DRI: ხელისუფლების მხრიდან შეკრებისა და გამოხატვის უფლება უგულებელყოფილია

პუბლიკა

„დემოკრატიის კვლევის ინსტიტუტი” რუსული კანონის წინააღმდეგ გამართულ აქციაზე მონაწილეების ძალისმიერი მეთოდებით დარბევას ეხმაურება და აცხადებს, რომ უგულებელყოფილი იყო შეკრებისა და გამოხატვის კონსტიტუციური უფლება.

DRI-ში აღნიშნავენ, რომ:

  • საქართველოს კანონმდებლობის მიხედვით, პროტესტის დროს სპეციალური საშუალებების გამოყენება უნდა აკმაყოფილებდეს ლეგიტიმურობისა და პროპორციულობის ტესტს;
  • სამართალდამცავების მხრიდან იძულების ღონისძიებების, მათ შორის, აქტიური სპეციალური საშუალებების გამოყენება დასაშვებია კანონიერი მიზნის მისაღწევად, უკიდურესი აუცილებლობის დროს, მხოლოდ მაშინ, როდესაც აქცია იღებს ძალადობრივ ხასიათს.

„საგანგაშოა ის ფაქტიც, რომ სამართალდამცავები ფიზიკურად გაუსწორდნენ აქციის რამდენიმე მონაწილეს, მათ შორის, ჟურნალისტებსა და პოლიტიკოსებს. სამართალდამცავის უმთავრესი ვალდებულება მოქალაქეთა უსაფრთხოებისა და წესრიგის დაცვაა. სამწუხაროდ, დღეს, პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიაზე გამართული საპროტესტო აქციის დროს, სამართალდამცავები თავად უქმნიდნენ საფრთხეს ადამიანთა ჯანმრთელობას”, – ნათქვამია განცხადებაში.

ორგანიზაციაში მიუთითებენ, რომ სამართალდამცავების მხრიდან სპეციალური საშუალებების უკანონოდ გამოყენებასა და აქციის მონაწილეთა ფიზიკურ შეურაცხყოფას თან ერთოდა ადმინისტრაციული წესით დაკავების ფაქტებიც – ამ დროისთვის, 10-ზე მეტი ადამიანი საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის საფუძველზეა დაკავებული.

„დემოკრატიის კვლევის ინსტიტუტი” მოუწოდებს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს:

  • უზრუნველყოს აქციის მშვიდობიანად ჩატარება; დემონსტრანტების მხრიდან ძალადობრივი შემთხვევების დადასტურებისას, ლოკალურად, ინდივიდუალური ღონისძიებების განხორციელებით აღმოფხვრას შესაბამისი ფაქტი, მოქალაქეებისთვის კონსტიტუციით გარანტირებული უფლებებით სარგებლობისთვის ხელშეშლის გარეშე.

ასევე, სპეციალურ საგამოძიებო სამსახურს:

  • სწრაფად და ობიექტურად გამოიძიოს სამართალდამცავების მხრიდან ძალის შესაძლო გადამეტების ფაქტები და შეამოწმოს სპეციალური საშუალებების გამოყენების შესახებ ბრძანების კანონიერება.

გუშინ რუსული კანონის საწინააღმდეგო აქციაზე სპეცრაზმელები მოქალაქეებს და ჟურნალისტებს ფიზიკურად გაუსწორდნენ.