენ.

ამ ვერშემდგარი აქტის მიზანი, ასევე, სავარაუდოდ, ქვეყანაში საზოგადოებრივი მღელვარების გამოწვევაც იყო, რაც პანდემიის ფონზე და ისედაც დაძაბულ წინასაარჩევნო გარემოში სიტუაციის უკიდურესი ესკალაციის მიზეზი შეიძლება გამხდარიყო. საქართველოს ტერიტორიაზე სხვა ქვეყნის წარმომადგენლების მხრიდან მსგავსი ოპერაციის დაგეგმვა და ჩატარება ჩვენი ქვეყნის სუვერენიტეტში ჩარევადაც უნდა ჩაითვალოს.” – ნათქვამია განცხადებაში. 

განცხადებას ხელს 12 ორგანიზაცია აწერს:

  1. საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველო
  2. ღია საზოგადოების ფონდი
  3. მედიის განვითარების ფონდი
  4. საქართველოს რეფორმების ასოციაცია
  5. საქართველოს ატლანტიკური საბჭო
  6. საქართველოს სტრატეგიისა და საერთაშორისო ურთიერთობების კვლევის ფონდი
  7. საზოგადოება და ბანკები
  8. ლიბერალური აკადემია თბილისი
  9. ეკონომიკური პოლიტიკის კვლევის ცენტრი
  10. საქართველოს ფერმერთა ასოციაცია
  11. სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოება
  12. ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტი