„ჟურნალისტთა დაცვის კომიტეტის” (CPJ) ევროპისა და ცენტრალური აზიის პროგრამის დირექტორი, გულნოსა საიდი აცხადებს, რომ მზია ამაღლობელის საქმე პოლიტიკურად მოტივირებულია და მას ახლა თავისი ჟურნალისტური საქმიანობის გამო სჯიან. ამის შესახებ მან „ამერიკის ხმასთან“ ინტერვიუში განაცხადა.
ის მოუწოდებს შესაბამის პირებს, რომ დაუყოვნებლივ გაათავისუფლონ ამაღლობელი და საჭირო, აუცილებელი სამედიცინო დახმარება გაუწიონ.
„პირველ რიგში, ის, რომ [მზია] პატიმრობაში იმყოფება პრესის თავისუფლების ძალიან სერიოზული დარღვევაა. ჩვენ ძალიან გვაშფოთებს მისი ჯანმრთელობისა და სიცოცხლის მდგომარეობა შიმშილობის გამო, რომელსაც ის ახლა მიმართავს. სამწუხაროდ, როგორც ჩანს, შიმშილობა ერთადერთი გზაა, იმ მოპყრობის გასაპროტესტებლად, რომელსაც ის იღებს. ეს აშკარად პოლიტიკური და პოლიტიზებული საქმეა.
ის მიზანში ნამდვილად თავისი ჟურნალისტური საქმიანობის გამო ჰყავთ ამოღებული. ჩვენ მოვუწოდებთ ქართველ მაღალჩინოსნებს, რომ დაუყოვნებლივ გაათავისუფლონ ის და საჭირო, აუცილებელი სამედიცინო დახმარება გაუწიონ.
რა თქმა უნდა, პოლიციელს არავინ უნდა გაარტყას და ამის საწინააღმდეგო კანონი არა მხოლოდ საქართველოში, არამედ უამრავ სხვა ქვეყანაშიცაა. მაგრამ, თუ დავაკვირდებით ამ საქმის დეტალებს- მზიას ორჯერ დაკავებას, ყველაფერს რაც მის დაკავებამდე და დაკავების შემდეგ მოხდა, მოპყრობას, რომელიც მის მიმართ აქვთ- ცხადია, რომ მას კარგად იცნობდა პოლიციის უფროსი, რომელმაც, სავარაუდოდ, მას [მზიას დაკავების] შემდეგ შეაფურთხა.
მზია ცნობილია თავისი კრიტიკული ჟურნალისტური მასალებით, ის ამიტომაც გამოარჩიეს. შესაბამისად ჩვენი პოზიციაა, რომ ის უნდა გაათავისუფლონ, რათა არ იყოს ისეთ კრიტიკულ მდგომარეობაში, რომლის შესახებაც [მისი ადვოკატები და კოლეგები] საუბრობენ.
[…] „დანაშაულისთვის” სასჯელი, რომელიც მან ჩაიდინა 4-დან 7 წლამდე პატიმრობას გულისხმობს. ეს ნათლად არაპროპორციულია ჟურნალისტის ქმედებასთან შედარებით. ეს ქართველმა მაღალჩინოსნებმა აუცილებლად უნდა გაითვალისწინონ. განსაკუთრებით, თუ გავითვალისწინებთ იმ ზოგად მდგომარეობას, როდესაც იყო არაერთი შეტაკების შემთხვევა მომიტინგეებსა და პოლიციელებს შორის და იმ ადამიანებს, რომლებიც მზიას მსგავს პოზიციაში იყვნენ, არ მოექცნენ ისე, როგორც მას ექცევიან ახლა”, – აცხადებს საიდი.
შეკითხვაზე, მზია ამაღლობელის საქმის დეტალებზე დაყრდნობით, შეუძლია თუ არა თქვას, რომ ის პოლიტპატიმარია, გულნოსა საიდი პასუხობს:
„ჩვენ, „ჟურნალისტთა დაცვის კომიტეტში“ არ გვაქვს მეთოდოლოგია, რომლითაც განვსაზღვრავთ, არის თუ არა ვინმე პოლიტპატიმარი. მაგრამ თუ გადახედავთ სხვა უფლებადამცველ ორგანიზაციებს, როდესაც საქმე პოლიტიკურად მოტივირებულია, ანუ პირი არის მიზანმიმართულად სამიზნეში ამოღებული თავისუფლების აღკვეთით, დაპატიმრებით ან სხვა უსამართლო მოპყრობით მათი, როგორც ჟურნალისტის, როგორც აქტივისტის, ან უფლებადამცველის საქმიანობის გამო, მაშინ ეს არის პოლიტიკური საქმე და ისინი პოლიტპატიმრები არიან.
ასე რომ, ბევრი ორგანიზაციის მიხედვით, მზია არის [პოლიტპატიმარი]. ბევრი ორგანიზაციაა, მათ შორის, „ჟურნალისტთა დაცვის კომიტეტი“, რომლებიც მიიჩნევენ, რომ ეს საქმე პოლიტიზებულია და ის მიზანში ჰყავთ ამოღებული, გამორჩეული ჰყავთ თავისი და კოლეგების ჟურნალისტური საქმიანობის გამო“, – ამბობს ის.
ინტერვიუში საიდი ასევე საუბრობს საქართველოში არსებულ მედიაგარემოზე და აღნიშნავს, რომ მათ დაფიქსირებული აქვთ შემთხვევები, როდესაც ჟურნალისტებს უსამართლოდ ექცეოდნენ ან აპატიმრებდნენ პროტესტების დროს.
„საქართველო ცნობილია საკმაოდ ბევრი საპროტესტო აქციით. ზოგადად, ქართველები და ქართული სამოქალაქო საზოგადოება ერთ-ერთი ყველაზე აქტიურია. ამიტომაც, როდესაც პირველად წარადგინეს ე.წ „უცხოეთის აგენტების კანონი“, საზოგადოების წნეხის გამო უკან გაიწვიეს, თუმცა, შემდეგ როგორღაც მოახერხეს და ის გაიტანეს პარლამენტში.
მზიას და სხვა ჟურნალისტების შემთხვევები, რომლებიც მიზანში თავიანთი საქმიანობის გამო ამოიღეს და უსამართლოდ ექცევიან, აჩვენებს, რომ პრესის თავისუფლება საქართველოში ნათლად უკან მიდის. მთავრობის პოლიტიკაზე დაკვირვება, იმის ნახვა, როგორ დისტანცირდებიან ისინი ევროკავშირისგან, იმისგან რაც აქამდე მათი ქვეყნის მთავარი მიზანი იყო და რასაც ქართველების უმეტესობა მხარს უჭერს, იმის ნახვა, როგორ ხშირად არღვევენ პრესის თავისუფლებას და ზოგად ადამიანის უფლებებს, ძალიან სევდისმომგვრელია. განსაკუთრებით, ჩემთვის, როგორც ადამიანისთვის, რომელიც წლებია პრესის თავისუფლების მიმართულებით მუშაობს.
აქამდე ჩვენ საქართველოზე, როგორც რეგიონში სინათლის სხივზე და ჟურნალისტებისთვის ერთ-ერთ ყველაზე უსაფრთხო ქვეყანაზე ვსაუბრობდით. ყოველ ჯერზე, როდესაც საქართველოში ჟურნალისტებს ვესაუბრები, ვხედავ, რომ ისინი პროფესიონალები არიან, რომლებიც იმავე სტანდარტებით მუშაობენ, რითიც დასავლური მედია გამოცემები. ვისურვებდი, რომ ეს საქართველოში გაგრძელდეს. თუმცა, ახლა სერიოზულად გვაშფოთებს, რომ ეს ასე აღარ იქნება“, – აცხადებს ის.
დამოუკიდებელი ჟურნალისტი, „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ დამფუძნებელი და დირექტორი მზია ამაღლობელი 11-12 იანვრის ღამეს ბათუმში აქციაზე დააკავეს. ის უკვე 18 დღეა, შიმშილობს და დაკავების დროიდან მხოლოდ წყალს იღებს.
მზია ამაღლობელს ბათუმის პოლიციის უფროსის, ირაკლი დგებუაძისთვის სახეში ხელის გარტყმის გამო პოლიციელზე თავდასხმას ედავებიან. დაკავებისას მზია ამაღლობელს მიაყენეს შეურაცხყოფა, მოექცნენ არაადამიანურად. მას 4-დან 7 წლამდე პატიმრობა ემუქრება.
უფლებადამცველები აცხადებენ, რომ მზია ამაღლობელისთვის აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის შეფარდება დაუსაბუთებელი იყო. ზოგი იურისტი ფიქრობს, რომ ჟურნალისტისთვის ბრალდებად წარდგენილი მუხლი მის ქმედებას არ შეესაბამება.