დოლიძე: მივიღეთ გადაწყვეტილება, გავიდეთ კოალიცია ,,ძლიერი საქართველოდან”

პუბლიკა

პარტია „ანა დოლიძე – ხალხისთვის” ლიდერი, ანა დოლიძე სოციალურ ქსელში განცხადებას ავრცელებს და წერს, რომ პარტიამ მიიღო გადაწყვეტილება გავიდეს კოალიცია ,,ძლიერი საქართველოდან” და დაუბრუნდეს დამოუკიდებელ საქმიანობას.

როგორც ანა დოლიძე აცხადებს, მათი ამოცანა იყო, რომ არ მიეცათ ბიძინა ივანიშვილისთვის საშუალება მოეპარა ხმები და დაეზიანებინა საქართველოს ევროპული კურსი და ამ მიზნით გვერდით გადადეს ამბიციები და მიზნები, „ახლა კი დროა, რომ პარტია ,,ხალხისთვის” დაუბრუნდეს საკუთარ მიზნებს და ამოცანებს”.

„მეგობრებო, მივიღეთ გადაწყვეტილება გავიდეთ კოალიცია ,,ძლიერი საქართველოდან” და დავუბრუნდეთ დამოუკიდებელ საქმიანობას.

დიდი მადლობა ნდობისთვის ყველა ადამიანს, ვინც არჩევნებში ხმა მისცა პარტიას პარტია ანა დოლიძე – ხალხისთვის და ამავე დროს ენდო “ძლიერ საქართველოს.”

ჩვენი მთავარი ამოცანა იყო, რომ არ მიგვეცა საშუალება ბიძინა ივანიშვილისთვის მოეპარა თქვენი ხმები და დაეზიანებინა საქართველოს ევროპული კურსი. ამ მიზნით გვერდით გადავდეთ ჩვენი ამბიციები და ჩვენი მიზნები. ჩვენი მთავარი ამოცანა იყო საქართველოს ინტერესები და სიყვარული.

ამავე დროს, ჩვენ შევქმენით კოალიციური თანამშრომლობის მშვენიერი ტრადიცია, რასაც აუცილებლად დავნერგავთ და გავაგრძელებთ მომავალშიც, რაც ასე ჭირს ქართულ პოლიტიკურ კულტურაში. თუმცა, ახლა დრო არის, რომ პარტია ,,ხალხისთვის” დაუბრუნდეს საკუთარ მიზნებს და ამოცანებს. ჩვენ გვაქვს აქტიური თანამშრომლობა ევროპის სოციალ-დემოკრატიულ პარტიასთან და ეს თანამშრომლობა გადის ახალ ეტაპზე, ვინაიდან გვაქვს ამბიცია გავხდეთ ევროპის სოციალ-დემოკრატიული პარტიის დამკვირვებელი წევრი.

ვფიქრობთ, რომ ეს თანამშრომლობა არის ძალიან მნიშვნელოვანი შესაძლებლობა, რომ დამოუკიდებლად განვითარდეს პარტია ,,ხალხისთვის”, განაგრძოს საქართველოს მოქალაქეების ინტერესების დაცვა და მნიშვნელოვნად დაუჭიროს მხარი ჩვენს ევროპულ არჩევანს”, – წერს ანა დოლიძე.

კოალიციაში „ძლიერი საქართველო” გაერთიანებული იყო რამდენიმე პარტია – „ლელო”, „მოქალაქეები”, „ანა დოლიძე – ხალხისთვის” და „თავისუფლების მოედანი”, თუმცა კოალიცია დატოვა „თავისუფლების მოედანმაც”.