„დოკუმენტი სცდება ქალაქის ინტერესებს“ - ხუნდაძე მცხეთის გენგეგმის კონცეფციაზე

პუბლიკა

დღეს პარლამენტის პლენარულ სხდომაზე უმრავლესობის დეპუტატმა დიმიტრი ხუნდაძემ მცხეთის გენერალური გეგმისა და მორატორიუმის საკითხებზე ისაუბრა. მისი თქმით, მცხეთის გენერალურ გეგმაზე მომუშავე ჯგუფმა ამხანაგობა „აქოლისმა“ „აიძულა მცხეთელები, რომ ქუჩაში გამოსულიყვნენ“. მისი თქმით, გენერალურ გეგმაზე მომუშავე ჯგუფი კერძო ინტერესებს ემსახურება და არ ასახავს ქალაქისა და მოსახლეობის ხვალინდელ დღეს.

„ასეთი მიმდევრობით, ჩვენ შევალთ ჩიხში, ეს დოკუმენტი სცდება  ქალაქის და მოსახლეობის ინტერესებს, იკვეთება კერძო ინტერესები. აი ამ საუბარში უკვე მეექვსე წელია ქალაქი და ქალაქში მცხოვრები მოსახლეობა მორატორიუმის რეჟიმში ცხოვრობს. ანუ დატყვევებულია, პრაქტიკულად ის ვერ აკეთებს ვერაფერს. არადა, დამერწმუნებით ბევრისთვის 6 წელი ძალიან მნიშვნელოვანი ნაწილია“, – განაცხადა მან.

დიმიტრი ხუნდაძემ სხდომაზე ამხანაგობა „აქოლისის“ მისამართით გააჟღერა ბრალდებები, რომ გენგეგმის ჯგუფს სურს, ქალაქზე და მის ტურისტულ მარშრუტებზე კონტროლი დაამყაროს.

„ჩემს განხცადებებსა და ჩემი მხრიდან ასეთ შეფასებებს ისინი 2 დღის წინ გამოეხმაურნენ და მტკიცებულებები მოითხოვეს. მე მათ მინდა ვუთხრა, რომ მთავარი მტკიცებულება სწორედ ის დოკუმენტია, რომელიც მათ მცხეთის მუნიციპალიტეტს წარუდგინეს დასამტკიცებლად. მაგრამ მე ამაზე არ შევჩერდები, რადგან ამისათვის უკეთესი იქნება სხვა ადგილი და სხვა დრო“, – თქვა მან.

მცხეთის გენერალური გეგმისა და მორატორიუმის საკითხს ბოლო დღეებში მცხეთის მერიის წარმომადგენლები და უმრავლესობის წევრი დიმიტრი ხუნდაძე რამდენჯერმე გამოეხმაურა. მათი განცხადებების მიხედვით, ისინი უკმაყოფილებას გამოხატავენ დოკუმენტის კონცეფციასთან დაკავშირებით.

ამ ბრალდებებს მცხეთის გენერალურ დოკუმენტზე მომუშავე ჯგუფი ამხანაგობა „აქოლისი“ გამოეხმაურა.

როგორც მათ მიერ გავრცელებულ განცხადებაშია აღნიშნული, მათ მიერ მომზადებული გეგმის კონცეფცია მოიწონა მთავრობის მიერ შექმნილმა პროფესიულმა საბჭომ. მათი განმარტებით, საერთაშორისო გავლენიანმა ორგანიზაციებმა UNESCO-მ და ICOMOS-ის  წარმომადგენლებმა კონცეფცია დადებითად შეაფასეს.

„ამხანაგობა „აქოლისის“ მიერ მომზადებული გენერალური გეგმის კონცეფცია მოიწონა მთავრობის მიერ შექმნილმა პროფესიულმა საბჭომ, ხოლო UNESCO-ისა და ICOMOS-ის საერთაშორისო ექსპერტები ადგილზე გაეცნენ ჯგუფის მუშაობას და განიხილეს შემუშავებული კონცეფცია, რის შედეგადაც მათი რეკომენდაციების გათვალისწინებით მეორე ეტაპზე მომზადებული კონცეფცია დადებითად შეაფასეს და პროექტის გაგრძელების მხარდაჭერა დაადასტურეს“, – წერია გავრცელებულ განცხადებაში.

მათი თქმით, 2020 წლის 30 დეკემბერს უწყებათაშორისმა საბჭომ, კანონმდებლობით დადგენილი მოთხოვნის შესაბამისად, დოკუმენტი განსახილველად მცხეთის მუნიციპალიტეტს გადაუგზავნა.

„ქალაქ მცხეთის მუნიციპალიტეტმა, ნაცვლად კანონმდებლობით დადგენილი ვალდებულების შესრულებისა – გამოექვეყნებინა დოკუმენტი და საჯარო განხილვისა და ობიექტური შეფასების საგნად ექცია იგი, კონკრეტული არგუმენტების გარეშე დაიწყო ცილისმწამებლური კამპანია ამხანაგობა „აქოლისის“ მიმართ და მცხეთის გენერალური გეგმის კონცეფცია კონკრეტულ პირებსა და კერძო ბიზნესინტერესებზე მორგებულად გამოაცხადა“, – წერია გავრცელებულ განცხადებაში.

მათი თქმით, მაშინ, როცა გენერალური გეგმის კონცეფცია გასაჯაროებული არაა, ქალაქის მუნიციპალიტეტის ქმედება ემსახურება საზოგადოებაში, განსაკუთრებით მცხეთის მოსახლეობაში არასწორი დამოკიდებულების წინასწარ ჩამოყალიბებას.


მცხეთის გენერალური დოკუმენტისა და მორატორიუმის საკითხს ჯერ კიდევ 2020 წლის სექტემბერში გიორგი გახარია გამოეხმაურა. როგორც მაშინ პრემიერმა განაცხადა, მორატორიუმის საკითხი სწრაფად უნდა გადაწყდეს.

ამის შემდეგ მე-10 მოწვევის პარლამენტის პირველ პლენარულ სხდომაზე პრემიერ გახარიას დიმიტრი ხუნდაძემ მორატორიუმის შესახებ დაუსვა შეკითხვა.

გიორგი გახარიამ, პარლამენტში გამოსვლის დროს, დეპუტატ დიმიტრი ხუნდაძის შეკითხვის საპასუხოდ განაცხადა, რომ საჭიროა მცხეთის მორატორიუმთან დაკავშირებით წინასაარჩევნოდ გაცემული დაპირების შესრულება.

გახარიას თქმით, კომპრომისზე უნდა წავიდეს როგორც მოსახლეობა, ისე UNESCO და სახელმწიფო. მან აღნიშნა, რომ საკითხი მცხეთის გენერალური გეგმის დამტკიცებამდე უნდა გადაწყდეს.

„პირველი, რაც უნდა გავაკეთოთ 2021 წლის სამუშაო დღეებში, კიდევ ერთხელ უნდა დავსხდეთ… შეუძლებელია, რომ გამოსავალი ვერ ვიპოვოთ. გამოსავალი მარტივია – UNESCO-ის მემკვიდრეობის სტატუსის შენარჩუნება და მოსახლეობისთვის ჟანგბადის მიცემა. კომპრომისი უნდა იყოს როგორც მოსახლეობიდან, ასევე UNESCO-სა და სახელმწიფოსგან. ჩვენ მზად ვართ ამ კომპრომისისთვის. უბრალოდ, ამ კომპრომისის პირობები უნდა განვსაზღვროთ. ელემენტარულად იმისთვის, რომ ის დაპირება, რომელიც წინასაარჩევნოდ გავეცით, შევასრულოთ, სანამ ეს გენგეგმა დამტკიცდება“, – თქვა მან.

მორატორიუმზე, რომელიც მცხეთაში 2015 წლის აგვისტოდანაა დაწესებული. აღნიშნული მორატორიუმით მცხეთაში, რომელიც UNESCO-ის მსოფლიო მემკვიდრეობის სიაშია, შეზღუდულია ახალი მშენებლობები.

ამხანაგობა „აქოლისის“ წარმომადგენელმა „პუბლიკასთან“ განაცხადა, რომ დიმიტრი ხუნდაძის დღევანდელი გამოსვლის საპასუხოდ ისინი განცხადებას გაავრცელებენ. რასაც „პუბლიკა“ შემოგთავაზებთ.