აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის განცხადებით, უკრაინის პრეზიდენტს, ვოლოდიმირ ზელენსკის სურს, პარასკევს ვაშინგტონში ჩავიდეს და ხელი მოაწეროს „ძალიან დიდ გარიგებას”.
„გავიგე, რომ პარასკევს მოდის. რა თქმა უნდა, ჩემთვის მისაღებია, თუ მას სურს ხელი მოაწეროს ჩემთან ერთად. მესმის, რომ ეს დიდი გარიგებაა, ძალიან დიდი საქმეა“, – განაცხადა ტრამპმა ჟურნალისტებთან საუბრისას.
აშშ-ის პრეზიდენტმა ეს მას შემდეგ განაცხადა, რაც გავრცელდა ინფორმაცია, რომ ქვეყნებმა ბუნებრივ რესურსებზე შეთანხმებას მიაღწიეს.
შეკითხვაზე, თუ რას მიიღებს უკრაინა წიაღისეულის შეთანხმების სანაცვლოდ, ტრამპმა თქვა: „350 მილიარდ დოლარს, ბევრ აღჭურვილობას, სამხედრო შეიარაღებასა და ბრძოლის გაგრძელების უფლებას. უნდა ვთქვა – უკრაინა… ძალიან მამაცები არიან, კარგი ჯარისკაცები არიან. მაგრამ შეერთებული შტატების და მისი ფულისა და სამხედრო აღჭურვილობის გარეშე, ეს ომი ძალიან სწრაფად დასრულდებოდა“.
აშშ-ის პრეზიდენტს ასევე ჰკითხეს, რამდენ ხანს შეიძლება გაგრძელდეს უკრაინაში სამხედრო ტექნიკის მიწოდება, რაზეც მან განაცხადა: „შესაძლოა, სანამ რუსეთთან შეთანხმება არ გვექნება. ჩვენ გვჭირდება შეთანხმება. წინააღმდეგ შემთხვევაში, ეს გაგრძელდება“.
გუშინ Financial Times-მა გაავრცელა ინფორმაცია, რომ უკრაინამ ტრამპის ადმინისტრაციასთან ბუნებრივ რესურსებზე შეთანხმებას მიაღწიეს.
გამოცემის თანახმად, უკრაინელი მაღალი თანამდებობის პირების ცნობით, კიევი დათანხმდა შეთანხმებაზე ხელმოწერას მინერალური რესურსების, მათ შორის ნავთობისა და გაზის ერთობლივი მოპოვების შესახებ მას შემდეგ, რაც ვაშინგტონმა უარი თქვა თავის მოთხოვნაზე, შეთანხმებიდან $500 მილიარდის პოტენციური შემოსავალი მიეღო.
შეთანხმების საბოლოო ვარიანტი, რომელიც 24 თებერვლით თარიღდება და FT-მა ნახა, ითვალისწინებს ფონდის შექმნას, რომელსაც უკრაინა წიაღისეულის, ნავთობისა და გაზის მოპოვებიდან მომავალი შემოსავლების 50%-ს გამოყოფს. ფონდი გამოყენებული იქნება უკრაინაში სხვადასხვა პროექტში ინვესტირებისთვის.
The Financial Times-ის ცნობით, ფონდის საქმიანობა არ ვრცელდება უკრაინის სახელმწიფო ბიუჯეტში უკვე შეტანილ რესურსებზე, რაც იმას ნიშნავს, რომ ეს გავლენას არ მოახდენს ქვეყნის ნავთობისა და გაზის უმსხვილესი მწარმოებლების Naftogaz-ისა და Ukrnafta-ს ოპერაციებზე.
თუმცა, გამოცემის თანახმად, შეთანხმებაში ლაპარაკი არ არის აშშ-ის უსაფრთხოების გარანტიებზე, რის ჩაწერასაც კიევი ითხოვდა. დამატებით, ისეთი საკითხები, რაც არის აშშ-ის წილი ფონდში და შეთანხმების „ეთობლივი საკითხების” ნაწილი გადაუწყვეტელი რჩება და შემდგომი მოლაპარაკებების საგანი იქნება.
უკრაინის ოფიციალურმა პირებმა FT-ს უთხრეს, რომ შეთანხმებას მხარი დაუჭირეს უკრაინის იუსტიციის, ეკონომიკის და საგარეო საქმეთა მინისტრებმა. ის ასევე უნდა დაამტკიცოს უკრაინის უმაღლესმა რადამ.
გამოცემის წყაროების თქმით, ვოლოდიმირ ზელენსკი, უახლოეს კვირებში, სავარაუდოდ, აშშ-ში ჩავა და შეთანხმებას დონალდ ტრამპთან ერთად ხელს თეთრ სახლში მოაწერს.
FT-ის წყაროებისვე ცნობით, მიღწეული შეთანხმება არის მხოლოდ „ჩარჩო შეთანხმება“ და რომ არავითარი შემოსავლები არ გადაირიცხება, სანამ თავად ფონდი არ ჩამოყალიბდება.