სპეცოპერაციისას დაკავებული რუსეთის მოქალაქე გიორგი გაბუნიას ლიკვიდაციას გეგმავდა - გვარამია

ტელეკომპანია „მთავარის” გენერალურმა დირექტორმა ნიკა გვარამიამ საგანგებოდ გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, რომ ქავთარაძის ქუჩაზე პარასკევს ჩატარებული სპეცოპერაციისას დაკავებული ეთნიკურად ინგუში 40 წლის მამაკაცი საქართველოში ჟურნალისტ გიორგი გაბუნიას ლიკვიდაციისთვის იყო ჩამოსული.

მისი თქმით, აჰმედის სახელით ცნობილი დაკავებული პირი რუსეთის მოქალაქე ვასამბეკ ბადრის ძე ბოკოვია.  გვარამია აცხადებს, რომ ამის შესახებ ინფორმაცია მათთვის კვირებია უკვე ცნობილია.

გვარამია აცხადებს, რომ ბოკოვი გაბუნიას ლიკვიდაციას ჩეჩნეთის რესპუბლიკის ლიდერის, რამზან კადიროვის დავალებით გეგმავდა.

გვარამიას ცნობით, აღნიშნულის შესახებ ინფორმაცია საქართველოს ხელისუფლებას უკრაინის სამართალდამცავმა ორგანოებმა მიაწოდეს. მისი თქმით, საქართველოს ხელისუფლებისგან დამოუკიდებლად უკრაინის ტერიტორიაზე გამოძიება დიდი ხნის განმავლობაში მიმდინარეობდა, ვინაიდან, მისი თქმით, საქართველოს ხელისუფლება არ არის სანდო პარტნიორი რუსეთის მოქალაქეების წინააღმდეგ გამოძიების პროცესში და უკრაინის სამართალდამცავ ორგანოებს ჰქონდათ შიში, რომ საქართველოს ხელისუფლებიდან აღნიშნული ინფორმაცია გაჟონავდა.

გვარამია აცხადებს, რომ გაბუნიას ლიკვიდაცია მის იმ მონოლოგთან დაკავშირებით დაიგეგმა, რომელშიც გიორგი გაბუნიამ რუსეთის პრეზიდენტს ვლადიმერ პუტინს აგინა.

„მთავარი არხის” გენერალურმა დირექტორმა ტელევიზიის თანამშრომლობის უსაფრთხოებაზე პასუხისმგებლობა სრულად დააკისრა საქართველოს ხელისუფლებას.

გვარამია მოუწოდებს საქართველოსა და უკრაინის სამართალდამცავ ორგანოებს მაქსიმალურად საჯარო გახადონ ამ ფაქტის გამოძიების შესახებ ინფორმაცია.