დოლიძე: სახელმწიფომ უნდა დაასუბსიდიროს ახალგაზრდა ოჯახების პირველი შენაძენი - ბინა

პუბლიკა

„ჩემი შეთავაზებაა, სახელმწიფომ დაასუბსიდიროს ახალგაზრდა ოჯახების პირველი შენაძენი – ბინა/სახლი. ეს არის აპრობირებული მეთოდი ბევრ ქვეყანაში”, – ამის შესახებ პარტია „ხალხისთვის“ ლიდერი, ანა დოლიძე აცხადებს.

მისივე თქმით, სახელმწიფოს უნდა ჰქონდეს პოლიტიკა ახალგაზრდა
ოჯახების მიმართ.

„კობახიძის ცინიზმს უნდა დავუპირისპიროთ რეალური პოლიტიკა, რომელიც დღეს სახელმწიფოს არ გააჩნია. სახელმწიფოს უნდა ჰქონდეს პოლიტიკა ახალგაზრდა ოჯახების მიმართ. ევროპის ყველა ქვეყანაში არის სხვადასხვა ტიპის მხარდამჭერი პროგრამები ახალგაზრდა ოჯახების მიმართ. დღევანდელი ეკონომიკური მდგომარეობიდან გამომდინარე, ასობით ახალგაზრდა ოჯახს უწევს კრედიტის გადახდა დიდი ხნის განმავლობაში, ამას ემატება გაზრდილი ფასები ყველა მიმართულებით.

ჩემი შეთავაზებაა, სახელმწიფომ დაასუბსიდიროს ახალგაზრდა ოჯახების პირველი შენაძენი  – ბინა/სახლი. ეს არის აპრობირებული მეთოდი ბევრ ქვეყანაში. ეს ყოველივე ხელს შეუწყობს ახალგაზრდა ოჯახების გაძლიერებას და არ გვექნება ის შედეგი, რაც დღეს განქორწინებების მიმართულებით გვაქვს, დიდი ნაწილი სწორედ ფინანსურ მდგომარეობას უკავშირდება”, – აცხადებს ანა დოლიძე.


„ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძეს 10 ივნისს თსუ-ში რუსული რუბლის კუპიურები დაუყარეს. კობახიძემ განაცხადა, რომ ეს არ ყოფილა სტუდენტების პროტესტი, მისი თქმით, ეს იყო ტელეკომპანია „ფორმულას“ პროვოკაცია და იქ იყვნენ ახალგაზრდები, „რომლებსაც ყველანაირი ორიენტაცია აქვთ არეული“.

„მათი ორიენტაცია ყველანაირად არის არეული. მე მგონია რომ ეს ადამიანები უნდა მოექცნენ სწორ რელსებზე, საჭიროა, რომ ბიჭებმა ცოლები მოიყვანონ, გოგოები დაქორწინდნენ, გამრავლდნენ და ა.შ.”, – განაცხადა კობახიძემ.