დონბასში საეჭვო სამხედრო მოქმედებები რუსეთის მცდელობაა, რომ შექმნას საბაბი - ლიზ ტრასი

პუბლიკა

„დონბასში საეჭვო სამხედრო მოქმედებების შესახებ ცნობები არის რუსეთის მთავრობის აშკარა მცდელობა, რომ შექმნას საბაბი შეჭრისთვის“, – ამის შესახებ დიდი ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ლიზ ტრასმა twitter-ზე დაწერა.

ტრასის განცხადებით, ამგვარი ქმედებები პირდაპირ „კრემლის სათამაშო წიგნიდან“ მოდის.

ლიზ ტრასის განცხადებით, დიდი ბრიტანეთი ასევე შეშფოთებას გამოხატავს რუსეთის მიერ უკრაინის საზღვართან დამატებით 7 000 ჯარისკაცის განლაგებით და ისინი მოუწოდებენ რუსეთს, რომ გაიყვანოს ჯარი.

„ჯერი კიდევ არის დრო დიპლომატიისა და დეესკალაციისთვის“, – წერს ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრი.

უკრაინული მედიის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, დღეს პრორუსმა სეპარატისტებმა დაბომბეს დასახლება სტანიცა ლუჰანსკა. ერთ-ერთი ჭურვი კი საბავშვო ბაღს მოხვდა და შენობა დააზიანა. უკრაინული მხარის ინფორმაციით, დაბომბვისას ორი ადამიანი დაშავდა, დაბომბვის ქვეშ მოყოლილი მოქალაქეები სამხედროებმა უსაფრთხო ადგილას გადაიყვანეს.

უკრაინის შეიარაღებული ძალების დონბასში მოქმედი მისია აცხადებს, რომ ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმება არაერთხელ დაარღვიეს სეპარატისტებმა.

მანამდე, დილით დონეცკისა და ლუჰანსკის თვითაღიარებული ხელისუფლების წარმომადგენლებმა რუსულ მედიასთან განაცხადეს, რომ უკრაინელი სამხედროები კონფლიქტის მთელ ხაზზე გააქტიურდნენ. მათი მტკიცებით, უკრაინელებმა გორელოვკა ნაღმტყორცნებიდან დაბომბეს.