საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილმა თანამშრომელმა, ტელე-რადიო წამყვანმა და საჯარო კომუნიკაციის ექსპერტმა დოდო შონავამ საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს წევრობის კანდიდატების შესარჩევი კონკურსიდან კანდიდატურა მოხსნა.
როგორც შონავა სოციალურ ქსელში წერს, არ მიიღებს მონაწილეობას იმ კონკურსში, იმ მაუწყებლის ბორდში მოსახვედრად, რომელშიც 40 წელზე მეტი იმუშავა დ რომელიც „ოცნებამ“ იდეურად, მორალურად, შინაარსობრივად გამოშიგნა და საბოლოოდ, ისეთივე მავნებლურ პროფანაციად, ფარსად და ფიქციად აქცია, როგორც ყველა ღირებული საზოგადოებრივი, თუ სახელმწიფო ინსტიტუცია“.
„იმ კომისიამ, სადაც ინტერესთა უდიდესი კონფლიქტით, დასანქცირებული ტელეკომპანია „იმედის“ სამი წარმომადგენელია, ხოლო დანარჩენი 6 წევრი საზოგადოებისთვის თითქმის უცნობი ადამიანი, უნდა შეაფასოს ჩემი კვალიფიკაცია, სამოქალაქო ცნობიერება და საზოგადოებრივი ლეგიტიმაცია.
უფრო დავკონკრეტდები, მაგალითად – სოფო ნიკოლაიშვილმა საზოგადოების სახელით უნდა გადაწყვიტოს, ვიმსახურებ თუ არა სამეურვეო საბჭოს წევრობას.
თუ ბედმა და იღბალმა ინება და იმდენი ქულა დავაგროვე, რომ პარლამენტისთვის გადასაცემ საკრალურ სიაში მოვხვდი, მაშინ ან „ოცნებამ“ უნდა წარმადგინოს უმრავლესობის კვოტით, რაც სავსებით გამორიცხულია და ღმერთმაც დამიფაროს, ან „ხალხის ძალამ“ – ოპოზიციის კვოტით, რაც ასევე აბსურდია და ამავე დროს უკანონო, რადგან „ხალხის ძალა“ არც ფრაქციაა და მით უფრო, არც ოპოზიცია, ან გიორგი გახარიას პარტიის ფრაქციამ, თუმცა ვფიქრობ, კანდიდატთა სიაში იკითხება იმ კანდიდატის გვარ-სახელი, რომელიც სამართლიანად იმსახურებს ამ ფრაქციიდან პარტიულ წარდგენას.
რომც მოხდეს სასწაული და ვინმემ წარმადგინოს კენჭისყრაზე და მიუხედავად იმისა, რომ ვასილ მაღლაფერიძე, ჩვეულებისამებრ, აუცილებლად დაივლის ყველა საპარლამენტო კომიტეტს და კატეგორიულად მოითხოვს დოდო შონავას არარჩევას, პარლამენტმა მაინც ამირჩია ბორდის წევრად, რა პერსპექტივა მესახება?!
ლაშა ტუღუშისა და ლიკა ბასილაია-შავგულიძის გამოკლებით, პირისპირ უნდა დავსხდე იმ ადამიანებთან, ვისაც არანაირ პატივს არ ვცემ, უშედეგოდ უნდა ვეწინააღმდეგო მათ, ხშირ შემთხვევაში, უკანონო და უზნეო გადაწყვეტილებებს, ვასილ მაღლაფერიძის ამორალურ ბოდვებს ვუსმინო, სახალხო დამცველის მიერ ბორდში მეორედ, ადამიანის უფლებების დასაცავად, შებრუნებული ბელა ოსიპოვას „მაღლაფერიძეობის“ ექსკლუზიური დაცვა ვიხილო, გიორგი იაკობაშვილის ზღვარგადასული, ვულგარული უზრდელობით ცნობიერება შევილახო, ასევე მეორედ შებრუნებული გია მურღულიას მორალური რეპუტაციის სრული კრახის თვითმხილველი გავხდე, საკუთარი მნიშვნელობის ზეაღქმით და კარიერული ამბიციებით აღტაცებული თინა ბერძენიშვილის ღვაწლი და დამსახურება შევაფასო, ირინა მიხაილოვას სრულიად უსუსური და ამავე დროს უტიფარი, იურისტისთვის ყოვლად შეუფერებელი, თავგანწირვითი მონობა დავამოწმო, ბორდის დანარჩენი წევრებისა და საზოგადოებრივი მაუწყებლის თანამშრომელთა უმრავლესობის „კრავთა დუმილი“ ავიტანო და ვეცადო, რეპუტაცია ოდნავ მაინც შევუნარჩუნო იმ მაუწყებელს, რომელმაც უღალატა საზოგადოებას, პროფესიულ ეთიკასა და ღირსებას?!
არა და ვერა ბატონებო, განსაკუთრებით, საზოგადოებრივი მაუწყებლის 15 ივნისის სამუშაო სხდომის ყურების, მოსმენისა და გააზრების შემდეგ მივიღე გადაწყვეტილება, გასაუბრებაზე არ წავალ!“, – დაწერა დოდო შონავამ.
ვის სურს საზმაუს ბორდის წევრობა
მეურვეობის კანდიდატები არიან:
- დავით ახვლედიანი,
- ელისო გაბადაძე,
- თეა გეგენავა,
- ვიქტორ გოგაშვილი,
- თეიმურაზ კეკელიძე,
- ბეგლარ ლოგუა,
- გრიგოლ მურღულია – საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს წევრი/ თავმჯდომარის მოადგილე,
- ვლადიმერ ტატიშვილი – „აჭარის ტელევიზიისა და რადიოს“ ყოფილი დირექტორი,
- დავით ქართველიშვილი – ანალიტიკოსი, „ხალხის ძალა“
როგორ დაკომპლექტდა საპარლამენტო კომისია, რომელიც კანდიდატებს შეარჩევს
საზოგადოებრივი მაუწყებლის მეურვეობის კანდიდატების შესარჩევ საკონკურსო კომისიის შემადგენლობაში შედიან:
- გივი აბესაძე – ფოლკლორული ანსამბლის „დიდგორის“ სოლისტი
- მარიამ გვიდიანი – „ქალების ხმა – დემოკრატია და უსაფრთხოება“ აღმასრულებელი დირექტორი
- როზეტა გუჯეჯიანი – თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორი
- თამარ კეკენაძე – საქართველოში ბრიტანული უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორი პოლიტიკის მეცნიერებებში, პარტია „საქართველოსთვის“ პოლიტიკური საბჭოს წევრი
- დავით მაღლაფერიძე – რადიო „იმედის“ პროგრამების დირექტორი
- ერმილე მესხია – ბათუმის ხელოვნების სასწავლო უნივერსიტეტის განათლების, ჰუმანიტარულ და სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტის დეკანი, პროფესორი
- ნინო მეუნარგია – რადიო „იმედის“ წამყვანი
- სოფიო ნიკოლაიშვილი – „იმედის“ გადაცემების: „იმედის დილა“ და „იმედის დღე“ მთავარი პროდიუსერი, კომუნიკაციების კომისიის „მედია აკადემიის“ მენტორი
- შორენა შავერდაშვილი – გამომცემლობა „სეზან ფაბლიშინგის“ დირექტორი, კომუნიკაციების კომისიის „მედია აკადემიის“ ყოფილი დირექტორი
საზმაუს სამეურვეო საბჭოს კანდიდატურის შერჩევის წესი შეიცვალა, თუმცა ამ კონკურსის გამოცხადების დროს ჯერ კიდევ ძველი რედაქცია მოქმედებდა.
საპარლამენტო საკონკურსო კომისია განიხილავს და შეარჩევს მეურვის კანდიდატურებს და წარუდგენს იმ სუბიექტებს, რომლებსაც სამეურვეო საბჭოს წევრის პარლამენტისთვის წარდგენის უფლებამოსილება აქვთ.
კომისიის მიერ შერჩეულ მეურვეობის კანდიდატთაგან ორს საქართველოს სახალხო დამცველი, სამს საპარლამენტო უმრავლესობაში შემავალი ფრაქცია/ფრაქციები, სამს საპარლამენტო ოპოზიციაში შემავალი ფრაქციები და სამს აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭო ასარჩევად წარუდგენს პარლამენტს.
საზოგადოებრივი მაუწყებლის 11-წევრიანი სამეურვეო საბჭოდან უფლებამოსილების ვადა სამს: ზაზა აბაშიძეს, ბონდო მძინარაშვილსა და გია მურღულიას ეწურება. ზაზა აბაშიძე და ბონდო მძინარაშვილი საბჭოში საპარლამენტო ოპოზიციის კვოტით მოხვდნენ, გია მურღულია კი – უმრავლესობის.
სამომავლოდ, შეცვლილი რეგლამენტის საფუძველზე, საზმაუს სამეურვეო საბჭოს წევრობის კანდიდატურა ღია კონკურსით აღარ შეირჩევა.
უფლებამოსილ სუბიექტს შეეძლება, საპარლამენტო საკონკურსო კომისიის გარეშე, პირდაპირ წარუდგინოს პარლამენტს მეურვეობის ერთი კანდიდატი.