კოალიცია „ძლიერი საქართველოს“ ერთ-ერთი ლიდერის, ანა დოლიძის განცხადებით, მან ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ევროპის რეგიონულ დირექტორს, ჰანს კლუგეს მიმართა, რომ სასწრაფოდ ჩაერიოს „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ დამფუძნებლის, მზია ამაღლობელის საქმეში.
დოლიძის განმარტებით, ჯანდაცვის საერთაშორისო ორგანიზაცია გაეროს ნაწილი და გაეროს აქვს ბერკეტი, ამ ვითარებაში სამედიცინო თვალსაზრისით ჩაერიოს.
„ქვეყანაში არის შექმნილი ეროვნული დონის საგანგებო ვითარება. 50 პოლიტპატიმარია და მათ შორის ერთ-ერთი მზია ამაღლობელია, რომლის ჯანმრთელობის შესახებ არავითარი ინფორმაცია არ გვაქვს. ინფორმაცია გვაქვს იურისტებისგან, რომ მე-17 დღეა შიმშილობს. 17-დღიანი შიმშილობა ყველა ადამიანის სიცოცხლისთვის, ჯანმრთელობისთვის ძალიან დიდი დარტყმა არის.
დღეს მე მივმართე ჯანდაცვის საერთაშორისო ორგანიზაციას, რომელიც არის გაეროს ნაწილი. საქართველო არის გაეროს წევრი, ყოველ წელს 200 ათას დოლარს იხდის სახელმწიფო, რომ გაეროს წევრი იყოს. ჯანდაცვის ორგანიზაციის ევროპის განყოფილების დირექტორი არის ცნობილი ექიმი, ჰანს კლუგე, დღეს მივმართე, რომ სასწრაფოდ ჩაერიოს ამ საკითხში. ასევე, მას საშუალება აქვს, შევიდეს და მოინახულოს მზია ამაღლობელი.
გაეროს რამდენიმე დაწესებულება აქვს, რომელსაც ეს შეუძლია. ელემენტარული ჩარევაა, რომელიც დღეს საქართველოს ძალიან სჭირდება. მზია ამაღლობელის სიცოცხლე პოლიტიკური აქტი და ხუმრობა არ არის, მართლაც საგანგაშო ვითარებაა. მსოფლიოში ცნობილია, მათ შორის ბრიტანეთში ფაქტები, როდესაც შიმშილობისგან ადამიანი დაიღუპა. არ შეიძლება იმით, რომ ვითომ ინფორმაცია არ ვიცით და „მაგარი ბიჭების“ როლს თამაშობს ვიღაც, ამ ადამიანის სიცოცხლე შევწიროთ. ყველა ზომა უნდა მივიღოთ. გაერო არის ის, რომელსაც დღეს აქვს ბერკეტები, ამ ვითარებაში სამედიცინო თვალსაზრისით ჩაერიოს“, – განაცხადა დოლიძემ.
დამოუკიდებელი ჟურნალისტი, „ბათუმელებისა” და „ნეტგაზეთის” დამფუძნებელი და დირექტორი მზია ამაღლობელი 11-12 იანვრის ღამეს ბათუმში გამართულ აქციაზე დააკავეს. ის უკვე 17 დღეა შიმშილობს და დაკავების დროიდან მხოლოდ წყალს იღებს.
მზია ამაღლობელს ბათუმის პოლიციის უფროსის, ირაკლი დგებუაძისთვის სახეში ხელის გარტყმის გამო პოლიციელზე თავდასხმას ედავებიან. დაკავებისას მზია ამაღლობელს მიაყენეს შეურაცხყოფა, მოექცნენ არაადამიანურად. მას 4-დან 7 წლამდე პატიმრობა ემუქრება.
გუშინ, 27 იანვარს ამაღლობელთან ციხეში მისი ადვოკატი, გიორგი ხიმშიაშვილი იყო შესული. ის ამბობს, რომ პირველადი ინფორმაციით, ამაღლობელის მდგომარეობა ნორმალურია.
ადვოკატის განცხადებით, მზია ამაღლობელი შიმშილობას აგრძელებს, სანამ ორგანიზმი შესაძლებლობას მისცემს. ამაღლობელი მხოლოდ წყალს იღებს. მისივე თქმით, როგორც ამაღლობელმა აღწერა, საკანში არის კამერა, რომლის საშუალებითაც ზედამხედველობის ქვეშაა, პერიოდულად მასთან საკანში შედიან ექიმები.
უფლებადამცველები აცხადებენ, რომ მზია ამაღლობელისთვის აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის შეფარდება დაუსაბუთებელი იყო. ზოგი იურისტი ფიქრობს, რომ ჟურნალისტისთვის ბრალდებად წარდგენილი მუხლი მის ქმედებას არ შეესაბამება.